უფასო სასადილოების იმედად მყოფ ადამიანთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა

უფასო სასადილოების იმედად მყოფ ადამიანთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა


ერთი ბენეფიციარის დასაპურებლად სულ რაღაც 1,15 ლარია გამოყოფილი

"თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ყველა რაიონში ფუნქციობს უფასო სასადილოთა ქსელი, რომელიც სოციალურად დაუცველი ფენისთვის არის განკუთვნილი... უფასო სასადილოთა ქსელი იარსებებს მანამ, სანამ ამის საჭიროება არსებობს. სიღარიბის და შიმშილის აღმოფხვრა თბილისის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა", - ასეთი შინაარსის განცხადება თბილისის მერიის საიტზე უკვე წლებია დევს და, შესაბამისად, უკვე რამდენიმე წელია ქალაქის ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით აღნიშნულ სოციალურ პროექტს ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში კი, მიუხედავად მთავრობის წევრთა არაერთი განცხადებისა, რომ ჩვენთან სიღარიბე შემცირდა, ასეთ დაწესებულებებში ბენეფიციართა რიცხვი უფრო და უფრო მატულობს.

თბილისში 36 უფასო სასადილო მოქმედებს და ყველა მათგანში ყოველდღიურად 13 651 ადამიანი იღებს ულუფა სადილს. თბილისის ბიუჯეტიდან კი უფასო სასადილოებზე 5 731 844 ლარია გამოყოფილი, ანუ დღიურად ერთ ბენეფიციარზე თბილისის მთავრობა სულ რაღაც 1,15 ლარს ხარჯავს. უფასო სასადილოების მომსახურეობით, სოციალურად დაუცველის გარდა, მოქალაქის ოჯახური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, სხვა უმწეო ბენეფიციარებიც სარგებლობენ (პენსიონრები, ინვალიდები, მრავალშვილიანები - საერთო რაოდენობის 15%-მდე).

თბილისში რომ უფასო სასადილოები უნდა გახსნილიყო, ეს ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სააკაშვილმა პრეზიდენტობის პირველი ნაბიჯები გადადგა. მან მაშინ პირობა დადო, რომ ქვეყანაში 100 უფასო სასადილო იქნებოდა და პროგრამა მინიმუმის შესრულებას შეუდგა. პრეზიდენტი დადიოდა ასეთი ტიპის სასადილოების გახსნაზე, თავადაც აგემოვნებდა საზეიმო ულუფას და არც უმწეოებთან ჯდომას თაკილობდა. ამის გამო მას მოგვიანებით "ბორშჩისმოყვარე პრეზიდენტიც" კი შეარქვეს.

ერთ დროს უფასო სასადილოები თბილისში ერთიმეორეს მიყოლებით იხსნებოდა. სულ რაღაც 2 წლის წინათ ასეთ დაწესებულებებში 9 ათასამდე ბენეფიციარი იღებდა საკვებს. დღეს კი ამ ადამიანების რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა.

უფასო სასადილოების გახსნით კმაყოფილები არიან ის ადამიანები, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს, თუმცა უმწეო ადამიანთა ნაწილს უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიებიც გააჩნიათ. ისინი ჩივიან, რომ მათ უხარისხო, გაფუჭებულ-დაობებული საკვებით უმასპინძლდებიან, ნაწილი კი ამბობს, რომ სასადილოში 3-ჯერ ზედიზედ თუ აღარ მივიდა, მეოთხედ უკვე აღარაფერს აჭმევენ და ბენეფიციართა სიიდან შლიან.

"ზაფხულში სოფელში ვერ მივდივარ, რადგან ვიცი, რომ სამჯერ თუ არ მივედი სასადილოში, მეოთხედ აღარ მიმიშვებენ და სიიდან ამომიღებენ. 3 შვილის დედა ვარ, ვერ ვმუშაობ, ჩემი მეუღლეც უმუშევარია და მხოლოდ დახმარებით ვცხოვრობთ. საჭმელს სასადილოში ვჭამთ და ამ შეღავათის დაკარგვა ნამდვილად არ მინდა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარისას თბილისელი ციცო ღამბაშიძე.

ამ უკანასკნელ ბრალდებას თბილისის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უფასო სასადილოებში არ არის ასეთი ტიპის შეზღუდვა.

"იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად არ დადის სასადილოში, ხდება ბინაზე მოკვლევა, მიზეზის დადგენა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მისი სიიდან ამოღება. თუმცა, მას მაინც რჩება უფლება თავიდან დადგეს აღრიცხვაზე", - განუცხადებს "ბიზნეს-რეზონანსს" თბილისის მერიაში.

ლია გვაზავა ერთ-ერთ უფასო სასადილოში სადილობს და ამბობს, რომ კვების რაციონით არც ისე კმაყოფილია. "საჭმელი ძალიან უხარისხოა. მენიუში ლობიო, ბარდის წვნიანი და ფაფები შედის, მაგრამ თითო ულუფაში 4-5 ლობიო დაცურავს, არც მწვანილი აქვს და არც ცხიმი. როცა ძალიან გშია, იძულებულები ხარ შეჭამო თანაც უფლებაც არ გაქვს ხმა ამოიღო. ერთხელ მივეცით შენიშვნა, რომ ბრინჯი მოხარშული არ იყო და ისეთი სიტყვებით გამოგვლანძღეს, თითქოს საკუთარი ჯიბიდან გვაპურებდნენ. გვეჩხუბებიან, მეტი რა გინდათ, ფულს რამდენსაც გვაძლევენ, იმის მიხედვით გაჭმევთო. რად გვინდა ასეთი დაყვედრებული ლუკმა, ხელისუფლება თავს ამით იწონებს", - ამბობს ლია გვაზავა.

ყოველდღიურად უფასო სასადილოში მისვლა და დაპურება უწევს 70 წლის ნათელა დავითაშვილს, თუმცა წინა რესპონდენტის ანალოგიურად რაციონით არც ის არის კმაყოფილი.

"თავდაპირველად, როდესაც ეს სასადილო გაიხსნა და იქ სიარული დავიწყე, ძალიან მომწონდა იქაური საჭმელები. კარგად აკეთებდნენ, ცხიმიც ნორმალურად ჰქონდა და ყველაფერიც. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა, ახლა ერთ ულუფა სუპში შეიძლება ერთი პატარა კარტოფილი და 5-6 მაკარონი ნახო. ცხიმიც ძალიან ცოტაა, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცხიმს საერთოდ არ უკეთებენ და ხახვს მაკარონთან, კარტოფილთან და მწვანილთან ერთად ხარშავენ. რა უნდა ვთქვა, როდესაც მხოლოდ პენსიას ვიღებ და ისიც კომუნალურ გადასახადებში არ მყოფნის", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

"ბენეფიციარს უფლება აქვს, ისარგებლოს სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად, დღეში ერთხელ. რაციონი შეადგენს მინიმუმ 900 კილო, კალორიას, რომელიც დადგენილია კვების ინსტიტუტის მიერ", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

თავდაპირველად პრეზიდენტის მოწონებულმა იდეამ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებში განსხვავებული შეფასება დაიმსახურა. დღესაც ისინი უფასო სასადილოების გახსნაში საამაყოს ვერაფერს ხედავენ და ქვეყნის ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ექსპერტების თქმით, უფასო სასადილოების არსებობის ტენდენცია ქვეყნის სავალალო რეალობაა. მათივე თქმით, ყველა ქვეყანას საკუთარი სოციალური დაცვის პოლიტიკა გააჩნია, ჩვენთან კი ეს რატომღაც არ მოქმედებს.