საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და პერსპექტივები

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და პერსპექტივები


საქართველოში ინფლაცია კიდევ მცირდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ოქტომბრის თვეში, სექტემბერთან შედარებით, დეფლაცია აღინიშნა. საქართველოში ინფლაციის შემცირებას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელის გარდა, საქართველოში კიდევ ერთი კარგი ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკა ნავარაუდევზე უფრო მეტად იზრდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემებით, ინფლაცია ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, მინუს 0.2 პროცენტით შემცირდა. ხოლო წლიურმა ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. ეს გამოწვეულია ძირითადად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების შემცირებით, რაც სხვა პროდუქციის, მაგალითად, ტანსაცმლის გაძვირებას გადაწონის.
რაც შეეხება პროგნოზსს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოში წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდება.

„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, ინფლაციის ზრდა ერთი წლის წინ და ახლა მისი შემცირებაც ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგია:

„ინფლაციის შემცირება, ცხადია, მონეტარული ხელისუფლების საქმიანობის შედეგია, რაც ადასტურებს იმას, რომ შარშან მათ ინფლაციის შექმნაში სერიოზული მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული. მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი დისციპლინის სფერო, სადაც ასეთი გადახვევები, ასეთი აზროვნება - „მოდი, იქნებ ვცადოთ ახლა მაღალი ინფლაციით წავახალისოთ ეკონომიკა“ - უნდა გამოვთიშოთ საერთოდ.“

საგარეო ვალების პრობლემა

დაბალი ინფლაციის გარდა, საქართველოს სხვა ქვეყნებისგან საგარეო ვალის დაბალი მოცულობაც გამოარჩევს, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებს. ამით საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ამაყობს კიდეც.

​​„დღესდღეობით ერთ-ერთი სტაბილურობის მაჩვენებელი არის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ–ერთი ყველაზე ჯანსაღი ქვეყანაა. ჩვენი ვალი არის საკმაოდ დაბალი, ჩვენი საერთო ვალი არის მხოლოდ 41% და ტენდენცია არის დაბლა, კლებისკენ, საგარეო ვალი არის 52%. ჩვენი მიზანი, 10 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, არის, რომ ვალის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს.“

საქართველოს ეკონომიკის უნარს გაუმკლავდეს საგარეო ვალებს ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედუარდ გარდნერი. სავალუტო ფონდის მიმართ საქართველოს ვალი 900 მილიონ დოლარს შეადგენს, რომლის გასტუმრებაც 2012 წლიდან იწყება და 2014 წელს უნდა დასრულდეს. მიმდინარე კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე ედუარდ გარდნერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობას ამ ვალის გასტუმრება არ გაუჭირდებაო და იქვე დასძინა, ფონდის პოტენციური პროგრამაც სწორედ ამაზეა გათვლილიო. 

ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად იზრდება

ასევე დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მეტად იზრდება, რაც მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ–მინისტრმაც აღნიშნა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც:

„თავიდან ციფრები სახელდებოდა 4.5% საქართველოში, ახლა მინიმუმს დავეჯახეთ 6-ზე, თუმცა, ჩემი ვარაუდით, ეს არის 6-დან 7-მდე და, თუ ნორმალურად წავიდა, შეიძლება 7-ც, თუ არადა, საშუალოდ 6-დან 7-მდე, იმ დროს, როდესაც რუსეთს აქვს 1 თუ 2 პროცენტი ნავთობის პირობებშიც კი. თურქეთმა ჩამოსწია ზრდის პროცენტი 10-დან 5-მდე, რაც სულაც არ მახარებს, რადგან ჩვენ ურთიერთდაკავშირებული დამოკიდებულება გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ მხრივ რაღაც გამონაკლისი არის.“

მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენებ გამონაკლისობას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, თუმცა სიფრთხილეს იჩენს პროგნოზის გაკეთებისას. ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, რაც გარკვეულ უარყოფით ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენსო. მისი აზრით, პირველი ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ექსპორტის სამიზნე ქვეყნები არ გაიზრდება ისე, როგორც ეს წელს იყო. მეორე - ევროპაში ეკონომიკური არამდგრადობის გათვალისწინებით, საკმაოდ რთული იქნება კერძო კაპიტალზე, ინვესტიციებზე წვდომა. „თუმცა მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დონეზე არ მოხდება, როგორც წელს", - აღნიშნა ედუარდ გარდნერმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზსს არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

„მე მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის განმაპირობებელი არ არის საერთაშორისო ინსტიტუტების მონაწილეობა, არც ინვესტორების განსაკუთრებული სიყვარული საქართველოს მიმართ. ეს არის, უბრალოდ, საქართველოს მიერ გავრცელებული უფრო სწორი პოლიტიკა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა მოახერხეს. ამიტომ ინვესტორებისთვის საქართველო უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე ნებისმიერი კრიზისში მყოფი ქვეყანა. თუ საქართველომ მოახერხა მომავალი წელი ზედმეტი ტურბულენტობის გარეშე გაიაროს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება ჩვენ ორმაჩვენებლიან ზრდას მივაღწიოთ.“

გია ჯანდიერის მიერ ნახსენები ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ექსპერტული გათვლების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად 10 პროცენტზე ნაკლები არ იქნება, ის ევროკავშირის დღევანდელ დონეს დაახლოებით 25 წლის შემდეგ მიაღწევს. ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალი ტემპის შემთხვევაში ევროპის ქვეყნებთან გათანაბრების პერსპექტივა აუხდენელ ოცნებას ემსგავსება.