დრონი მეფობენ და არა მეფენი

დრონი მეფობენ და არა მეფენი

მრავალი ჩინებული მსახიობი გვყავდა ქართველებს. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა. დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და თავის დროზე გახმაურებული რამდენიმე კურიოზი შემოგთავაზოთ.

თავდაპირველად ბატონი გია ფერაძე მინდა გავიხსენო, რომელსაც ამ ცხოვრებამ ტრაგიკული ბედი არგუნა. გახსოვთ ალბათ სურათი “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძე მის მიერ განსახიერებულ გმირს ძალიან წააგავდა. ეს წუთისოფელი ისე გაასრულა, რომ მის შესახებ აუგი არავის წამოსცდენია. შეცდომა, შეცდომა კი ცხოვრებაში ვის არ მოსვლია. ბატონი გია იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭითაც დაჯილდოებული ბრძანდებოდა და ამ სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნდებით.

ერთხელ გია მეგობარი გოგოს მანქანით მიდიოდა. გააჩერა ინსპექტორმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ სოფლიდან იყო ჩამოსული. გია ვერ იცნო.

- თქვენი საბუთები, - მოითხოვა. გიამ მიაწოდა საბუთები. ინსპექტორმა დახედა ქალის საბუთებს და გაკვირვებულმა შეხედა გიას: - ქალბატონო მანანა, რატომ არღვევთ მოძრაობის წესებს?

გიამ წყნარად აართვა ხელიდან საბუთი და მინაზებული ხმით კეკლუცად უპასუხა გაოგნებულ ინსპექტორს:

- კარგი რა, მე ჩემი გაჭირვება მეყოფა! – და უკანალის ქნევით, ქალური მიხვრა-მოხვრით მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და ადგილზე გაქვავებულ ინსპექტორს მიაძახა: - ჩაო!.

ერთხელ გიამ ელისო გუდიაშვილის ოჯახში დარეკა და ბებიამისს დაუბარა: - რეჟისორის ასისტენტის სახელით გირეკავთ, ელისო ხვალ დილით, 9 საათზე კინოსტუდიაში გამოცხადდეს კინოფილმ “კასრის” მთავარ როლში საცდელი კადრების გადაღებაზე 234-ე ოთახში. სახლში დაბრუნებულ ელისოს მთელი ოჯახი გახარებული დახვდა.

მეორე დღეს ადრე გამოცხადდა კინოსტუდიაში. მოიარა მთელი კინოსტუდია. სამწუხაროდ 234-ე ოთახი ვერ იპოვა. მერე დარაჯს ჰკითხა, “კასრის” გადამღები ჯგუფი სად არისო. დარაჯმა უპასუხა: კვირა დღეა, არავინ არის, გარდა ფეხბურთის მოთამაშე გია ფერაძისა და მისი მეგობრებისო.

ფერაძის გვარის ხსენებაზე ელისოს ელდა ეცა. მიხვდა, რომ ეს მისი მორიგი ხუმრობა გახლდათ.

გია და ბესო ხიდაშელი რუსთაველზე ტელეფონის ჯიხურთან იდგნენ, მაიმუნობდნენ. იქვე მდგომმა მილიციელმა უყურა, უყურა, ბოლოს მივიდა და მოითხოვა, იქაურობას გაცლოდნენ. გია მიტრიალდა და სერიოზულად მიმართა მილიციელს:

- ბოდიში, ამხანაგო მილიციელო, აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ამ ჯიხურში ეს-ესაა უნდა დაგვირეკონ.

- მაშ კარგი, იყავით, ოღონდაც გამვლელებს ნუ შეაწუხებთ, - თქვა მილიციელმა და იქაურობას გაეცალა.

ერთხელ ასმათ ტყაბლაძე, ნანული სარაჯიშვილი და გია ზეიკო ბოცვაძესთან გვიანობამდე ქეიფობდნენ. ისედაც სერიოზული ასმათი ამჯერად მანქანით იყო და წვეთს არ სვამდა. შუა ქეიფში გია საეჭვოდ გადიოდა ოთახიდან და მალევე ბრუნდებოდა. როგორც მერე გაირკვა, თურმე, ასმათის დედას ურეკავდა:

- ქალბატონო, ასმათს გადაეცით, რომ დარეკა კოტე თოლორაიამ და როდესაც მოვა, აუცილებლად დამირეკოს, გადაუდებელი საქმე მაქვსო.

