ფასები მხოლოდ გლეხების ჯიბრზე ეცემა

ფასები მხოლოდ გლეხების ჯიბრზე ეცემა


საქართველოში მოსავალი საერთოდ არ მოდის ან სამაგალითოდ ბევრი მოდის. უშუალოდ მოსავლის მომწევი ორივე შემთხვევაში თავში ხელს იცემს. თუკი პირველ რიგზე საწუხარი სარეალიზაციო პროდუქციის უქონლობაა, მეორე შემთხვევაში სადავიდარაბო უკიდურესად დაბალი ფასია. გამოდის, რომ გლეხებს საბაზრო სარგებელს მიზანმიმართულად უმცირებენ.

რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, კახელების მსგავსად ვერც შიდა ქართლელებმა ამოისუნთქეს. მართალია, წლეულს შიდა ქართლში ვაშლის უხვი მოსავალი მოვიდა, მაგრამ ეს ფაქტი პრობლემებთან უფრო ასოცირდება. მოსახლეობა ჩივის, რომ ვაშლი ულპებათ, გორისა და ხაშურის ბაზრებში 1 ყუთი ვაშლის საბითუმო ფასი, საშუალოდ, 3 ლარია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროდუქციის გასაღების ორგანიზებას საქართველოშიც კი ვერ ახერხებს. შიდა ქართლში ერთი-ორი ხილის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც ცდილობს გლეხების ვაშლი ჩალის ფასად დასტყუონ, მაგალითად, 1 ყუთი 1 ლარად. ზოგიერთი ხილის საწარმო პირდაპირ აცხადებს, რომ 1 კილოგრამ ვაშლს 15 თეთრზე მეტად ვერ ჩაიბარებს. 
გლეხები ჩივიან, რომ ბაღების მოვლა ყოველ წელს ძვირდება, ვაშლის ფასი და გასაღების პრობლემა კი იგივე რჩება. ბაზრების მოძიებაზე სამინისტროს, ალბათ, აქამდეც უნდა ეზრუნა. სპეციალისტების განცხადებით, რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, ახალი სარეალიზაციო გზების ძიება არც ისე ადვილია. მართალია, ქართული ვაშლი, სხვა ქვეყნის ხილთან შედარებით, ეკოლოგიურად სუფთა და ვიტამინებით მდიდარია, თუმცა საზღვარგარეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. რეკლამირება კი საკმაოდ ძვირი ჯდება, რასაც ქართველი ექსპორტიორები ვერ ახერხებენ.

მართალია გასაღების პრობლემა არ აქვს ქართულ თხილს და საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნაც არის, მაგრამ როდესაც პროდუქციის ფასზე მიდგა საქმე, აქ პრობლემებმა იჩინა თავი. მსოფლიოში ამ ეტაპზე თხილის დეფიციტია. ნომერ პირველი ექსპორტიორი - თურქეთი (რომელიც მთელი თხილის ბაზრის 75%-ს აკონტროლებს) მისთვის შესაფერისი მოსავლის გარეშე დარჩა. 

საქართველოში კი უხვი მოსავალი მოვიდა და ექსპორტიორებისგან მოთხოვნაც გაიზარდა. წესით და რიგით, ასეთ პირობებში ფასებიც უნდა გაზრდილიყო და ერთი ხანი იზრდებოდა კიდეც. თუმცა ასეთი იდილია ადგილობრივ ბაზარზე სულ თვენახევარი გაგრძელდა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო სპეკულაცია და ქართულ ბაზარზე ყოველგვარი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ თხილი ერთბაშად გაიაფდა. ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში 1 კგ თხილი 3,20ლარი ღირს. ცოტა ადრე მისი ფასი 4 ლარამდე იყო.
პროდუქტის რეალიზატორები ფასის დაწევას სპეკულაციას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, ბაზარზე მონოპოლიაა და თვითნებურად ხდება თხილის ღირებულების განსაზღვრა. უახლოეს მომავალში თხილის ექსპორტიორებს სამომავლო ფასის განსაზღვრა უჭირთ.

თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი ბეგი სიორიძე განმატავს, რომ საქართველოში თხილის საერთო მოსავალი 40 ათას ტონამდეა. მისი თქმით, საზღვარგარეთ ქართულ თხილზე მაღალი მოთხოვნაა, ყველაზე მეტად ის ევროპის ქვეყნებში იყიდება, განსაკუთრებით გერმანიასა და ჩეხეთში. თუმცა, მიზეზი, რის გამოც თხილის ფასმა იკლო, სიორიძე არ აკონკრეტებს. ამის შესახებ უფრო თამამად საუბრობენ თხილის გადამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ბაზარზე სპეკულაციაა.

“თხილზე მოთხოვნა ახლაც ისეთივე დიდია როგორც რამდენიმე კვირის წინ იყო. არც საერთასორისო ფასია შემცირებული. რეალური მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა თხილის გაიაფებულიყო, ჩემთვის უცნობია. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ადგილობრივ ბაზარზე სპეკულაციური გარიგებები ხდება და თხილის მონოპოლიის გამო ისევ და ისევ მოსახლეობა ზარალდება, რომელთა საარსებო წყაროც თხილის მოსავალია.

დასავლეთ საქართველოში ათასობით ოჯახია, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და თხილის 5 თეთრით გაიაფებაც კი მათ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ უკანასკნელ პერიოდში ხალხი თხილის ჩაბარებას ერიდება. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოსახლეობა თხილს ქარხნებში არ აბარებს და გაძვირებას უცდის”, - ამბობენ თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები.