რუსეთი ვმო-ში

რუსეთი ვმო-ში

ქართულმა მხარემ შვეიცარიის კომპრომისულ ვერსიაზე რუსეთის პოზიციის შესახებ პრესიდან შეიტყო. „როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განაცხადა რუსულმა მხარემ შვეიცარიის შეთავაზება მიიღო, რომელსაც წინა კვირას ქართული მხარე დაეთანხმა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს მონიტორინგი, პირველ რიგში, საერთაშორისო მონიტორების სავაჭრო კორიდორების დასაწყისსა და ბოლოში განლაგებას და მეორე რიგში ელექტრონული ინფრომაციის გაცვლის საშუალებას გულისხმობს.“ 

გავრცელებულ ინფორმაციას რუსული მხარის განცხადებები მოჰყვა:

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მედვედკოვი: „შეთანხმებული პროექტი ეფუძნება ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონცეფციას და არ სცდება რუსეთის პრინციპული პოზიციის საზღვრებს. ის შეესაბამება რეგიონში არსებულ ახალ რეალიებს და არ მოდის წინააღმდეგობაში ვაჭრომის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებთან.“

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცაშია რუსეთის გაწევრიანების სურვილი 18 წლის ისტორიას ითვლის, თუმცა ამდენივეს ითვლის მოსაზრება, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების რეალურ სურვილს.

თუ 2009 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრი 18 წლიანი მოლაპარაკებების წარუმატებლობის მთავარ მიზეზად დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკური ნების არ არსებობას ასახელებდა, 2011 წლის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჯოზეფ ბაიდენის 9 მარტის ვიზიტი მოსკოვში შეგვიძლია ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მივიჩნიოთ. რუსეთის გაწევრიანება ორგანიზაციაში, სადაც წევრი სახელმწიფოები მსოფლიოს კომერციული ოპერაციების 95 % აწარმოებენ უკვე დასავლეთისთვისაც მიმზიდველი იყო.

რუსეთისთვის, მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი მტრული ძალის მხარდაჭერას ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ ახალი რეალობის პირობებში სრულიად ბუნებრივი იყო კითხვები რომელიც ქართულ საზოგადოებაში მალევე გაჩნდა:

გაუძლებდა თუ არა ქართული დიპლომატია ზეწოლას თავისი დასავლელი მოკავშირეების და პირველ რიგში სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მხრიდან, დაეთანხმებინათ საქართველოს ხელისუფლება ხელი არ შეეშალა რუსეთის ვმო-ში გაწვრიანებისთვის.

რა იქნებოდა ის საფასური, რომელსაც ქართული მხარე თანხმობის სანაცვლოდ მიიღებდა პროცესის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში?

შტატების გადაწყვეტილებას მხარი დაეჭირა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებისთის წინ უსწრებდა რუსეთ-ამერიკის „გადატვირთვის“ პოლიტიკის გამოცხადება, რუსეთის თანხმობა ირანის წინააღმდეგ მიღებულ მორიგ, საკმაოდ მძიმნე სანქციებზე, ავღანეთის მიმართულებაზე მიღწეული შეთანხმებები და ბოლოს, რუსეთის მდუმარე თანხმობა ნატოს სამხედრო ოპერაციაზე ლიბიაში. და რამდენადაც შტატები და მისი მოკავშირეები ევროპაში ჯიუტად აგრძელებენ ანტისარაკეტო ფარის განთავსების პროცესს იმდენად ჩნდებოდა შემხვედრი ნაბიჯების გადაგმის აუცილებლობა რუსეთის სასარგებლოდ მათი მხრიდან. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა, როგორც ერთგვარმა ვალდებულებამ სავარაუდოდ ადგილი სწორედ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სურვილის მხარდაჭერაში იპოვა.

