თანამედროვე კაზაკები

თანამედროვე კაზაკები

პოსტსაბჭოთა რუსეთის ფედერაციაში გამოჩდა ხალხი, რომელიც საკუთარ თავს აღორძინებულ კაზაკობას მიაკუთვნებს. თუმცა, „რენესანსის“ კონცეპტი, რომელიც პოლიტიკური კონიუქტურის ზეგავლენით შეიქმნა, მნიშვნელოვან კორექტირებასა და რევიზიას მოითხოვს. ამის საფუძველს იძლევა შემდეგი სერიოზული გარემოებები:

პირველი - საუბარი კაზაკობის, როგორც ჯარის სახეობის აღორძინებაზე თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში, სულ მცირე, არასერიოზულია;

მეორე - წოდებრივი გზით განვითარებაც წარმოუდგენელია თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების საზოგადოებაში;

და მესამე - ეთნიკურ აღორძინებაზე პრეტენზიები, ანუ გამორჩეული ეთნიკურობის კონსტრუირება სახიფათო იქნებოდა თავად კაზაკებისთვის, რადგან ეს წარმოშობდა კონფლიქტს, ერთის მხრივ, ფედერალურ ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ, ყოფილი კაზაკური ოლქების არაკაზაკ, უპირველეს ყოვლისა, რუსულ მოსახლეობასთან.

ამ გარემოებებისა და ბოლო საუკუნის განმავლობაში მომხდარი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თუ სხვა სახის ცვლილებების გათვალისწინებით უფრო სწორი იქნება თანამედროვე კაზაკური მოძრაობა ნეოკაზაკობად იქნას განხილული.

ნეოკაზაკური იდეოლოგია ნაუცბათევად შექმნილ მითებზე დგას და წარსულის გაიდეალებით საზრდოობს. ითვლება, რომ კაზაკობა იყო უნიკალური მოვლენა: დამოუკიდებელი სამხედრო–პოლიტიკური ერთეული რუსეთის შიგნით, რომლის თითოეული წევრი საკუთარი არსებობის აზრს იმპერიული იდეოლოგიური ფასეულობებისთვის ბრძოლაში ხედავდა. ნეოკაზაკთა წარმოდგენით მათ წინაპრებს უძლეველი ლაშქარი ყავდათ, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელს ევროპას.

წინაპართა ტრადიციული თუ სამხედრო-პატრიოტული სულის ძიებაში ნეოკაზაკები აბსურდულ წინააღმდეგობებამდეც კი მიდიან: ისინი საკუთარ თავს თეთრი მოძრაობის მემკვიდრეებად მოაზრებენ და სძულთ კაზაკობის მომსპობი წითელი არმია, მეორე მხრივ, ამავე წითელ არმიას აღმერთებენ სამამულო ომში გამარჯვების გამო, თუმცა, ამავდროულად თაყვანს სცემენ პრონაცისტურ „კაზაჩი სტან“-ს.

ცნობისთვის: ომის დაწყებისთანავე ემიგრანტმა კაზაკებმა ატამანების მოწოდებით საკუთარი ნაწილები ჩამოაყალიბეს და გერმანული დროშების ქვეშ ჩაებნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში. მოგვიანებით მათი რიგები ყოფილმა სამხედრო ტყვეებმა და ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთაგან გადასულებმა შეავსეს. იდეოლოგიურად ისინი რუსული ნაციონალიზმითა და ტრადიციონალიზმით საზრდოობდნენ.

ტერმინი „აღორძინებული კაზაკობა“ პირველად მათ შორის გაჩნდა: ასე მოიხსენიებდნენ ისინი საკუთარ თავს. გამარჯვების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ დატყვევებული კაზაკები, როგორც სამშობლოს მოღალატეები გულაგში განამწესა. მათი მეთაურები: გენერლები ფონ პანვიცი, კრასნოვი, შკურო, სულტან-გირეი კლიჩი და სხვა ოფიცრები – ჩამოახრჩო. რამდენიმე წლის წინ კი როსტოვის ოლქში თეთრი მოძრაობის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე დაიდგა გენერალ კრასნოვის ძეგლი.

სხვათა შორის, II მსოფლიო ომის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა სამხედრო სამსახურის აკრძალვა კაზაკებისთვის და მათი ნარჩენებისგან რამდენიმე შენაერთი ჩამოაყალიბა. ადვილი მისახვედრია, რომ მოსალოდნელი ომისათვის მზადების ფარგლებში სტალინი რუსული ეროვნული და სამხედრო-პატრიოტული გრძნობების გამოღვიძებაზეც ამყარებდა იმედებს.

