– თუ ძმა ხარ – ხელი აიქნია ნიკამ და ამ დროს უკნიდან შემოესმა დაბალი, ბზარიანი და შემპარავი ხმა:
– ვისი ხარ შენა, ბიჭო?
ნიკა აბაიშვილმა, ცხადია, არ იცოდა, რომ ამ უბადრუკი პანსიონის პატრონს მისდგომოდა.
– ქართველი ხარა? – ჰკითხა კაცმა და არ დაელოდა – ესაც მეფისა იქნება.
ნიკამ შეხედა ამ ჩამრგვალებულ და სასაცილო კაცს და არაფერი უთხრა.
– ღარიბი ხარა? – ჰკითხა ისევ კაცმა.
– ღარიბი შენა ხარ...
– ღარიბობა სირცხვილია? – ღიმილით ჩაეკითხა კაცი, ღარიბობა კაცის სახელია, ბიჭო. ესე იგი, ვერა გყიდულობენ.
(აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“)
ჩაკითხვა მინდოდა, ჩაკითხვაო – ლიკა ბერაიამ, „იმედის“ ბოლო იმედმა, მას შემდეგ, რაც ბოლო იმედის ჯარიმის შემდეგაც კი არ მიუთითეს კარისკენ. რამე ისეთი ქენი, კარისკენ რომ მიგითითონო – მითითება ჰქონდა ხელმძღვანელობიდან, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ისე გამოვიდა, რომ იმ ხელმძღვანელობაზე ყოფილა ნათქვამი, უსაქმური კაცი ყურებში მიკროფონს იყრიდაო. ყურებში, რადგან როგორც მითხრეს ე.წ. ნაციონალური არხების ჟურნალისტებს ყურებზე ე.წ. ყურები ეკეთათ, სადაც ხელმძღვანელობა მითითებებს ჩასჩხაოდა. მიკროფონიც უთხრიათ და სარიც. დღეს რაღაც უზრდელობის ხასიათზე ვარ და თუ დღეს დავით ბაქრაძეს ქლიბობა ვამყოფინე, ერთი პოლლიტრა მაგის პრესმდივნზე მაღარიჩად იყოს.
სხვა რა გზა იყო და, იძულებული გავხდი რეალტივის, პრესა.გე–ს და აიტივის მდედრი ჟურნალიტების სიფათები მეთვალიერებინა და, იცით რა ვერ გავიგე – ყველას ასე ერთნაირი დაჭყლეტილი სახე აქვს თუ ჩემმა ტელევიზორმა რაღაც აურია?! ეს იმ მომენტში ვერ გავიგე, თორემ მერე, როდესაც სიუჟეტები ვნახე, დავასკვენი, რომ ტელევიზორი არაფერ შუაშია და სიფათები (ენა ვერ მომიბრუნდება, რომ სახეები ვუწოდო) მართლა აქვთ დაჭყლეტილი. ვინ დაუჭყლიტა, რითი დაუჭყლიტა და რა ვითარებაში დაუჭყლიტა, ერთ დღეს ამასაც შევიტყობთ.
დიახ, ხელმძღვანელობაზე ყოფილა ნათქვამი – უსაქმური კაცი ყურებში მიკროფონს იყრიდაო და დაჭყლეტილსიფათიან ხელფეხქვეითებს რომ არ ეწყინოთ, მათთან ერთ ანეკდოტს დავაკავშირებ – მაროს შინ მისვლა შეუგვიანდა, მიხო განრისხებული დახვდა: „სად დაეთრევი, შე დედამიწერილო?!“ „სილამაზის სალონში ვიყავი, ქა...“ მიხო არ ცხრება: „მერე, დაკეტილი დაგხვდა, მე შენი...“
გოგოები არა, ფლავი! ეგენი დონაძის ბოიფრენდები არიან.
რაც შეეხება სილამაზის სალონს. იმ პრესკონფერენციაზე კაცობრიობის უკეთესი ნახევარი და ქართული მედიის უკეთესი სამი მეოთხედი (იქნებ მეტიც) აშკარად სილამაზის სალონის გავლით იყო მისული, არამიწიერის რა მოგახსენოთ, მაგრამ არაჟურნალისტური სილამაზით ნამდვილად ბრწყინავდნენ, მაგრამ რად გინდა – ბიძინამ მაინც ვერ შენიშნა. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთმა მათგანმა საგანგებოდ პრესკონფერენციისთვის ტანგაც კი შეიძინა, მაგრამ... თავს იმით იმშვიდებდნენ, კითხვის დასმის საშუალება არ მოგვეცაო. მთავარი კითხვა არ არის, მთავარი გაგებაა. ისე კი, იქ მართლა იყო რამდენიმე საქმიანად ყურადღებიანი და პროფესიულად ცნობისმოყვარე, მაგრამ სამას პინგვინში გათქვეფილი რამდენიმე მერცხალი გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს.
სრული სერიოზულობით ვიტყვი: ივანიშვილის პრესკონფერენციამდე მეგონა, რომ ქვეყანას ნიჭიერი არამზადები მართავდნენ, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ საქართველო იდიოტი ნაძირალების ხელშია.
გამიგია, ნაშვილები ბავშვები მშვილებელ მშობლებს სახით ემსგავსებანო. ახლა ვხვდები, ნაციონალური არხების შორენებს, ნინოებს, გვანცებს და ა.შ. რატომ აქვთ დაჭყლეტილი სიფათები – რვა წელია პალიკო კუბლაშვილს და ნუგზარ წიკლაურს თვალს არ აშორებენ. ისე, თუ შეამჩნიეთ, როგორ გვანან ერთმანეთს კობა ხაბაზი და ნინა წკრიალაშვილი!
სხვათა შორის ამას წინათ სუფრაზე მოხარშული თევზის სიახლოვეს მოვხვდი და თევზს თვალებში რომ ჩავხედე, მეთქი – ვის მაგონებს, ვის მაგონებს... ხომ ვერ მეტყვით, ლაშა თორდიას ან სახლში, ან კაბინეტში შემთხვევით აკვარიუმი ხომ არ აქვს? თუ აქვს, მაშინ ის თევზი იმ აკვარიუმიდან ყოფილა.
ხომ ხედავთ – დაიწყებ საუბარს სააკაშვილის ჟურნალისტებზე, გაგახსენდება წიკლაური–კუბლაშვილი და თორდია–ხაბაზი და ბოლოს სიტყვას ის მოხარშულიც მოაქვს, რატომღაც „ცოცხალს“ რომ უწოდებენ. ასე რომ, დავივიწყოთ ივანიშვილის პრესკონფერენცია, მით უმეტეს, რომ დაჭყლეტილსიფათიან გოგოებს იგი არასოდეს დაავიწყდებათ.
დაიწყო ნოემბერი, დაიწყო გასული კვირა და თბილისში დაიწყო და დასრულდა ეგვიპტის დღეები. აი, დავწერე ეს, მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა კლეოპატრაზე და ანუქსუნამუნზე... მინდოდა, მაგრამ მე რომ მინდა ეგრე არ არის, ზედმეტად პოლიტიზირებული ვარ. უკვე რვა წელია, თბილისში დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა მუბარაქის დღეები. მერე? დაჯექი და კერე ამომრჩევლები, რა თქმა უნდა, თუ საქმე არჩევნებამდე მივიდა და, თუ მუბარაქის დღეები კადაფის ღამეებმა არ შეცვალა.
მინდოდა დამევიწყებინა პრესკონფერენცია, მაგრამ მე რომ მინდა, ბოცოს არ უნდა. პრესკონფერენციას წინ უძღოდა აჟიოტაჟი, რომელშიც თავისი წვლილი ნუგზარ წიკლაურმაც შეიტანა. „წიკლაური ვარაუდობს, რომ რუსეთთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის ხვალინდელი განცხადება შეთანხმებული იქნება იმ ქვეყანასთან, „რომლის დავალებითაც ის მოქმედებს“ – სწორედ წინა დღეს იუწყებოდა „ინტერპრესნიუსი“.
ეტყობა, ნუგზარ წიკლაური წინა ცხოვრებაში მოლა იყო და ჯოჯოხეთის კიტრანაზე მკითხაობდა, ხოლო შოთა მალაშხიას რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ წინა და ახლანდელ ცხოვრებებს შორის არის გაჭედილი. „არაფერზე პასუხი არ აქვს. არ იცის, როგორი იქნება საგადასახადო სისტემა. არ იცის, როგორ მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არ იცის, ავღანეთში გაუშვებს თუ არა ჯარს, ნატო-სთან როგორ ითანამშომლობს და ა.შ“, – განაცხადა განაცხადა მკვდარმა შოთამ და სიტყვა ცოცხალ–მკვდარ ხაბაზს გადასცა. „საცოდავ დღეში ყოფილა რუსეთი, თუ ამ ადამიანის იმედზეა დარჩენილი. მთელი მისი ინტერვიუ იყო იმაზე, რომ როგორმე ნამუსი მოეწმინა პუტინისთვის“ – თქვა ხაბაზმა და მოწმედ ვახტანგ ბალავაძე მოიყვანა. „ბიძინა ივანიშვილის სახით, პუტინის მესიჯების ასე ღიად გამხმოვანებელი პირველად ვნახე“ – გაკვირვებას ვერ მალავდა კობა ხაბაზი. როგორც ჩნს, ხაბაზს ნოღაიდელი არ უნახავს, ან თუ უნახავს, პოლიტიკაზე არ უსაუბრიათ. ეს ბოლო ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს – მართლაც, რომელი ნორმალური ისაუბრებს ხაბაზთან პოლიტიკაზე, ეს იგივივეა, გურამ დონაძესთან ქალების შებმის ხერხები რომ განიხილო.
მოკლედ, იქით – დაჭყლეტილსიფათიანი გოგოები და აქეთ, დაჭყლეტილსახიანი პარლამენტარები. ერთმანეთისთვის ხომ არ გაგვერიგებინა? თუ, უკვე დაგვასწრო ვინმემ?
მიშას გაერო-მ დაასწრო და დედამიწის შვიდმემილიარდე ადამიანად ფილიპინელი დანიცა მეი კამაჩო აღიარა. გაერო-ს წარმომადგენლები სამშობიარო სახლში ტორტით მივიდნენ და გოგონას დედას მიულოცეს. კამაჩოს ოჯახმა დანიცას უნივერსიტეტში განათლებისთვის სტიპენდია და გრანტი მიიღო. სამწუხაროა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლაში ვართ დაწინაურებულები. საიუბილეო ბავშვის დაბადებაზე არც სომხები იტყოდნენ უარს, მაგრამ სამაგიეროდ მათ კონიაკი აქვთ კარგი და საბურავების გაყიდვა ეხერხებათ. გასულ კვირაში სომხეთის პრეზიდენტი უნდა ჩმოსულიყო, მაგრამ გადაიფიქრა. ის, რომ გადაიფიქრა, მთელმა სომხეთმა და ნახევარმა საქართველომ გაიგო. ყველამ გაიგო, გარდა ყველაფრის მცოდნე სერგი კაპანაძისა, რადგან სერგი კაპანაძე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრობლემატიკით იყო დაკავებული და მიშიკასა და სერჟიკასთვის არ ეცალა.
გასულ კვირაში საქართველომ მორიგი დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვა – შვეიცარიელები აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრის მონაკვეთებს გააკონტროლოებენ, სამაგიეროდ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება. სააკაშვილს მართლაც შეუძლია იამაყოს – დაქირავებული შვეიცარიელები მხოლოდ მას და რომის პაპს ყავთ.
ასეა თუ ისე, გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ და სამ წელიწადში რუსეთის ორჯერ დამარცხება (რაგბის არ ვთვლი), დამეთანხმებით, ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აღშფოთებულია ხელშეკრულებით და შეშფოთებულია საქართველოს დიპლომატიური პოტენციალით. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და დაფუძნებულია ნიუსზე, რომელიც გასულ კვირაში გავრცელდა – „აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს სამხედრო პოტენციალით შეშფოთებულია“.
მინდა გითხრათ, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, საქართველოს სამხედრო პოტენციალით შეშფოთებულია სრულიად საქართველო და, განსაკუთრებით – საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა.
საერთოდ, შეამჩნევდით, რომ დიპლომატია ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ამჯერად დამკვიდრებულ ტრადიციას ვუღალატებ და ერთ აბზაცასაც დაუთმობ: „საქართველოს ელჩმა ტაილანდის სამეფოში, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა ბანგკოკში, დუსიტის სამეფო სასახლეში , რწმუნებათა სიგელები გადასცა ტაილანდის სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინცს, მაჰა ვაჯირალონგკორნს. ცერემონიის დასრულების შემდეგ შედგა შეხვედრა ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან დოქტორ სურაპონგ ტოვიჩაკჩაიკულთან. ტაილანდში ვიზიტის ფარგლებში, კაჭკაჭიშვილი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ინგლუკ შინავატრას შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ელჩმა მწუხარება გამოთქვა ტაილანდში წყალდიდობებით გამოწვეული მსხვერპლის გამო“.
ნიუსი – ნიუსად, სააგენტოები იმას წერენ, რასაც აწვდიან, ხოლო ჩვენ აწმყო უნდა დავაკავშიროთ წარსულთან და განვჭვრიტოთ მომავალი. რისი განჭვრეტა შეიძლება ამ კონკრეტული ნიუსიდან? რისი და – საქართველო უარს ამბობს დასავლურ ორიენტაციაზე და მისი მზერა აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. კერძოდ ზურაბ კაჭკაჭიშვილისა და სურაპონგ ტოვიჩაკჩაიკულის შეთანხმების საიდუმლო პუნქტი გულისხმობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს გერმანელი და ამერიკელი მასაჟისტების მომსახურებაზე და საკუთარ სხეულს მთლიანად ტაილანდელ გოგონებს უთმობს. იქვე, ოქმში, დაფიქსირებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სული ღმერთს ეკუთვნის, ხოლო გული – საქართველოს. „მაგათი დედაც ვატირე, სხეული მაგათი იყოსო“ – უთქვამს მიშას და ვერა ქობალია ცხარე ცრემლით ატირებულა.
საინტერესო დამთხვევა – საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია; სომალიში 150 მეკობრე დააკავეს და გილაურის განცხადებით, საქართველოს მომავალი წლის ბოლომდე 150 ახალი საავადმყოფო ექნება. ეს ციფრები აუცილებლად იქნება კავშირში ერთმანეთთან. „გასულ წელს ტურისტების რაოდენობა 41%-ით გაიზარდა და წელსაც 41%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი“, – განაცხადა ნიკა გილაურმა. 151–ე საავადმყოფოც უნდა აშენდეს, ოღონდ – ფსიქიატრიული.
„პენსიის 100 დოლარამდე გაზრდა პოლიტიკური დაპირებაა და ჩვენ მას აუცილებლად შევასრულებთ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ სასტუმრო ”რედისონში” ჟურნალისტებს განუცხადა“ – ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენების აუცილებლობას ეს ნიუსიც ადასტურებს.
ისე, ეს გვინდაძეა თუ ვიღაც, საიდან ამოთხარეს? აქამდე სულ „მინდა, მინდას“ გაიძახოდნენ და გვინდაძის დანიშვნა ნამდვილად რაღაცას ნიშნავს და ამ ბოლო დროს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება. „ბიზნესმენი თემურ ჭყონია პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმებას ეხება, სირთულეებს ხედავს. როგორც ჭყონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცოტა რთული მისაღები იქნება ბიზნესმენისთვის ასაკის მიხედვით დასაქმება, შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე“ – თქვენი არ ვიცი და, პირადად მე ერთობ გამაკვირვა ჭყონიას ასეთმა თმამმა განცხადებამ. სხვა დროს ჭყონია იტყოდა, ბრწყინავლე ინიციატივააო, ახლა კი გათმამდა და მერე როგორ!!!
„კომპანია "ზარაფხანა" დღეიდან მომხმარებლებს საიუველირო სფეროში ახალ მომსახურებას - "ახალი ძველის სანაცვლოდ" – სთავაზობს . პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს ოქროს ან ვერცხლის ძველი ნაკეთობა ან ნივთი "ზარაფხანას" წინასწარ განსაზღვრულ საფირმო მაღაზიებში, სადაც მოხდება შესაბამისი ნივთის შეფასება. სწრაფი პროცედურის გავლის შემდეგ კი, მომხმარებელს მიეცემა საშუალება, ადგილზევე შეარჩიოს მისთვის სასურველი ნაკეთობა“ – ა, ბატონო, კიდევ არ გჯერათ? „ახალი ძველის სანაცვლოდ“ – როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს სლოგანი?
ანაც, რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ სახალხო დამცველი ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს სწავლობს. დააკვირდით – თითქმის ერთი თვე გავიდა, ტუღუშმა კი საკითხის შესწავლა მხოლოდ ახლა დაიწყო, პრესკონფერენციის შემდეგ.
ერთი სიტყვით, რაღც ხდება და სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ ილიას უნივერსიტეტს ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი გამოეყო (მალე გიგი თევზაძეც გამოეყოფა); რომ „ავერსმა ციხეში აფთიაქი გახსნა (მალე პაატა კურტანიძე ყოველდღე პირადად გააკონტროლებს ამ აფთიაქს); რომ დიმიტრი შაშკინი პარლამენტში უკვე მეორედ არ მივიდა (ცოტაც და, საერთოდ აღარ დაიბარებენ); რომ საქართველო პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა (აი, დარდი, თუ არც გახდა!); რომ...
ეს ყველაფერი სულაც არ არის საინტერესო. საინტერესოს ახლავე მოგახსენებთ.
არსებობს სინქრონული ცურვა, წყალში სინქრონული ხტომა, ასევე – სინქრონული ხტომა ბატუტზე. არ ვიცოდი, მაგრამ, როგორც გასულ კვირაში მივხვდი, არსებობს სპორტის ასეთი სახეობა – სინქრონული გრძნობა. გასულ კვირაში ფიქრია ჩიხრაძეს და ლევან ვეფხვაძეს გულმა სინქრონულად უგრძნოთ, რომ „ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობა სულაც არ არის შეუძლებელი რამ“.
ახლა დილის რვა საათია და ყველაფერი არც ისე გენიალურადაა. გარეთ წვიმს და ეზოში მანქანა მელოდება. გული მიგრძნობს, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. „კოტე კუბლაშვილი - სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა და 72% შეადგინა“ – ასეთ ნიუსს გიტოვებთ და ჩემს მაგივრადაც თქვენ დაიგინეთ.
ე.ი. (ეს ისე ) – მე არასოდეს ვყოფილვარ მაგ სხდომაზე – შფოთვს და კოსტა.
– არც მე – ამშვიდებს იმპერიალე.
– არც მე – ხითხითებს უსო დი მარე.
– არც მე – ზღვას თავს უქნევს ფრანჩესკო გენუელი.
– მე ხო კარი ავუტალახე – ამთქნარებს ჯოვანი პალავიკინო.
(აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“)