მოქალქეობის წართმევა, მაგიური ქვები... დაყაჩაღებული ინკასაციის მანქანა... „ქართუ ბანკზე“ შეტევა... „გლობალში“ შევარდნა... ბინძური პიარი, რომელიც არანაირად არ ჯდება შავი პიარის სტანდარტში და ჟურნალისტთა დიდი ნაწილის სამარცხვინო ლუსტრაცია... პოლიტიკური აჟიოტაჟი, რომელმაც მილიარდელი ქველმოქმედი ბიზნესმენი ოლიგარქად „აქცია“ და მისი ვაჟის წინააღმდეგ აგორებული, შეიძლება ითქვას, დამამცირებელი ბინძური კამპანია. აი, რამდენიმე კვირიანი „ბრძოლის“ ნარჩენები და საეჭვო გარემოება – რატომ გადაიქცა „რუსეთის აგენტი“ ბიძინა ივანიშვილი „შამანად“? ვინ აუკრძალა ხელისუფლებას „რუსეთის აგენტის“ თემაზე საუბარი? რა გეგმები განიხილება ნაციონალურ „სამეფო კარზე“? რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს ხანში? და „მთავარი, ყველაზე სტრატეგიული“ პასუხგაუცემელი კითხვა – პინგვინი ხტუნავს თუ ბეღურამ არ იცის ფრენა?..
მას შემდეგ, რაც კერძო პირს სახლში საქართველოში აკრედიტირებული ყველა ელჩი ეწვია „რუსეთის აგენტობის“ თემა „შამანობაში“ გადაიზარდა და გაგრძელება ბეღურების „მკვლელობაში“ ჰპოვა. ექსპერტების აზრით, ხელისუფლებას სიტყვა აგენტი ელჩებმა ამოაღებინეს ლექსიკონიდან. პარალელურად, ამერიკის ელჩი ბასი აცხადებს, რომ იგი საქართველოში ბევრი ადამიანის სახლშია ნამყოფი, თუმცა ვერავინ იხსენებს სააკაშვილის სახლში (და არა რეზიდენციაში) მის ვიზიტს. რა არის ეს? მსოფლიო დემოკრატიის ფლაგმანის წარმომადგენელი საქართველოში, თავს იმართლებს თუ უბრალოდ ივანიშვილისათვის ღია მხარდაჭერას დიპლომატიურად ანეიტრალებს და თან „ივანიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკვირდება“? და კიდევ, პრესკონფერენციის შემდეგ ნაციონალიზმს დაქვემდებარებული ჟურნალისტების ქმედებებს აკრიტიკებს, დიპლომატიურად უვიცებს უწოდებს.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შამანები არც ვართ და არც „მაგიური ქვები“ გვაქვს ამერიკის ელჩის მოსაზრებების ქვეტექსტები ამოვიკითხოთ, დიპლომატებს რას გავუგებთ, მაგრამ ივანიშვილთან ვიზიტის შემდეგ ნაციონალური რყევები რომ დაიწყო ფაქტია. ჯერ ცუნამი შორია, თუმცა გარდაუვალი და „ჩვენს დიდი პოლიტიკოსს“ თუ ისევ დაეჯერება „ივანიშვილს სახელმწიფო მოქალაქეობას თუ არ აღუდგენს, სამოქალაქო ომი დაიწყება“, ასე ფიქრობს შევარდნაძე.
რას ფიქრობს სააკაშვილი? ბაღ-ვენახების, შადრევნებისა და გზების თემა „ბატალიებმა“ მეორე პლანზე გადაიტანა. ახლა გილაურის ჯერია. სახელმწიფო მინისტრს სამწლიანი „პერერივის“ შემდეგ, რატომღაც ახლა გაახსენდა, რომ მთავრობას გეგმა არასდროს ქონია და 31 ოქტომბრისთვის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია ჩანიშნა. 31 ოქტომბრამდე კი „ქორთაიდ მარიოტში“ აშშ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ყოველწლიურ მეთოთხმეტე სხდომას დაესწრო და „მილიონ სამუშაო ადგილზე“, „წარმატებულ ბიზნესზე“ ისაუბრა. მიუხედავად ამისა, გილაურის თემა ჩავარდა. ხალხი მართლა ბრბო არაა და არც დაბრმავებამდე თვალში ნაცრის შეყრაზე ოცნებობს.