თუ დასავლური და რუსული მედიის თუნდაც ზედაპირულ ანალიზს დავეყრდნობით ქართული მხარის მოლოდინი ზეწოლის ნაწილში გამართლდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული მხარის მოთხოვნა ფსოუსა და როკი გვირაბთან არსებულ გამშვებ პუნქტებზე გამჭირვალეობის უზრუნველყოფა და ასევე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვება დღეს შეცვლილია და შეფასებულია როგორც საქართველოს მხრიდან გადაგმული კომპრომისული ნაბიჯი:

თორნიკე გორდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „საქართველო-რუსეთის ოფიციალურად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება, რაც ამდენხანს არ ხდებოდა. ეს მონიტორინგი განხორციელებული იქნება საერთაშორისო მონიტორინგის მიერ. მიღწეული იქნა შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც იქნება გაცვლილი ინფორმაცია. ამ შეთანხმებით ქარწყლდება ყველა ის მცდელობა, რომ მომხდარიყო ამ საკითხის პოლიტიზაცია და ეს საკითხი გადატანილი ყოფილიყო სტატუსზე დისკუსიების ჭრილში.“

თუმცა რუსული მხარე არ საუბრობდა საერთაშორისო მონიტორების საზღვრის გასწვრივ განთავსების შესახებ, რასაც ქართული მხარე დეკლარირებდა

ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „ჩვენთვის უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ დიფერენცირება არ ხდებოდეს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ საქართველოს შორის“.

რუსული მხარის თანხმობა საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მონიტორების ჩაყენებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, აკნინებს სეპარატისტული აფხაზეთისა და ოსეთის „რუსულ აღიარებას“. გარდა ამისა, მოსკოვი შიშობს, რომ სეპარატისტთა ე.წ. „სუვერენიტეტის“ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ერთ-ერთ ინიციატორად შესაძლებელია თავად წარმოჩინდეს. მზარდი ანტირუსული განწყობების პირობებში კი აფხაზეთში კიდევ უფრო გაუჭირდებათ მოსკოვის ამ ნაბიჯის გაგება.

როგორც ჩანს ქართული მხარის კომპრომისულ შეთავაზებაში ჯერ ისევ რჩებოდა მოსკოვისთვის მიუღებელი მომენტები. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის რუსეთიდან თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე რუსულ ანალიტიკურ პრესაში გამოჩნდა მაღალჩინოსნებისა და სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულ ექსპერტთა სტატიები და კომენტარები:

დიმიტრი მედვედევის თანაშემწე, არკადი დვორკოვიჩი: „საქართველოს საბაჟო კონტროლის დამყარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვარზე, ვმო-ში ჩვენი გაწევრიანების პირობად არ განიხილება“

„საპროექტო დოკუმენტში, რომელიც შვეიცარიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა გუშინ, შეხვედრაზე განიხილეს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით არანაირი მინიშნება არ ყოფილა. დოკუმენტი განსხვავებულ მექანიზმებს ითვალისწინებს“

ანდრეი ეპიფანცევი, ანალიტიკური ბიუროს Alte et Carte-ს ხელმძღვანელი

შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ, შემოთავაზებული შვეიცარიული მხარის მიერ შეიცავს მოსკოვისთვის პრინციპულად მიუღებელ პირობებს და ის იგნორირებული უნდა იქნას. აფხაზეთი და საქართველო დამოუკიდდებელი სახელმწიფოებია, შესაბამისად მათი საზღვრები რუსეთთან, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და იქ საერთაშორისო მონიტორების ადგილი არ არის.

იმავე დღეს გახდა დე-ფაქტო აფხაზეთის ოფიციალური პოზიციაც ცნობილი:

МИД Абхазии: Сухум не потерпит наблюдателей

უკვე ორ ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საერთაშორისო მონიტორინგს საზღვრებზე კერძო კომპანიები განახორციელებენ. რუსული და ქართული მხარეები კი ინფორმაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში გადააგზავნიან. ფაქტია რომ მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა რუსულ მხარეს განსხვავებული სავაჭრო რეჟიმები აქვს აფხაზეთთან, ცხინვალთან და დანარჩენ საქართველოსთან.

შეერთებული შტატებისთვის არ უნდა იყოს საერთაშორისო ავტორიტეტი ვირტუალური კატეგორია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სერიზოულად დაზარალდა, იმდენად რამდენადაც საქართველოსთვის შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არ აღმოჩნდა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია. შესაბამისად, საქართველოს ინტერესების სრული უგულვებელყოფა და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მსოფლიოში ისეთი მოსაზრების დამკვიდრებას, რომ შტატები ვერ იცავს მოკავშირეთა ინტერესებს, და უფრო მეტიც, მასთან თანამშრომლობა საფრთხის შემცველიცაა.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“