ბიძინა ივანიშვილის დღიური
30 ოქტომბერი, კვირა
ჩემთვის დილა ექვსის ნახევარზე იწყება. ტრადიციულად, დილით ვვარჯიშობ. მოგვიანებით ჩემი პატარა, 6 წლის ცოტნე ჩამოდის სავარჯიშოდ. ჩავეხუტე და ასპარეზი დავუთმე.
უცნაურია, მაგრამ ადრე თავისი ნებით არასოდეს მოიწევდა ჩასახუტებლად. ამ ბოლო დროს კი თვითონ მეხვეწება, გულში ჩამიკარიო. ალბათ, ხშირად რომ ვეღარ მხედავს სახლში, იმიტომ.
დღის რეჟიმს ვუბრუნდები – ვაშლისა და სტაფილოს წვენით ვსაუზმობ (ეს წესად მაქვს) და ერთ საათზე მეტ ხანს ვსეირნობ. დილიდან მზიანი ამინდია. ძალიან მიყვარს მზე. დღის წესრიგში ბევრი საქმე მაქვს, თუმცა, ძირითადად, მაინც პრესკონფერენციაზე მოსალოდნელ კითხვებზე ვფიქრობ.
საღამოს 7 საათზე გავთავისუფლდი, რაც ბოლო ხანებში დიდი იშვიათობაა. ეკას დავპირდი და შევუსრულე. თითქმის ორი საათი ვსეირნობთ ერთად. ვცდილობთ, სხვა თემებზე ვისაუბროთ. არ გამოგვდის და, უნებურად, ბოლო მოვლენებს ვუბრუნდებით.
დღე აუცილებელი და ყველაზე სასიამოვნო რიტუალით – ბერასთან, ცოტნესთან და გვანცასთან სჯა-ბაასით სრულდება. როგორღაც ადრე ვახერხებ დაძინებას.
31 ოქტომბერი ორშაბათი
კარგად გამოძინებულმა, ჩვეულებრივ, ადრე გავიღვიძე. ექვსის ნახევარი საუკეთესო დროა დღის დასაწყებად. ტრადიცია აღვადგინე და პატარა ცოტნეს საწოლში მოვეფერე. სააკაშვილზე ბრაზობს – იმას აბრალებს მამიკოს ცხოვრების წესის შეცვლას. ეჭვიანობს და პირობას მართმევს – თუ მთავრობაში მოვალ, სხვაგან არ გადავიდე საცხოვრებლად. მამშვიდებს – არ შეგეშინდეს, მე დაგეხმარები, ცუდ კაცებს ორმოში ჩავაგდებო.
დიდი ხანია, წიგნის დაწერა მინდა და მუდმივად ერთი თვით გადამაქვს ეს საქმე. ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. კარგ რაღაცას მივაგენი: კითხვებს, რომლებიც მანამდე რთულად მეჩვენებოდა, უბრალო თვალით შევხედე, რამაც ძალიან გამახალისა. მივხვდი, რომ პოლიტიკაში უკვე მოვედი ისე, რომ მოვახერხე ჩემი ძველი იდეალები შემენარჩუნებინა. ესე იგი, გარკვეული სტაბილურობა შეიძინა ჩემმა ახალმა ამპლუამ - პოლიტიკაში მოსვლამ.
კვლავ ვახერხებ ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად სეირნობას, მათთან დროის გატარებას, კითხვას... ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ, რა პრობლემები და საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. როცა ბევრი პრობლემა მაქვს, მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახერხებ და ამ დროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩემდა გასაოცრად, ღამისთევა ჯერ არ დამჭირვებია, ისე ვახერხებ მეორე დღის დაგეგმვას.
საღამომ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. ჩემი თანაგუნდელები თავის სტრუქტურებზე თავდაჯერებულები საუბრობენ, რაც რწმენას კიდევ უფრო მიმტკიცებს.
მოგვიანებით გადავედი სახლში. ვცდილობ, არ ვიფიქრო პრესკონფერენციაზე, რაშიც ძალიან მეხმარება ეკა - ჩემი მეუღლე და მეგობარი. 40-წუთიანი სეირნობა გამოგვივიდა. შინ ცოტა ადრე დავბრუნდი და ცოტნესთან ბევრი ვითამაშე. გაოცებული იყო, რომ სათამაშოდ მოვიცალე. ვუთხარი, რომ ბანაობას ვერა, მაგრამ მის გამშრალებას აუცილებლად მოვახერხებდი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. რაღაც მქონდა მოსაგვარებელი. ცოტა ხნით დავემშვიდობე და ვუთხარი, აუცილებლად მე უნდა გაგამშრალო-მეთქი. თვითონაც ყვიროდა - მამიკომ გამამაშრალოსო. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ საშუალება მომეცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი საღამო მათთან გამეტარებინა.
1 ნოემბერი, სამშაბათი
ერთ-ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში... დილით დატვირთულ ვარჯიშზე უარი ვთქვი და სასეირნოდ გამოვედი. ჩვეულებრივზე ადრე გადავედი ოფისში. თანამშრომლებს იგივე რეჟიმი ჰქონდათ, ყველა ადრე მოვიდა და პრესკონფერენციას ელოდებოდნენ, თათბირი მისთვის მზადებამ დაიკავა. საერთოდ, სიახლეებს იოლად ვხვდები.
დაიწყო პრესკონფერენცია. ირაკლი ტრიპოლსკის თავიდანვე ვაწყნარებდი. დარბაზში შევედით და ჟურნალისტებს მივესალმეთ. პირველი არხი ვერ ახერხებდა ჩართვას, ნეტავ რატომ? სასაცილოა. ვათვალიერებ დარბაზს და სახეებს. ძალიან ბევრ მოღიმარ სახეს ვხედავ. ეტყობათ, ვინ როგორი განცდით არის მოსული. გაცილებით ნაკლები იყო მტრულად განწყობილი, რამაც გამახალისა და დაძაბულობა მომიხსნა.
პირველივე კითხვა, რომელიც ჩემი წინასიტყვაობის შემდეგ პირველმა არხმა დასვა, მოსალოდნელად კრიტიკული და ხანგრძლივი იყო. ახალგაზრდა გოგონას, ჩემდა გასაოცრად, ძალიან მკაცრი და მტკიცე სახე ჰქონდა. ვთხოვე, დამშვიდებულიყო. აშკარად ვგრძნობდი, რომ დაძაბული იყო და კითხვის დასასმელად მოსულს კი არა, უფრო საომრად გამზადებულს ჰგავდა. გულით შევეცადე, დაძაბულობა მოხსნოდა. ვუთხარი, დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.
მის კითხვაში, რომელიც გამოსვლას უფრო ჰგავდა, ჩვენ გვაბრალებდნენ იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებდა ორი თუ სამი კვირის განმავლობაში. ჟურნალისტი ამბობდა, რომ საშინლად მოექცა ჩვენი დაცვა და აქაც ვხედავდი, რომ ეს უფრო მისი სურვილი იყო, ვიდრე რეალობა. ამ დროს, ვითომ ჩაკითხვისთვის მოდერატორს მიკროფონს არ უბრუნებდა. პირველ არხს უნდოდა, რომ მუქ ფერებში წარმოეჩინა ვითარება. ამას ველოდი და მშვიდად შევხვდი.
ვიცოდი, თითქმის მთელი საქართველო მიჯაჭვული იყო ტელევიზორთან. ამიტომ, ვცდილობდი პასუხები პირველ რიგში ხალხისთვის ყოფილიყო გასაგები. ამ ხელოვნურმა აურზაურმა, სამწუხაროდ, არ მომცა საშუალება, სრულყოფილად გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე.
მიუხედავად მათი საქციელისა, არ მინდა ამ ახალგაზრდების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვიყო. საერთოდ, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დანაშაული ამ ბავშვების პროპაგანდისტულ ხორცის მანქანაში გატარება და ყურში მოსისინე ხმის მონური მორჩილების მოთხოვნაა. ურთულესი ამოცანა იქნება მათთვის პროფესიული ღირსების დაბრუნება. იმედია, ჯერ კიდევ არ არის გვიან და ჩვენ ამას მოვახერხებთ.
ხელისუფლების მიერ მომზადებული, და ჟურნალისტების მიერ გახმოვანებული ყველა „ჩამჭრელი“ კითხვა დაისვა. პასუხიც გაიცა. ახლა საზოგადოებამ შეაფასოს – ვინ ვინ არის.
2 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილით ძალიან მინდოდა დატვირთული ვარჯიში, მაგრამ ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ ოჯახთან ერთად კარგად გავატარე დრო. ჩემ პატარასთან ვითამაშე. ძალიან ბედნიერი იყო ეკაც, ათის ნახევარზე შემოგვიერთდნენ გვანცა და ბერა.
ჩემი მეორე საუზმე 10 საათზეა. ჩემი შვილებისათვის კი ეს პირველია. ამის შემდეგ ბერას ახალ სიმღერას მოვუსმინეთ, ძალიან მომეწონა, ბედნიერი ვიყავი. ჰო მართლა, დამავიწყდა... ორშაბათს და სამშაბათს ბერამ ახალი სიმღერები მომიტანა. ძალიან მითანაგრძნობს ბერა. ყველაზე მეტად ალბათ ის მეხმარება ეკას შემდეგ. 16 წლის ბიჭი, სრულად გრძნობს სიტუაციას და გვერდით მიდგას. განსაკუთრებით მოეწონა ის ადგილი, სადაც ვამბობ - „არა, რუსულად არა!“ დღემდე ვერ მოვახერხე ჩემი პრესკონფერენციის ნახვა, დრო არ მაქვს. მხოლოდ სადილის დროს მაჩვენა ეკამ ჩემი გამოსვლის პირველი შვიდწუთიანი მონაკვეთი.
უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ხელოვნურად მოწყობილი რია-რიას გამო, საფუძვლიანად ვერ მოხერხდა ძირეულ საკითხებზე საუბარი, რითაც მინდოდა საქართველოს მოსახლეობისთვის მიმემართა. ჩემი ძირითადი სატკივარი არიან გლეხები, რომელთა ბედს მუდმივად განვიცდი. იმედი მქონდა, რომ ერთი კითხვა მაინც გაჩნდებოდა ამ თემაზე, მაგრამ ვერ მოხერხდა. ბევრი სხვა თემაც უყურადღებოდ დარჩა. ჩვენი მონდომება მეტიც რომ ყოფილიყო, ალბათ, მაინც ვერ მოხერხდებოდა, რადგან სახელისუფლო მედიის ჟურნალისტები მოსულები იყვნენ პრესკონფერენციის ჩასაშლელად.
პირველმა არხმა ვერ მოახერხა ვერც ერთი კადრის ჩვენება, სადაც დაცვის წევრები პირად ნივთებსა და პირად წიგნაკებს ჩხრეკდნენ. ერთ კადრში ჩანს, რომ პირველი არხის ჟურნალისტი თავად შლის პირად წიგნაკს და დაცვის წევრი მას არც კი უყურებს. ნათელია, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დაცვის უფროსს ამ თემაზე ჩავეკითხე და მან უარყო, რომ ჟურნალისტებს პირად ნივთებს უსინჯავდნენ. მითხრა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი თავად შლიდა დღიურებს, რითაც თვითონაც გაოცებული იყო…
ჩვენი ამოცანა იყო, ყველა სტანდარტის დაცვით ჩაგვეტარებინა პრესკონფერენცია; სახელისუფლო მედიამ კი სრულიად სხვაგვარი სურათი დახატა.
3 ნოემბერი, ხუთშაბათი
ჩვეულებრივი დღე იყო. კარგად ვივარჯიშე, შემდეგ სასეირნოდ გავედი.