პირდაპირმა ეთერმა და ჟურნალისტების ისტერიულმა ტონმა ხელისუფლება საბოლოოდ დაარწმუნა, რომ პინგვინები ხტუნვას ვერ დაიწყებენ, ხოლო ბეღურა პინგვინს თავს ასე მარტივად არ შეაჭმევინებს. კომპრომატების ომი არ შეგდა, რა გზა დარჩა მმართველ პარტიას თავის გადასარჩენად? ექსპერტები უკვე მომავალ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ. რატომ ვადამდელი არჩევნები და რა შემთხვევაში შეიძლება ვადამდელი არჩევნების დაშნიშვნა?
სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოცვლამ და კალმახელიძის კახეთის გუბერნატორით ჩანაცვლების თემამ ექსპერტები დაარწმუნა, რომ სააკაშვილი მზადაა ვა-ბანკზე წავიდეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახლა მისწრება არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სტალინურ რკინისებურ ლოგიკას – „არჩევნებს ჯერ კიდევ ის იგებს ვინც ხმებს ითვლის“, მაშინ სააკაშვილის ნაბიჯი მოსალოდნელი და დასაშვებია. თუ კალმახელიძეს, ან სხვა რომელიმე მინისტრს შეცვლიან, ეს უკვე გამოცხადებული არჩევნებია. ქვეყნის უმაღლესი კანონი, კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლი აკანონებს:
„1. პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არა ნაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას. 2. პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მეოთხმოცე მუხლით დადგენილი წესით“. რა წერია კონსტიტუციის მეოთხმოცე მუხლში: „3. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამებისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამ დღის ვადაში. პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდნტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში, დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად. 4. თუ მთავრობის შემადგენლობამ და მისმა სამთავრობო პროგრამამ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი ერთ კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას. პარლამენტი ახორციელებს ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას. 5. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა“.
სააკაშვილს ეს ვარიანტი ყველაზე მეტად აძლევს ახლა ხელს, იმპიჩმენტი არ შედგება, დრო გავა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი შორია, კაცმა არ იცის ერთ წელიწადში რა მოხდება.
ვადამდელი არჩევნების დასანიშნად არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, პარლამენტმა ბიუჯეტი უნდა ჩააგდოს. სააკაშვილს ბიუჯეტის ჩაგდებას ისევ მინისტრთა ცვლილებები ურჩევნია, თუკი, რა თქმა უნდა, არჩევნების ვადამდე ჩატარება დადგება დღის წესრიგში. საერთო ჯამში, ხელისუფლება ცდილობს გამოსავალი იპოვოს შექმნილი მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად. სისწრაფე სისწრაფედ, მაგრამ ამ „მონოლითურ“ წრეში შიდარყევები უკვე დაწყებულია.
სააკაშვილი თავისუფლების ინსტიტუტის იმედად რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის კარზე სეფე სიტყვა გიგა ბოკერიას და მის გუნდს ეთქმის. ეს არის ჯგუფი, რომელსაც ბოკერია-უგულავას ჯგუფის სახელით მოიხსენიებენ და რომელსაც პარლამენტში თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი სახე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი უდგას. მინაშვილის გარემოცვას პარლამენტში წარმოადგენენ მისი მოადგილე გიორგი კანდელაკი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახა ანჯაფარიძე, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, დეპუტატთა ერთი ჯგუფი და ყველაზე მთავარი უგულავა-ბოკერიასთანაა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე-პალიკო კუბლაშვილი. ანუ მთელი კანონშემოქმედებითი ჯგუფი. თავისთავად ბოკერია-უგულავასთანაა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. ყველანი ერთად კი სააკაშვილის რუხ კარდინალთან ზურაბ ადეიშვილთან მოიაზრებიან. ამ ჯგუფს მიეკუთვნება კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რამდენიმე არასამთავრობო, მათ შორის კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ და ჟურნალი „ტაბულას“ გუნდი. კოალიციას და ჟურნალს ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი აერთიანებს, აქ არიან ექსპერტები ჩოლოყაშვილი, თავხელიძე, ჯაფარიძე, ჯანდიერი და ყველაზე მთავარი – ლევან რამიშვილი. ამ ჯგუფში არის გიგი თევზაძე, ნოდია და კიდევ ბევრი სხვა.
