ინდური კომპანია „Trans Electrica Limited“ ხუდონჰესის მშენებლობას 2012 წლის აპრილში გეგმავს. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე 2009 წლის დეკემბერში ხელი უკვე მოეწერა. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას ეს პროექტი 1მლნ. ლარამდე დაუჯდება.
ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობას კი სოფელ ხაიშისა და მიმდებარე სხვა სოფლების დატბორვა მოჰყვება. შესაბამისად, 250-მდე ოჯახს მშობლიური ადგილისა და წინაპართა საფლავების დატოვება მოუწევს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა განსახლების წინააღმდეგია, მითუმეტეს ჰესის მშენებარე კომპანიას შესაბამისი გეგმა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
ამ საკითხების მოგვარებას ეხებოდა 4 ნოემბერს ხაიშში გამართული შეხვედრა, სადაც კომპანია „Trans Electrica Limited“-ის წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროექტის პირველადი დოკუმენტი, ე.წ. სკოპინგი გააცნეს. სამ საათიანი „სოციალური დიალოგი“, სადაც ადგილობრივებს პროექტის ავტორებისგან ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან ერთად მათი განსახლების საკითხიც უნდა მოესმინათ, ხმაურიანად მიმდინარეობდა. შეხვედრის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უპირობო დაწყების თაობაზე კომპანია „Trans Electrica Limited“-ის გენერალური დირექტორის, პაატა წერეთელის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
მესტიის საავადმყოფოს ექიმი, ომარ ჭკადუა წერეთლის განცხადებას იქვე გამოეხმაურა: „თუ გადაწყვეტილია ხუდონჰესის მშენებლობა, ჩვენთან შეხვედრას რა აზრი აქვს? აშენდა ენგურჰესი, აშენდება ხუდონჰესი, ამას მოჰყვება მთელი კასკადები, ტობარჰესი, ლუჰაგესი, ლატალჰესი და მგონია, რომ სვანეთი სამოსახლოდ აღარ ივარგებს. რაკი ერთხელ გატყდი, გამტყდარი ხარ ბოლომდე და ხელსაც ვეღარ შეუშლი. მხოლოდ ენგურჰესის არსებობით სვანეთში გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიები გავრცელდა. როგორც ჩანს ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე აქ არავინ ფიქრობს. არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. თუ რამე დოკუმენტი დაიდება, ის სრულყოფილი ნამდვილად არ იქნება და რისკის შეფასებები მხოლოდ დოკუმენტისთვის იქნება შექმნილი.“
განსახლების წინააღმდეგია და ინვესტორებისგან გეგმის დაუყონებლივ გაცნობა მოითხოვა ხაიშელმა ლინა ლომთაძემ:
„ვინ გადაწყვიტა ჩვენი გასახლება აქედან, ან სად უნდა ჩამასახლოთ? გადამასახლოთ, რა, სტიქიაში მოვყევი, მტერი შემოგვესია, გვართმევს ვინმე მიწა-წყალს თუ რა, რატომ უნდა აგვლაგმონ აქედან? თუ გარდაუვალია ჩვენი აქედან აყრა, მოვიდეს ის ინვესტორი დროზე და დაგველაპარაკოს. ჩვენ ყველანაირად ვიზიარებთ სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ სახელმწიფომაც ხომ უნდა გაიზიაროს ჩვენი ტკივილი. ხაიში ასე ადვილად გასანადგურებელი სოფელი არ არის. აქ ჩვენი წინაპრების საფლავები, წმინდა გიორგის სახელობის მრავალსაუკუნოვანი ტაძარია და ეს ყველაფერი წყალმა უნდა შთანთქოს? ეს ადვილი დასათმობი არ არის“. -აღნიშნა შეხვედრაზე ხაიშელმა მიმოზა ჭკადუამ.
კომპანიის წარმომადგენლებისგან პროექტის ალტერნატიული ვარიანტის შესაძლებლო განხილვის საკითხზე პასუხის მიღება ხაიშში მცხოვრებმა ზურაბ ნიჟარაძემ ითხოვა. თუმცა ეს თემა დღის წესრიგში 2008 წელსაც იდგა, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ხუდონჰესის აშენებას სხვა ტერიტორიაზე, მთის გაღმა მოითხოვდა და ფიქრობდა, რომ ამით სოფელი დატბორვას გადაურჩებოდა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ალტერნატიული ვარიანტები აღარ განიხილება, რადგან ყველა სხვა დანარჩენი ინვესტორებს იმაზე მეტი დაუჯდებათ ვიდრე ხუდონჰესის მშენებლობა.
ხაიშის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კომპანია „Trans Electrica Limited“-ს აქტიურ ოპონირებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. სკოპინგის დოკუმენტში მან ბევრი შეუსაბამობა აღმოაჩინა და კომპანიის წარმომადგენლები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ბატონო დავით, თქვენ ძალიან მწვავე რეაქცია გქონდათ იმ განცხადებაზე, როცა პროექტის განხორციელება გადაწყვეტილად გამოცხადდა. რეალურად რა ხდება?
– ის, რაც წერეთელმა განაცხადა, სრული სიცრუეა. სკოპინგის შეხვედრა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ პროექტის დაწყება გადაწყვეტილია. ეს არის მხოლოდ წინასწარი კვლევა, რომელიც ზოგადად მიმოიხილავს არსებულ სიტუაციას. შემდგომ ამ წინასწარ კვლევას სჭირდება დეტალური კვლევა და ანალიზი, რომელიც უკვე კონკრეტულად იმ რისკებს და შემარბილებელ ღონისძიებებს აფასებს, რაც პროექტის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ასე ადვილად, ერთი ხელის მოსმით, რომ ჩვენ მთავრობასთან ხელშეკრულება დავდეთ, კომპანიის მხრიდან, არასერიოზულია. მთავრობასთან მემორანდუმი ძალიან ბევრმა კომპანიამ გააფორმა, მაგრამ ბევრი დღემდე განხორციელებული არ გვინახავს და იმედია, ვერც ვნახავთ.