ტელევიზიას ვერ ვუყურებ ხოლმე, დრო არ მაქვს. შევეცადე, გამეანალიზებინა ის გამოხმაურებები, რომლებიც პრესკონფერენციას მოჰყვა. მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. კიდევ ერთხელ ველაპარაკე დაცვის უფროსს. მან დამარწმუნა, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ და ეს გაუგებარი თამაშები იყო. მივხვდი, რომ გეგმაში ჰქონდათ არაორგანიზებულობისა და ქაოსის შექმნა. არ გამოუვიდათ. სამწუხაროა, რომ ამ ხმაურისა და ყვირილის ფონზე ბევრმა ჟურნალისტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა.
ბევრი, და მათ შორის პოლიტიკოსებიც, ამბობდნენ, რომ შეხვედრა ცუდად იყო ორგანიზებული. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი ღიად და გახსნილად წარმართულიყო. ყველა ჟურნალისტს მისცემოდა კითხვის დასმის საშუალება. შევქმენით სამუშაო გარემო, სპეციალურად არ გავაკეთეთ სია, რომ შემდეგ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ ეს სია წინასწარ იყო მომზადებული და რიგითობა - არაობიექტური შერჩევის პრინციპით განსაზღვრული. შეგნებულად არ დავდგით შტატივზე მიკროფონები, ვვარაუდობდით, რომ იქ რიგს არ დაიცავდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყოფილიყო მოდერატორი და პრესცენტრის ორ თანამშრომელს მიკროფონი ეტარებინა. გვინდოდა, რომ რიგი ყოფილიყო ცოცხალი და არა წინასწარ გაწერილი. ეს უფრო დემოკრატიული იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, პრესკონფერენციაზე მოსულ ადამიანს ზრდილობას ვერ ასწავლი. ეს მას ნასწავლი უნდა ჰქონდეს. გამიკვირდა, ზოგიერთი ჟურნალისტი როგორ არ სცემდა პატივს საკუთარ კოლეგებს. ასეთი რამ არასდროს მენახა! ამიტომაც ზოგიერთს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პრესკონფერენცია ცუდად იყო ორგანიზებული, არადა, მე ასე არ ვთვლი.
4 ნოემბერი, პარასკევი
ყოველდღე, როგორც წესი, 10 საათისთვის დედაჩემს ვურეკავ. ის ძალიან კარგ გუნებაზეა. თვითონაც მოეწონა. დაგაწინაურეს თუ არაო - სულ მეხუმრება. დედიკოს ვეძახი დღესაც. ზოგჯერ მახსენდება, რომ 55 წლის ვარ და ამ რეჟიმში ვრჩები. მიხარია და უხარიათ ჩემს შვილებსაც. დედა განსაკუთრებით კმაყოფილია. 89 წლისაა და, როცა ვურეკავ, შემთხვევით ტელეფონს თუ არ იღებს, საშინლად განვიცდი და ვეძებ ვინმეს, რომ ამბავი მოვიკითხო. საკმაოდ საღად აზროვნებს ასაკის მიუხედავად. ცოტა დამძიმდა და კარგად ვერ მოძრაობს. ყოველი ზარის შემდეგ, ვწყნარდები ხოლმე. ხშირად ვურეკავ ექიმებს, ვამოწმებ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დედაჩემს ეს ყურადღება ძალიან სიამოვნებს. კარგი გუნდი შეიქმნა საჩხერის საავადმყოფოში და კმაყოფილი ვარ. დედაჩემსაც ძალიან აქცევენ ყურადღებას.
5 ნოემბერი, შაბათი
დღეს დილიდან გაგრძელდა ყოველდღიური რეჟიმი და ეს უკვე იცის ჩემმა გუნდმა... ცოტა ემოციურად დავიწყე რუსული თემის გაშლა, რომელსაც ატრიალებენ ტელევიზიები და არა მხოლოდ ის სამი „ნაციონალური“ არხი, რომელიც აშკარად სააკაშვილის პოზიციას გამოხატავს.