ასმათი გამთენიისას დაბრუნდა სახლში. დედამ გადასცა კოტე თოლორაიას თხოვნა. ჭოჭმანის შემდეგ ასმათმა მაინც დაურეკა ბატონ კოტეს.

- ბატონო კოტე, ასმათი ვარ ტყაბლაძე.

- ვინ, ვინ? – ჰკითხა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა კაცმა.

- ასმათი, ტყაბლაძე, თქვენი თანამშრომელი. თქვენ ჩემთან დაგირეკავთ და დედასთვის გითხოვიათ, მოსვლისთანავე აუცილებლად დამირეკოსო.

- მეეე? დამირეკავს? შენს დედასთან? შვილო ასმათ, მე არსად დამირეკავს, შენ თავად ხომ არ გაგირეკავს ამ უთენიაზე? – უკითხავს ბატონ კოტეს.

ასმათი უცებ მიხვდა, რომ ეს გიას ოინი გახლდათ.

გია ფეარაძის შემდეგ მშვენიერი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე გავიხსენოთ და მის რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ.

“როცა პატარა ვიყავი, ბებოს გვერდით მაძინებდნენ. სანამ ჩამეძინებოდა, წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. ერთხელ წიგნის კითხვის დროს ხმამაღლა ავღრიალდი. მამაჩემი შემოვარდა: - დოდო, რა მოგივიდა? – მკითხა. – მოკვდა, - ტირილით ვუპასუხე. გვერდით საწოლში ბებო იწვა. მამამ მას შეხედა, მერე გაოცებულმა მკითხა: ვინ მოკვდა? – კიუხელბეკერი. – მის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. – კიუხელბეკერი ერთი საუკუნის წინ მოკვდა, ახლა რა გატირებს? კიუხელბეკერს მოგცემ მე შენ! – გამიწყრა მამა, თან შვებით ამოისუნთქა.”

“საგარეჯოს კულტურის სახლში “მეფე ერეკლეს” ვთამაშობდით. ვასრულებდი ანა ბატონიშვილის როლს. სცენა ასეთი იყო: ანა ბატონიშვილი თავს იკლავს, ბესიკი – იაშა ტრიპოლსკი დასტირის სატრფოს.

გავითამაშეთ ეს სცენა. უცებ სცენაზე ამოვარდა 8-9 წლის ბიჭი. აღელვებული დამაკვირდა, მერე გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი.”

“სამეგრელოში ვართ გასტროლებზე. ერთი გოგონა მეკითხება:

- დოდო ჭიჭინავა ბრძანდებით?

ბიჭებს გაეცინათ და უთხრეს:

- კი, ასეა, სადაც ჩავა იქაურია.”

ბატონი ბორის წიფურია ერთი პერიოდი თბილისის ცირკის დირექტორად მუშაობდა. ერთ სეზონზე რუსული ცირკი ჩამოვიდა საგასტროლოდ თავისი მაიმუნებით, ჟირაფებით, სპილოებით და აქლემ-კოზაკებით, ვეფხვებით და ლომებით. ზაფხული იდგა და ლომ-ვეფხვებს ცირკის უკან მიუჩინეს ბინა, გალიაში ღია ცის ქვეშ.

ბორისმა ერთი თანამშრომელი დაიბარა თავისთან ოპერატიულად, წადი ახლა შენ და სასწრაფოდ, დაღამებამდე სამი მაგარი ძაღლი იშოვე და მოიყვანეო, მისცა დავალება. სად არ იბოდიალა იმ საწყალმა თანამშრომელმა, მაგრამ კარგ და ჯიშიან ძაღლს რომელი ჭკუათმყოფელი მისცემდა? არადა, ცარიელი რომ მისულიყო, ბორია მოკლავდა და როგორც იქნა, მოიფიქრა: მოძებნა რის ვაი-ვაგლახით სამი გაქუცული, მაწანწალა ძაღლი და მიჰგვარა ბორიას. ბორიამ “ჩაუთვალა” დავალების შესრულება.

- კი მაგრამ, ბატონო ბორია, - ეკითხება ის კაცი, - რად გინდათ ის ძაღლები?

- შე უტვინო, სულ დღე ხომ არ იქნება, საცაა დაღამდებაო.

- მერე? – კიდევ უფრო გაკვირვებულმა შეხედა.

- მერე, დავაბამ ლომებთან და ვეფხვებთან ახლოს ამ ძაღლებს, აბა ლომები რომ მოგვპაროს ვინმემ, ვინ გვაპატიებსო.