ადეიშვილის სადამსჯელო ფლანგს კურირებს ერეკლე კოდუა, რომელსაც ვანო მერაბიშვილის კარი სამუდამოდ ამოუქოლეს მას შემდეგ, რაც კოდუა ახალაიებს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის სიტუაცია ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა, კოდუა შს მინისტრმა ახლოს აღარ გაიკარა. ამ ჯგუფის ბიზნესინტერესი მოიცავს სამშენებლო ბიზნესს, სამართლებრივ სფეროს, ღვინის ქარხნებს. ეს ჯგუფი განაგებს საკადრო პოლიტიკას.
ნაციონალურ მეორე ნახევარსფეროს ავსებს ვანო მერაბიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილს წილად ხვდა ქიბარ ხალვაშის ქონების ერთი ნაწილი, მის დაქვემდებარებაშია ბათუმში თითქმის ყველა რესტორანი, ბუნგალო და სასტუმრო, კვარიათი, ოპოზიციის ერთი ნაწილი საუბრობს ნარკოტრანზიტის ლობირებაზე, მერაბიშვილის კლანს წილად ხვდა კანონიერი ქურდებისათვის ჩამორთმეული ქონება, მერაბიშვილის გავლენის ქვეშაა თბილისში რამდენიმე ბაზრობა, რესტორნების ქსელი, რამდენიმე „ავტოჰაუსი“. მერაბიშვილის დასაყრდენ ძალას პარლამენტში მაჟორიტარები წარმოადგენენ, იგი მთლიანად აკონტროლებს ბორჯომს, ახალციხეს, ხე-ტყის ბიზნესს, სამშენებლო მასალების წარმოებას. და უმთავრესი მერაბიშვილი ერთ-ერთი იმათგანია რომელიც დირექტივებს პირდაპირ სააკაშვილისგან იღებს და სააკაშვილსავე უთანხმებს ყველა საკითხს. მსგავსი უფლებებით მინისტრებს შორის ნაციონალური გარემოცვიდან შაშკინი სარგებლობს.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილი რუსული მობილურ კავშირის ოპერატორს „ბილაინსაც“ აკონტროლებს, სადაც ცოტა ხნის წინ მუშაობა დაიწყო თაკო სალაყაია-მერაბიშვილმა. როგორც ამბობენ, სალაყაია სრულიად აკონტროლებს ფინანსურ მხარეს. ეს იყო ადეიშვილის ჯგუფისთვის სერიოზული დარტყმა, იმდენად, რამდენადაც თავიდანვე „ბილაინი“ გიგი უგულავას ხელდასმით იქნა საქართველოში შემოყვანილი, გიგი კი მაშინაც და ახლაც ადეიშვილის გუნდშია. დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის იმდენად აშკარა და თვალშისაცემია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები კომენტარებს როგორც ჩვევიათ კატეგორიული ტონით ვერ აკეთებენ. მათი კომენტარები ყოველთვის ერთი ფრაზით – რა სისულელეა, შემოიფარგლება.
ახლა საკითხი ასე დგას, ვის დაეყრდნობა სააკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ. პირველი აშკარა და დაუფარავი ნაბიჯი გადაიდგა – ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ივანიშვილი პოლიტიკაში თავის სიტყვას ვერ იტყვის. მას განუზომლად დიდი ფული აქვს და არც კოდუას, ახალაიას ან რომელიმე მის მსგავსს რეზიდენციაში რომ არ მიიღებს ცხადია. ივანიშვილი პარტიას დააფინანსებს და ხალხი, რომელიც მოქმედებს კარგად დავიწყებული ძველი პრინციპით – ოღონდ ეს არა და სხვა ვინც გინდა იყოს, ივანიშვილის გუნდს მხარს დაუჭერს.
სხვა საკითხია შეძლებს თუ არა ივანიშვილი ისეთი გუნდის შეკრებას რომელიც ხალხის მოლოდინს გაამართლებს. ხვალ რომ სააკაშვილმა არჩევნები ჩანიშნოს, ამისთვის სრული მზადყოფნაა საჭირო. სააკაშვილმა კარგად დაინახა „ქართუ ბანკის“ წინ მდგარი ზღვა ხალხი, რომელთა უკანაც ასევე გარკვეული და არც თუ ისე ცოტა რაოდენობის ადამიანები მოიაზრებიან. მას ახლა სრული ტერორი ჭირდება, რომლისთვისაც ემზადება კიდეც და ამ თემაზე presage.tv მასალას ამზადებს. დატერორებულ და დაშინებულ ფონზე სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში არ გაუჭირდება კიდევ ერთი მინისტრის შეცვლა და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.