როდესაც 2008 წელს სააკაშვილს დავემშვიდობე და ყველანაირი ურთიერთობა შევწყვიტე მასთან, ორი-სამი თვის შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ ბინძური შეტევა წამოიწყო ერთ-ერთი მედიაჰოლდინგის საშუალებით. ეს მათი ეგრეთ წოდებული „კამპანია“, რამდენიმე თვე გრძელდებოდა. რუსული თემა აბსოლუტურად ამოწურეს და სამ-სამჯერ, ერთსა და იმავე თემას უბრუნდებოდნენ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჟურნალისტები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ „რუსულ თემაში“ გარკვევას. მხედველობაში მყავს ჟურნალისტები და არა ნაციონალური არხები. ჟურნალისტები ძალიან იბნევიან, რაც, ცოტა არ იყოს, მაოცებს. როგორ ახერხებენ ამას და რატომ ვერ ხვდებიან, რომ რუსულ თემატიკაზე პასუხები ჯერ კიდევ 2005 წელს გავეცი ინტერვიუში, რომელიც „ვედომოსტის“ მივეცი და ამ ინტერვიუდან შეიძლებოდა ამ თემებზე პასუხის გაგება. ჩემი პასუხებიდან გამომდინარე, კითხვები აღარ უნდა რჩებოდეს.
მეორე და მესამე რაუნდები ჰქონდათ ჩემზე თავდასხმის. და ბოლოს, რაგინდ სასაცილო უნდა იყოს, ნათელაშვილის პირით სააკაშვილი მადანაშაულებდა იმაში, რომ მე ვარ საქართველოს მტერი, იმიტომ რომ ვეხმარები სააკაშვილს. სასაცილოა არა? სააკაშვილი მადანაშაულებდა იმაში, რომ მე სააკაშვილს დავეხმარე?! სხვა მეტი ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. და მინდა, ეს იცოდეს საზოგადოებამ: ეს იყო მესამე და ბოლო რაუნდი, რაც ამ ბოლო 2-3 წელიწადში დაგეგმეს სააკაშვილმა და მისგან მართულმა მედიამ.
მე მჭირდება რეალური შეფასება და კრიტიკა, რომ შეცდომა არ დავუშვა მომავალში. იმის მაგივრად, რომ კითხვები გააღრმავონ, სხვადასხვა კუთხიდან დასვან, ნახონ და მიმითითონ, თუ რამე მეშლება, რაც ჩემთვისაც საინტერესო იქნება, მუდმივად უბრუნდებიან გაცვეთილ თემებს. უამრავი განცხადება გავაკეთე იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომავალში. არ ვთვლი, რომ ყველაფერი იდეალურად ავხსენი, თუმცაღა, ძალიან გააზრებულად ვცდილობდი მეთქვა, რა როგორ მესმის და რას ვაპირებ. იქნებ აქეთ მიმართონ კითხვები მომავალში და ეს იქნება გაცილებით უკეთესი ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც. გაცილებით მეტ სარგებელს მოგვიტანს მსჯელობა, დისკუსია, ჯანსაღი კრიტიკა და ანალიზი.
პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნის მძიმე მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. აქამდე არასოდეს ვყოფილვარ საჯარო პირი და არც მინდოდა ეს. ახლა კი, ჩემი ცხოვრების ყოველ დეტალს სწავლობენ და რადიო „თავისუფლებისათვის“ დღიურებს ვწერ. ესე იგი, პოლიტიკაში ბოლომდე შემომიბიჯებია. და მაინც, ბედნიერი ვარ... მხარში მიდგანან არა მხოლოდ ჩემი ეკა, დედაჩემი და ბავშვები, არამედ მრავალი სრულიად უცნობი ადამიანიც თანადგომას მიცხადებს. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს მოსახლეობის ის სოლიდარობის განცდა, რომელსაც ისინი „ქართუ ბანკთან“ მიმართებაში გამოხატავენ. ეს მიმტკიცებს რწმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
1482
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85