მძიმე სოციალურ ყოფას ადამიანები ისე ებრძვიან, როგორც შეუძლიათ. ასეთები არიან მათ შორის ჟურნალ–გაზეთების გამყიდველები. სხვა გარე მოვაჭრეებთან შედარებით მათ გაუმართლათ, რადგან ქუჩაში პრესის გაყიდვა მსოფლიოში ყველგან მიღებული ნორმაა.
გამთენიიდან დაღამებამდე ადამიანები თავიანთ საქმეს პატიოსნად ემსახურებიან. ხშირ შემთხვევაში, სამამულო და უცხოური პრესის ყველაზე ერთგული მკითხველები არიან. სხვანაირად დროის გაყვანაც შეუძლებელი გახდებოდა.
ერთი პერიოდი მთავრობა სიმწრით მოპოვებული სამუშაო ადგილებიდან მათ „აყრასაც“ აპირებდა. ამას მოვაჭრეების და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მძაფრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ყველანი მიუთითებდნენ განვითარებულ დასავლურ ევროპულ მაგალითებზე, სადაც ქუჩაში პრესის, წიგნების გაყიდვა ქვეყნის პრესტიჟის საქმეა და მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს.
ვაგზლის მოედანზე მათ ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით. ჩემი ყურადღება ზემოთ, რკინიგზის სადგურისკენ მდგარმა გამყიდველმა მიიპყრო. შემართულს გვერდით დასასვენებელი სკამიც არ მოეპოვება. თუმცა, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ორ მარკეტს შორის კედელთან შეყუჟულია და სკამისთვის სივრცე აღარ რჩება. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
ლავრენტი მელიქიშვილი, 69 წლის: აქ მარტო გაზეთებით ვვაჭრობ. ამიტომ ვერაფერს მეუბნებიან. სალარო აპარატსაც არ მთხოვენ, რადგან სიგარეტები და სხვა გასაყიდი არაფერი მაქვს, როგორც ეს ჯიხურებშია. ყველას თავისი საქმე აქვს. ამაზე მეტი აღარაფერი შემიძლია.
ისე, ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია – ბედნიერებაც და უბედობაც. ადრე ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იქიდან მახსოვს, ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა მასთან მისულ ჟურნალისტს უთხრა, რომ თქვენ ჩემთან შედარებით ბედნიერი ადამიანები ხართო.
ჰკითხეს, ეგ როგორო და ყველა საქმისთვის თავისუფალი და განსაზღვრული დრო გაქვთო გამოყოფილი, მათ შორის დასვენებისთვის, კვებისთვის და ა.შ. მე კი ყოველდღე, დილის ხუთ საათზე ვდგები და სულ ვმუშაობო. ნორმალური სადილისთვის დრო აღარ მრჩება და მთელი დღე უსარგებლო ბუტერბროდებით ვიკვებებიო. თქვენ რა გიჭირთ, კიდევ კარგად ხართო.
ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. არ შეეგუება და მკვდარია. მეც მივეჩვიე და დღემდე ასე მოვედი.
ახლა თუ ეცნობით ჟურნალ–გაზეთებს?
– კარგა ხანია პრესას ვეღარ ვკითხულობ. ამისთვის ნერვები აღარ მყოფნის. თან ეს ტერიტორია თბილისში ყველაზე ხმაურიანი ადგილია და რომც მოინდომო, რას წაიკითხავ?
იყიდება პრესა?
– აქამდე მაგრად ჩამკვდარი იყო ყველაფერი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გამოაცოცხლა და ალბათ, საქართველოს გამთლიანებაზეც საუბრები დაიწყება. მე პირადად ყველაზე მეტად ეს თემა მაინტერესებს და მტკივა.
დღევანდელ ხელისუფლებას ამ საკითხში არაფრით გაატანინეს, ყველაფერი მასზე არც ყოფილა დამოკიდებული. სხვისი არ ვიცი და მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. აფხაზეთს და ცხინვალის დაბრუნება მარტო ჩვენს მონდომებაზე არ არის დამოკიდებული.
