ელენ ბარი, “The New York Times”
მოსკოვი – რუსეთის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებში განაცხადა, რომ საქართველოსთან შეთანხმებას მიაღწია, რაც 18 წლიანი გადავადებების და იმედგაცრუებების შემდეგ, გზას გაუხსნის რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაეთანხმა შვეიცარლების წინადადებას, რაც რუსეთს და საქართველოს შორის სავაჭრო ნაკადის მონიტორინგის შესაძლებლობას შექმნის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“. ბ-ნი მედვედკოვის თქმით, მონიტორინგის გეგმა „რუსეთის პრინციპული პოზიციის ჩარჩოს არ სცილდება“.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველო მხარს უჭერს პროექტს, და რომ ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას მივაღწიეთ“, – განაცხადა მან.
ორი ქვეყნის წარმომადგენლები შაბათს ჟენევაში შეიკრიბებიან, რათა დაადასტურონ მიღწეული შეთანხმება, რის შემდეგაც მომავალ კვირას ხელი მოეწერება ოფიციალურ დოკუმენტს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ. „ჩვენ რუსეთის პასუხს ველოდებით“, – განაცხადა ბ-ნმა კაპანაძემ, რომელიც ღამით თბილისიდან შვეიცარიაში მიემგზავრება.
თუკი საქართველო და რუსეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რუსეთის გაწევრიანება სავაჭრო ორგანიზაციაში შესაძლოა დეკემბერში მსო-ს მინისტერიალზე მოხდეს.
რუსეთი გაწევრიანების პერსპექტივას რამდენჯერმე მიუახლოვდა, თუმცა პროცესი ისეთი გეოპოლიტიკურ ძვრების გამო იშლებოდა, როგორიც იყო მისი ომი საქართველოსთან 2008 წელს, ან მოსკოვის ისეთი მოულოდნელი განცხადებები, როგორიცაა ის, რომ ის ამ ორგანიზაციას მხოლოდ ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთობლივი სავაჭრო კავშირის სახით შეუერთდებოდა.
პროექტი ახალი ძალით ამოქმედდა შარშან, როგორც „გადატვირთვის“ პოლიტიკის ელემენტი რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა მისი საბოლოო შედეგი მაინც გაურკვეველი იყო.
ცენტრალურ შეკითხვებს შორის იყო ის, უნდოდა თუ არა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს. მისი ახლო გარემოცვის კონსერვატორები წევრობის წინააღმდეგნი იყვნენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგიერთი წარმოება შეიძლება სასტიკი კონკურენციის პირისპირ აღმოჩნდეს. როდესაც გასულ თვეში პუტინს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების ფასსა და სარგებელზე ჰკითხეს, მან ასე უპასუხა: „50-50, თუმცა, როგორც ჩანს მინუსებზე მეტი პლუსებია“.
ოთხშაბათის განცხადება, როგორც ჩანს იმას ნიშნავს, რომ ის დაარწმუნა ლიბერალი ეკონომისტების არგუმენტებმა იმის თაობაზე, რომ წევრობა გრძელვადიან სარგებელს მოიტანს. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ხისტი ლექსიკის მიუხედავად, პუტინს სურს რუსეთის ინტეგრირება მსოფლიოს ძლიერ ალიანსებში – არჩევანი, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან ტრაექტორიაზე აისახება.
იმის გამო, რომ სავაჭრო ჯგუფში გაწევრიანება კონსენსუსის საფუძველზე ხდება, რუსეთს საქართველოს თანხმობა უნდა მოეპოვებინა და გადაელახა ის მტრობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის შემდეგ არსებობს. რუსეთმა სეპარატისტულ ანკლავებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილია, სამხედრო ბაზები ააშენა და ეს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
თანხმობის სანაცვლოდ, საქართველო ითხოვდა ვაჭრობის გამჭვირვალეობას მის საზრვარზე რუსეთთან, რაც დელიკატური საკითხი იყო, რადგან ამ საზღვრის ორი მონაკვეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეკვრის. რუსეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოთხოვნები პოლიტიკური იყო და დასავლურ მთავრობას (განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს) არწმუნებდნენ, რომ საქართველოსგან თანხმობის მისაღებად მასზე ზეწოლა განეხორციელებინათ.
სავაჭრო მონიტორინგთან დაკავშირებული წინადადება, რომელიც შვეიცარლებს ეკუთვნით, გულისხმობს დამკვირვებლების განთავსებას სამ პუნქტში: რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან; როკის გვირაბთან, რომელიც სამხრეთ ოსეთში შესასვლელს წარმოადგენს; და მთიან უღელტეხილზე ცენტრალურ საქართველოში, განაცხადა კაპანაძემ.
მართალია, თავდაპირველად საქართველოს უნდოდა, რომ დამკვირვებლები მთავრობების ან ისეთი საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, როგორიც ევროკავშირია, თუმცა გასულ კვირაში თბილისის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი დათანხმდებოდნენ საჯარო ინსტიტუტების მიერ დაქირავებულ კერძო კონტრაქტორებს.
კაპანაძის თქმით, დამკვირვებლები განთავსდებიან საზღვრის რუსულ და ქართულ მხარეს, თუმცა არა თავად ანკლავებში. ხუთშაბათს დილით მან განაცხადა, რომ არ უსაუბრია ბ-ნ მედვედკოვთან, მაგრამ ვარაუდობს, რომ ნებისმიერი გადაუჭრელი საკითხი უმნიშვნელოა. თუმცა მისი თქმით, პროგრესსზე საუბარი მაინც ნაადრევია: „მე შევძლებ ამაზე საუბარს მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება. მანამდე, მე ვერ ვიმარჩიელებ“.
შეთანხმების ოფიციალური გამოცხადება, თუკი ეს უახლოეს დღეებში მოხდება, ბევრ ფრონტზე როგორც ჩანს კრიტიკულად იქნება აღქმული. რუსეთის პოპულარულმა ყოველდღიურმა გაზეთმა „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ სამშაბათს სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „მსოფლიო ვაჭრობა რეპუტაციით: რუსეთი შეძლებს დეკემბრში მსო-ში გაწევრიანებას, თუკი სუვერენიტეტს დათმობს“.
შეერთებულ შტატებში, კონგრესის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბონერმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის განაცხადს მანამ, სანამ ის პატივს არ სცემს საქართველოს საზღვრებს და არ გაიყვანს არმიას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორც ორგანიზაციის წევრი, დაიცავს თუ არა რუსეთი მსო-ს წესებს.
ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ლიდერები „გაამხნევა იმ მიღწევებმა, რომელსაც რუსეთმა მიაღწია, როგორც ბოლო ორი წლის, ასევე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში“.
„პრეზიდენტმა ობამამ რუთის მსო-ში გაწევრიანება 2011 წლის აშშ-რუსეთის ურთიერთობების წამყვან პრიორიტეტად აქცია“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა. „ამ მოლაპარაკებების დასრულება იმას ცხადყოფს, რომ აშშ და რუსეთი განაგრძობენ თანამშრომლობას იმ შედეგების მისაღწევად, რაც სასარგებლო იქნება ამერიკელი და რუსი ხალხისთვის“.
Foreignpress.ge
783
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85