ოფიციალურად გამოცხადებული რიგითი შეხვედრიდან, რომელიც რეალურად არაოფიციალური იყო, მოულოდნელად ჩაინიშნა და ზოგიერთი ნაციონალი გზაში მოხსნეს – სასწრაფოდ პრეზიდენტთან – ავლაბარშიო! მოკლედ, გამოძახებული უმრავლესობის უმრავლესობა სრული შემადგენლობით გამოცხადდა პრეზიდენტთან.
ოფიციალურად ითქვა, რომ ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა თავისიანებთან ბიუჯეტის საკითხი განიხილა, პრიორიტეტებზე, ჰესების მშენებლობაზე ისაუბრა და მომავლის გეგმები დასახა. ნაციონალურ ისტორიას ახსოვს მშენებარე სახლის სახურავზე ჩატარებული მთავრობის სხდომა, ტბის პირას გედების ფონზე შეკრებილი ელიტ-ნაციონალები, მაგრამ 7 ნოემბრის დახურული „ნაციონალური საათი“ პირველი პრეცედენტია.
ძნელი დასაჯერებელია, რომ სააკაშვილმა, იმ დროს როცა ყველა და ყველაფერი ივანიშვილის ორბიტის გარშემო ტრიალებს გაზრდილი ბიუჯეტის პრირიტეტულ დეტალებზე კარს მიღმა, საკუთარი ტელევიზიების გარეშე ისაუბრა. სწორედ ეს გახდა საფუძვლიანი ეჭვისა და ათასი მითქმა-მოთქმის საბაბი. რატომ დაუმალა მედიას ეს შეხვედრა პრეზიდენტმა, რომელიც სამზარეულოშიც კი არ შედის ტელეკამერების გარეშე? აქ ისმის მეორე კითხვაც, სააკაშვილს რამე საიდუმლო თუ უნდოდა უმრავლესობის წევრებისთვის ეთქვა ცალ-ცალკე დაიბარებდა და სათქმელს იტყოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჯერ ერთი ამდენთან ცალ-ცალკე საუბარს დრო ჭირდება, რის დეფიციტსაც მუდმივად გადამფრენის მდგომარეობაში მყოფი მიშა ძალიანაც რომ შეეზღუდა გრაფიკი მაინც ვერ შეძლებდა და მეორეც სააკაშვილს უმრავლესობა ერთად უნდა ენახა და მათი რეაქციები საერთო ფონზე უნდა შეეფასებინა.
მთავარი დეტალი, რომელიც ოფიციალურად გაჟღერდა: პარლამენტი ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს გადავა. ზოგისთვის ეს სიმბოლური თარიღის თემაა, კონსტიტუციურად კი სულ სხვაგვარად ჟღერს. კონსტიტუციით პარლამენტის გადატანა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ უნდა განხორციელდეს, ვადაზე ადრე არა! ანუ, იურისტები აცხადებენ რომ პრეზიდენტის ეს განცხადება პარლამენტის ვადაზე ადრე გადატანასთან დაკავშირებით ერთადერთ მიზანს ემსახურება - მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საპარლამენტო ვადამდელ არჩევნებს.
სწორედ ეს საკითხია ის საიდუმლო ნაწილი, რომელიც სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში განიხილა. აქ იყო საუბარი საარჩევნო სიებზე, მობილიზაციაზე და ვადამდელ არჩევნებზე. საკაშვილის მთავარი მესიჯი ასეთი იყო – ივანიშვილი ვიდრე რეგიონებში გავა, მანამ უნდა გავიდეთ ჩვენ. ივანიშვილს დიდი ფული აქვს და ჩვენ ძალა უნდა დავუპირისპიროთ, რეგიონები იკარგება, სამეგრელო ჩვენია, მაგრამ იმერეთი – არა. ივანიშვილი ახლა პატრიარქს შეხვდება და ყველა, ვისაც ჯერ კიდევ ჩვენი სჯერა მის ნავში გადავა!
რაც შეეხება ძალას, ძალა ნამდვილად არსებობს და კულუარულად იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილმა ეს შეხვედრა მოულოდნელად იმიტომ ჩანიშნა ვანო მერაბიშვილი საქართველოში რომ არ იმყოფება, ვანოს თვალს მიღმა. ავლაბრის რეზიდენციაში მერაბიშვილის ჯგუფიდან არავინ ყოფილა. როგორც ამბობენ „სხდომას“ სოსო თოფურიძე (თოფურიძე სააკაშვილის გუნდში ჯერ კიდევ რევოლუციამდე დაახლოებით 4-5 წლით ადრე ირიცხებოდა, მაშინ, როცა იგი საგზაო პოლიციის უფროსმა ცემა და ბატონი სოსო სააკაშვილმა კბილებით დაიცვა) და კიდევ, რამდენიმე მისიანი ადევნებდა თვალს. ვის რაში ჭირდებოდა იქ, ან თოფურიძე ან მისიანები, კაცმა არ იცის, ან რა უნდა მომხდარიყო რეზიდენციაში ისეთი დაცვას ვერ გაენეიტრალებინა? წყაროს ინფორმაციით, უმრავლესობის გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება ვადმდელ არჩევნებს, ერთი „უბრალო“ მიზეზით: ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნების შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებიან, ამიტომ პენისიაზე ყოფნას დეპუტატის სავარძელში ჯდომა ურჩევნიათ, თუნდაც უკანასკნელი ერთი წლით.
როგორც ჩანს, სააკაშვილი წინააღმდეგობას ელოდებოდა უმრავლესობის ამ ნაწილისაგან, მაშინ თოფურიძის „მძიმე არტილერიის“ ავლაბარში ყოფნას ახსნა მოეძებნება, თუნდაც ის ფაქტი, რომ ავლაბრის რეზიდენციის „საიდუმლო სერობას“ ინციდენტის გარეშე დასრულდა. ერთ-ერთი კონფიდენციალური წყარო ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მომავალი შეხვედრა უკვე ბოკერიასთან შედგება, სადაც გადაწყდება სიების საკითხი და არჩევნების თემაც ამ დროს შეთანხმდება საბოლოოდ. რა უნდა გადაწყვიტოს ისეთი ბოკერიამ რაც ვერ გადაწყვიტა სააკაშვილმა ამას მომავალი გვიჩვენებს.