აქ მიღებული შემოსავლით თუ ხართ კმაყოფილი?
– არ გეწყინოს, მაგრამ მაგ თემაზე არ ვსაუბრობ, არ მსიამოვნებს და იმიტომ, რადგან აქ ვდგავარ ე.ი. სხვა წასასვლელი არსად მაქვს. ამ დროს შემოსავლის ოდენობას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. ოცდაათი წელია ცოლს გაშორებული ვარ. ჯანმრთელობას ცოტა ვუჩივი, შაქარი მაქვს, მაგრამ სიფხიზლეს არ ვკარგავ და ყოველ დილას სამუშაოზე აქ გამოვდივარ.
ისე, გაზეთების მიმართ ადრინდელთან შედარებით ინტერესი შემცირებულია. ჩვენ ხომ კომპიუტერების ხანაში ვცხოვრობთ. თან მეჩვენება, რომ დიდი გარდატეხების ეპოქა უკვე გამოვიარეთ და კარგა ხანს ასეთ, გარდამავალ მდგომარეობაში ვიქნებით.
ადრე ხალხში რაღაც უფრო მეტი გამოფხიზლება იყო, ნაციონალიზმი, თვითშეგნების გაძლიერება. ახლა ყველაფერი დაკნინებულია, ბევრი რამის მიმართ ინტერესი დაკარგულია. თუმცა ეს დროებით ხდება. სამაგიეროდ, უცხოელები დღითი–დღე მატულობენ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით ამ ადგილებში იგრძნობა.
კონკტერულად რომელ ჯგუფებს გულისხმობთ?
- ჩინელებს და ინდოელებს, რა თქმა უნდა. თქვენ თუ იცით რა მთავარი განსხვავებაა მათ შორის?
გააჩნია თქვენ რა გულისხმობთ.
– ჩინელებზე შეკრული და მობილიზებული ერი, ალბათ, არ არსებობს. აქ ვაგზალზაც მრავლად არიან და მუშაობენ. ჩინელს თავში რომ წამოარტყა, ყურადღებასაც არ მოგაქცევს, ხმას არ გაგცემს და გზას ისე გააგრძლებს. კონცენტრირებულია და მიზანი აქვს დასახული – აქ რომ ფული იშოვოს და იქ სამშობლოში გააგზავნოს. ასეთი ქცევით მსოფლიოს მართლაც დაიპყრობენ.
სულ სხვანი არიან ინდოელები. ცოტა გადაბრუნებული სიტყვა რომ უთხრა, თვალებს დაგიბრიალებენ. ალბათ ამიტომაა, რომ იქ ინდოეთშიც მილიარდზე მეტი რაოდენობის ხალხი ერთმანეთთან მუდმივად მტრულ დამოკიდებულებაშია. ჩინელებზე ამას ვერ ვიტყვით.
თუ არის საშიშროება, რომ უცხოელებმა ადგილობრივებს ისედაც მწირი სამუშაო ადგილები წაართვან?
– არა, მაგის შანსი არ არის. აქ ბევრნი მაინცდამაინც არ არიან. ჩემი აზრით, ისინი უფრო რუსეთს ემუქრებიან, რომელთანაც საერთო საზღვარი აქვთ.
თქვენს სამუშაოს რომ დავუბრუნდეთ, რამდენხანს აპირებთ აქ საქმიანობის გაგრძელებას?
– დღემდე აქ რომ ვდგავარ, ვმუშაობ და საერთოდ, ცოცხალი რომ ვარ, ამაში სიფხიზლე და თავისუფლება დამეხმარა. სახლში, ოჯახში ვინმე ტვინს რომ მირევდეს, ამის ნახევარსაც ვერ გავქაჩავდი. ამიტომ, ყველაზე მთავარი, ალბათ, თავისუფლება და სიფხიზლეა. თორემ ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს ეგუება, საკუთარი სიკვდილის გარდა.