თქვენ კომპანიის კომპეტენციაც ეჭვქვეშ დააყენეთ...
– ეჭვქვეშ კი არ დგას, პირდაპირ ვაცხადებ, რომ მათ არ აქვთ სათანადო კომპეტენცია მთელი რიგი პროცესების მართვის და ეს იქნება ძალიან სერიოზული კატასტროფა საქართველოსთვის. „Trans Electrica Limited“-ს თურმე იმდენი ჰესი ჰქონია აშენებული მსოფლიოს მასშტაბით, არადა სკოპინგის დოკუმენტში დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ წერია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ კომპანიას არც ერთი ჰესის პროექტი დაუგეგმავს და არც განუხორციელებია. უფრო მეტიც, საერთოდ არც ერთი ტიპის ბიზნესი უწარმოებია, ელემენტარულად, მაღაზიაც კი არ გაუხსნია სადმე. ჩვენ ამ კომპანიასთან დაკავშირებით სერიოზულ მოკვლევას ვაწარმოებთ. ვფიქრობთ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც მხოლოდ ამ პროექტის დასაფინანსებლად შეიქმნა.
რა სახის ფინანსური შეუსაბამობები აღმოაჩინეთ სკოპინგის დოკუმენტში?
– სკოპინგის დოკუმენტში ცალსახად იყო მოცემული 10-მდე სოფელი, რომელიც მოსალოდნელი დატბორვის გამო უნდა განსახლდეს. დასახელებულია კონკრეტული თანხა, 5 მლნ. ლარი იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც განსახლების ქვეშ პირდაპირ არ ექცეოდნენ. თუ განსახლების დეტალური სამოქმედო გეგმა არ არსებობს, არ შეუსწავლიათ, ანალიზი არ ჩაუტარებიათ და კარდაკარ არ უვლიათ, საიდან მოხვდა ეს 5 მლნ. ლარი აქ. იქნებ 6 მლნ. ლარია საჭირო ან მეტი? დასახელებულია ასევე 4 მლნ. ლარი სხვა ხარჯებისთვის, რომელიც არავინ იცის რა საჭიროებისთვის. ამ დოკუმენტში არ არის მითითებული ის თანხები, რომელიც პროექტის მთავარ პრობლემას, შემოვლითი გზის გაყვანას უკავშირდება. მოგეხსენებათ, თუ მოხდა ხაიშის დატბორვა და ზოგადად ამ პროექტის განხორციელება, არსებული ჯვარი-ხაიში-მესტიის დამაკავშირებელი გზაც დაიტბორება. ამ დოკუმენტში არაფერი წერია იმ კვლევებზეც, რაც უნდა ჩატარდეს ცალკე აღებული ამ გზის მშენებლობაზე, რომელიც იქნება ერთმნიშვნელოვანთა კატეგორიის პროექტი არსებული რეალობიდან გამომდინარე. ეს იქნება ძალიან რთული შესასრულებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მეტი თუ არა ნაკლები თანხა არ დაჯდება ხუდონჰესის მშენებლობის თანხებთან შედარებით. ვინ უნდა გადაიხადოს ეს, სახელმწიფომ? ინვესტორის სასარგებლოდ?
განსახლების გეგმას მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ARPL-ი ადგენს. კომპენსაციის გაცემის დროს გახდება თუ არა პრობლემა არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები?
– არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ზოგადად ამ კუთხის პრობლემაა და ეს ყველამ იცის. სვანეთი განსაკუთრებულ ტრადიციებზე დამყარებული მხარეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე რომელიმე მოსახლე აქამდე გარკვეული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა, მას კომპენსაცია არ მიეცეს. ბევრს საკუთარი კარ-მიდამოც არ აქვს დღეს რეგისტრირებული, სადაც ათეულობით წელი ცხოვრობდა. ასეთი განცხადება პროექტის კონსულტანტი ორგანიზაციებისგან, ARPL -სა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის SENN-ისგან, გაუმართლებელია. მათ მსგავსი ტიპის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი დაწერეს თბილისის შემოვლითი სარკინიგზო გზის პროექტზეც. რა პროცესები მიმდინარეობს იქ და რამდენი საჩივარია შეტანილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მოსახლეობის მხრიდან იმ უკანონობაზე, ყველამ იცის. ვგულისხმობ არა მარტო ავჭალის მოსახლეობას, რომელსაც რკინიგზის გვერდით 10-მეტრში ტოვებენ და კომპენსაციას არ აძლევენ, არამედ მათაც, ვისაც მიწა ჰქონდა, სახლიც და მხოლოდ მეორე სართული აუნაზღაურეს, პირველი სართული კი სახელმწიფო საკუთრებაში დატოვეს. მსგავს სცენარს ველოდები ყველა იმ პროექტში, სადაც ეს ბატონები მონაწილეობენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „Trans Electrica Limited“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა წერეთელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას კონკრეტულ გეგმას ვერ სთავაზობენ, რადგან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია განსახლების საკითხის დეტალურ შესწავლას 7 ნოემბრიდან იწყებს.