ქართული და რუსული მხარეები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე შვეიცარიელების მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდნენ. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბრისთვის არის დანიშნული. ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს განიხილავს.
სააკაშვილი მიღწეულ შეთანხმებას „დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებს“. მისი თქმით, აქამდე ქართულ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის საზღვარზე მიმდინარე გადაადგილებების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2008 წლამდე რუსეთი ყველა საბაბით არიდებდა თავს საქართველოსთან ერთად ამ საზღვრის გაკონტროლებას.
„2008 წელს კი მან ჩაიდინა დიდი საერთაშორისო უკანონობა და აღიარა ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც მსოფლიომ არ გაიზიარა და შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ბოლო რამდენიმე თვე ყველანაირი შუამავლობის პირობებში ისინი მუდმივად უარს ამბობდნენ ამ საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგზე. რუსეთის პირველი წინადადება იყო არანაირი მონიტორინგი, მეორე - მონიტორინგი მხოლოდ იმ დერეფნებზე, რასაც თავად თვლიან საქართველოდ, მესამე - მონიტორინგის ორმაგი რეჟიმი, ანუ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შესულ ტვირთზე ინფორმაციას, რასაც თვითონ ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვმო-ს მიაწვდიდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქართულმა მხარემ ჯამში 10 სხვადასხვა წინადადება უარყო.
მისივე თქმით, ბოლოს, შვეიცარიასთან ინტენსიური მოლაპარაკების შემდეგ შემუშავდა ერთობლივი წინადადება - შვეიცარია ქირაობს საერთაშორისო სერტიფიცირებულ მონიტორებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან შვეიცარიის წინაშე:
„მოცემულია კოორდინატები – ფსოუ და ზემო ზარმაგი, როკის გვირაბი. ამ კოორდინატებში ხდება ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი. პირველად 1992 წლის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ მუდმივ რეჟიმში, საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, მივიღებთ ინფორმაციას ყველა ტვირთის შესახებ, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოდის.
მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება. ჩვენი საბოლოო დიპლომატიური გამარჯვება იქნება მაშინ, როცა აქ იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო მონიტორები, არამედ იდგება საქართველოს საბაჟო-სასაზღვრო სამსახური და ამას მივაღწევთ. რა თქმა უნდა, ტერიტორიულ საკითხებს ვერ გადავწყვეტდით, რადგან ოკუპაციაა და საერთაშორისო თანამეგობრობა ამას აღიარებს. თუმცა, პრინციპი, რომ ოკუპანტი მხარეც დათანხმდეს საზღვრების საერთაშორისო კონტროლს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სამართლებრივი სიტუაციისთვისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“.
„რუსეთი მზადაა მიიღოს კომპრომისული ვარიანტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, რომელიც მომზადებულია შვეიცარიასთან ერთად“, – „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„მზად ვართ კომპრომისული იდეები მივიღოთ, რომლებიც შვეიცარიასთან ერთად მუშავდებოდა. ყველაფერი, რაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედვედკოვმა განაცხადა, მე, როგორც მედვედევი, ვეთანხმები“.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების შესახებ რუსეთი ოფიციალურად მომავალ კვირას განაცხადებს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებამ დაამტკიცა, რომ რუსეთი თანახმა იქნება, დათმოს აფხაზებისა და ოსების ინტერესები, თუკი ეს ინტერესები მის საკუთარ ინტერესებს დაუპირისპირდა:
„ეს უდავო გამარჯვებაა ქართული დიპლომატიის. ხელისუფლების დიპლომატიამ ამ გამარჯვებით, ფაქტობრივად, ივანიშვილის ფორმულის სისწორე დაამტკიცა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს. ივანიშვილიც ამ კონფლიქტების და რუსეთთან ურთიერთობის გადაჭრის გზად მიიჩნევს თვითონ რუსეთის ინტერესების მოძიებას და მის საერთო ინტერესებზე თანხვედრაზე მუშაობას. ანალოგიური პოლიტიკის შედეგი მივიღეთ ამჟამად“.
პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე მოლაპარაკებები პრაგმატული შედეგით სრულდება“:
„საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, პრაგმატულმა მიდგომამ გაიმარჯვა. იქ კი, სადაც პრაგმატიზმი იმარჯვებს, ყველა მოგებული რჩება-ხოლმე. ასე რომ, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის შედეგიანად დასრულდა. ჩვენ მივიღებთ იმას, რომ საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორები განთავსდება, რუსეთი კი, ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. სხვათ აშორის, მე თავიდანვე გამოვრიცხავდი, რომ რუსული მხარე საზღვრებზე ქართველი მებაჟეების ჩაყენებას დასთანხმდებოდა“.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის მოსალოდნელი, რუსეთმა საქართველოსთან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულოს, თუკი მხარეებს შორის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება, აბაშიძე აღნიშნულს ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვს დაპირისპირება არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ შვეიცარიასთანაც მოუწევს.
თავის მხრივ, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპამ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას საქართველოს მოტყუებით მიაღწია. მისი თქმით, მიღწეული შეთანხმებით ქართულს მხარეს არაფერი მოუგია - მოიგო მსოფლიომ და მოიგო რუსეთმა:
„ჩვენთან მოიგო მხოლოდ ქართული ხელისუფლების პროპაგანდამ, რომ თითქოს რაღაცა მოვიგეთ, სინამდვილეში არაფერი არ შეიცვლება და ყველაფერი დარჩება ძველებურად. ეს პროპაგანდა გაძლებს მაქსიმუმ 2-3 თვეს, მეტს არა. ჩვენ სამწუხაროდ ამით დავკარგეთ რუსული ბაზარი, როცა ჯობდა რუსულ ბაზარზე გვეფიქრა და იქ ქართული ღვინის დაბრუნებაზე გვეზრუნა ცოტა მეტი. ამ შემთხვევაში ამის საშუალება იყო. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო პროპაგანდა და ქართველი ამომრჩევლის გაბრუება და მათთვის თვალში ნაცრის შეყრა. რასაც მიაღწიეს. საქართველოს მთავარი ამოცანა იყო, რომ საზღვარზე მდგარიყვნენ ქართველი მებაჟეეები და ეს შესრულებული არ არის“.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ შეთანხმებაში არ ჩანს რომელ საზღვარზეა ლაპარაკი:
„აფხაზები, ოსები და რუსები წაიკითხავენ, რომ მონიტორინგი განხორციელდება რუსულ-ოსურ და რუსულ-აფხაზურ საზღვარზე, ჩვენ წავიკითხავთ რომ ეს მოხდება საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ეს არის დიპლომატიური გამოსავლის ძებნა, რომლისთვისაც მთავარი იყო არა ქართველების ამბიციების დაკმაყოფილება ამ მიმართულებით, არამედ რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში.
ევროპის მთავარი ამოცანა იყო ნებისმიერი ფორმით გაეწევრიანებინათ რუსეთი ვმო-ში და ამას მათ მიაღწიეს საქართველოს მოტყუებით და ყოჩაღ ევროპას!. აღტაცებული ვარ ევროპით, რომ მათ თავისი გაიტანეს ქართული მხარის არაკომპეტენტურობის ხარჯზე“.