ცნობები ნეოკაზაკების რაოდენობაზე წინააღმდეგობრივია. რუსეთის დუმის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის 2005 წლის განცხადებით მათი რაოდენობა ოჯახის წევრებთან ერთად 30 მილიონი იყო. იმავე პერიოდში კაზაკობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გენერალი გენადი ტროშევი 760 ათასს ასახელებდა. 2010 წელს კი ალექსანდრე ბეგლოვმა – რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კაზაკობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ექსპერტთა შეფასებით რუსეთში 7 მილიონამდე ადამიანი მიაკუთვნებს საკუთარ თავს კაზაკებს, ოჯახის წევრების ჩათვლით“.

1913 წლის აღწერის მიხედვით რუსეთის იმპერიაში 5 მილიონამდე კაზაკი ცხოვრობდა. I მსოფლიო ომმა, შემდეგ სამოქალაქო ომმა და განკაზაკებამ და, ბოლოს, II მსოფლიო ომმა ისეთი სიძლიერის დემოგრაფიული დარტყმა მიაყენა ამ ჯგუფს, რომ არათუ 7 და, მითუმეტეს, 30 მილიონ, არამედ 760 ათას ადამიანზეც კი საუბარი ცალსახა გაზვიადებაა. საყურადღებოა, რომ  სრულიად რუსეთის 2002 წლის აღწერის მონაცემებით რუსეთის ფედერაციაში 140 000 ადამიანი მიაკუთვნებდა საკუთარ თავს კაზაკებს. მათი უმრავლესობა 95% სამხრეთ ფედერალურ ოლქში ბინადრობს.

ნეოკაზაკების ჩაცმულობაც უცნაურია, რომ არ ვთქვათ ოდიოზური. ისინი გასული საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის სამხედრო უნიფორმებში დადიან და სხვადასხვა პერიოდის საბრძოლო ჯილდოებით იმშვენებენ მკერდს. მათი განუყრელი აქსესუარია მათრახი და, შედარებით იშვიათად, ხმალი. თანამოქალაქეების მხრიდან მათი მისამართით ყველაზე ხშირად გაიგონებთ ეპითეტს რიაჟენნიე – მოკაზმულები.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ნეოკაზაკობას. 1992 წლის რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს დადგენილებით „კაზაკობის რეაბილიტაციის შესახებ“ დაიწყო პროცესი ნეოკაზაკობის მდგომარეობის სამართლებრივი ლეგიტიმიზირებისთვის, რომელიც  დღესაც გრძელდება.

1995 წლიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებობს კაზაკური ჯარების მთავარი სამმართველო. 2003 წლიდან ამ სამმართველოს ბაზაზე შემოღებულია კაზაკობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა.

2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა „კაზაკობის მიმართ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“. კონცეპციით განისაზღვა სახელმწიფო პოლიტიკის ორი მიზანი:

რუსეთის კაზაკობის სახელმწიფო და სხვა სამსახურის ჩამოყალიბება და განვითარება;

რუსეთის კაზაკობის სულიერ-კულტურული საფუძვლების, ოჯახური ტრადიციების აღორძინება, კაზაკური ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის განხორციელება.

ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ხდება კაზაკობის ერთგვარი გამოყოფა დანარჩენი საზოგადოებისგან. თუმცა, ნეოკაზაკობის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ფუნქციები გაურკვევლი რჩება.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა რეალურად რა მიზნებს ისახავს ე.წ. „კაზაკობის აღორძინება“.

კაზაკთა მორთულ-მოკაზმული ფასადის მიღმა შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათლად ჩანს პარამილიტარული ორგანიზაცია, საკუთარი ნაციონალისტური იდეოლოგიით, სამხედრო  სტრუქტურებითა და სისტემატიური წვრთნით. ამგვარი ორგანიზაციები, როგორც წესი, საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქმნება. მაგრამ, რუსეთის ფედერაციაში არსებობს საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.

როგორც უახლესი ისტორია აჩვენებს, კაზაკობის დანიშნულება ისეთ საგანგებო სიტუაციებში მოქმედებაა, რომელიც ამ სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. მართლაც კაზაკებმა პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველა „ცხელ წერტილში“ მიიღეს შეიარაღებული მონაწილეობა. ისინი იბძოდნენ დნესტრისპირეთსა და იუგოსლავიაში, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში; ცნობილია „ალანსკოე კაზაჩესტვოს“ როლი ინგუშების ხოცვა-ჟლეტაში და ერმოლოვის ბატალიონის გმირობები ჩეჩნეთში.

ბუნებრივად იბადება ვარაუდი, რომ ნეოკაზაკობის ორგანიზება სწორედ ისეთ კონფლიქტებში გამოყენების მიზნით ხდება, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად არ მონაწილეობს.

ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს რუსეთის კავკასიურ რეგიონში, ჩეჩნეთში კაზაკობის ანალოგიური ძალების ფორმირება მუსულმანი მთიელებისაგან.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“

სიუჟეტის პირველი ნაწილი (რუსეთის კაზაკობა)