ღია წერილი ნაციონალური მოძრაობის მეორე ეშელონის ერზაც-პოლიტიკოსებს

ღია წერილი ნაციონალური მოძრაობის მეორე ეშელონის ერზაც-პოლიტიკოსებს

ღიაწერილი ნაციონალური მოძრაობის მეორე ეშელონის ერზაც-პოლიტიკოსებს:  ე. კვერნაძეს, მ. მაჭავარიანს, ხ. გოგორიშვილს, გ. წერეთელს, ფ. თოდუას, კ. ხაბაზს, გ. ასანიძეს, შ. მალაშხიას, ა. ბობოხიძეს, რ. კერვალიშვილს, გ. გოგუაძეს, მ. სამადაშვილს, ნ. ჯანაშიას, ი. კენჭოშვილს, ლ. მინდელს, კ. ოქრიაშვილს, გ. კაკალაშვილს, რ. ბჟალავას, კ. კვიციანს და სხვებს – უმცირესობის უმრავლესობას („ესენი ვინ არიან?-თ“) 

მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ თქვენ წერილს მოგწერდით. სად – თქვენ და სად – მე? მაგრამ არის ერთი სერიოზული საფუძველი, თქვენ და მე თანამოქალაქეები ვართ. ანუ თქვენ, ისევე როგორც მე, საქართველოს მოქალაქეები  ბრძანდებით. გამოგიტყდებით, არაფერი მექნებოდა საწინააღმდეგო, თქვენ რომ არ იყოთ საქართველოს მოქალაქეები. და დარწმუნებული ვარ, თქვენც ზუსტად იგივეს ფიქრობთ ჩემს და ჩემნაირების შესახებ. 

ან მე კი რა მოსატანი ვარ, როდესაც თქვენ (უფრო სწორად – თქვენმა სათაყვანებელმა და უნაკლო პრეზიდენტმა) აჰყარეთ მოქალაქეობა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მთელი 15 წელია აფინანსებდა უამრავ გაჭირვებულსა და ყველაფერს სანუკვარს, რომელთა და რის დაფინანსებაზე თქვენ არასოდეს გიფიქრიათ, რადგან მხოლოდ საკუთარი თავი გახსოვდათ! და იმაზეც არ გიფიქრიათ, რომ ეს ადამიანი თქვენც გაფინანსებდათ. მაგრამ მე მინდა, რომ თქვენგან განსხვავებით, არ ვწყვეტდე იმას, ვინ არის ამ ქვეყნის მოქალაქეობის ღირსი, და ვინ – არა. 

თქვენ ჩვენი მთავრობის გაგრძელება ბრძანდებით. სერიოზული კუდი თუ შლეიფი, როგორც გენებოთ… თუმცა სერიოზული ფუნქცია თქვენ არ გაქვთ, მხოლოდ დეკორატიული გამწვანების როლს ასრულებთ. როცა ქვეყნის რეალურ მმართველ ბანდას სჭირდება, თქვენ წინასწარ დაწერილ როლს გაძლევენ, რომელიც თქვენ გამოთქმით უნდა წაიკითხოთ, გრძნობა და ემოცია უნდა ჩააქსოვოთ, მტერი უნდა დაგმოთ და მაფიოზურ ბანდას ერთგულება უნდა დაუდასტუროთ. 

ამისთვის თქვენ გპატიობონ ვალებს, გაძლევენ კრედიტებს, გიმტკიცებენ მიწის ნაკვეთებს და გაგებინებენ ტენდერებს. თქვენი შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ და თქვენი ოჯახის წევრები ტელევიზიების თუ სპა სალონების ხელმძღვანელობაში იმდენ ფულს იღებენ, რაც თქვენ არასოდეს დაგესიზმრებოდათ. და რა ფასს იხდით ამაში, არ დაფიქრებულხართ? 

თქვენ ამაში იხდით სამშობლოს ღალატით! 

თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, თქვენს უბადრუკ, მოჩვენებით და დროებით კეთილდღეობას ყიდულობთ სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე. ყიდით ყველაფერს – მიწას, საზღვრებს, ხე-ტყეს, საზღვარგარეთ საშოვარზე გადახვეწილი ადამიანების მომავალს, ლტოლვილების იმედს, ბავშვების ბედს… მათ შორის საკუთარი შვილებისაც, რომელსაც არ ფიქრობთ, რომ თქვენი საქციელით სამშობლოს ართმევთ. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ძალიან შორსმჭვრეტელები ბრძანდებით, მაგრამ არც ისეთ ახლომხედველები მგონიხართ, რომ ვერ ხედავდეთ – ასე გაგრძელება შეუძლებელია! 

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ნებისმიერ ილუზიას აქვს ბოლო, რომ ტყუილი რაც უფრო დიდია და დამაბრმავებელი, მით უფრო ხანმოკლეა. თქვენი ხელისუფლების გემი უსაშველოდ იძირება და ამას ყველა დაინახავს, ბრმის გარდა. თქვენ აღარ გაქვთ ქვეყნის სამართავი სახსრები – ვალი კატასტროფულად იზრდება და არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, რადგან ექსპორტი იმპორტზე 5-ჯერ მეტია, ინვესტიციები აღარ შემოდის, ბიზნესი უკვე დასამარებულია, 2012 წლიდან კი საგარეო ვალების მომსახურების პროცენტის თანხა  ნახევარი მილიარდ დოლარზე მეტი გვექნება გადასახდელი. 

არავითარ ახალ სესხს ძველი ვალის გადახდების გარეშე არავინ გვაღირსებს და ილუზიაა ის, რომ თქვენს მთავრობას ვინმე რაიმეს ასესხებს. ერთადერთი გზა, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ფინანსები იშოვოს, ქვეყნის დარჩენილი ტერიტორიების გაყიდვაა. თქვენ, რომელნიც მუდამ მოსამართი სათამაშოებივით ტიტინებთ სამშობლოს გაყიდვის საშინელ ცოდვაზე, რატომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენი ხელმძღვანელობა ჰყიდის ქვეყანას, ხალხს და მის მომავალს? როგორც ფიქრობთ, ამ უმძიმესი დანაშაულისა და ცოდვისთვის , თუნდაც ამაზე ხელის დაფარებისათვის – თქვენ – კანონმდებლებს, არაფერი მოგეკითხებათ? 

თქვენმა მთავრობამ მოახერხა, რომ 96%-იანი რეიტინგი 10%-მდე ჩამოეყვანა. თქვენ ნახევარი მილიონი დევნილის მხარდაჭერა დაკარგეთ, როდესაც მათ არძინბაზე და კოკოითზე უარესად მოექეცით და საცხოვრებელი ადგილებიდან ფაშისტური მეთოდებით მეთოდურად ხელმეორედ გაყარეთ, რადგან არძინბა და კოკოითი არ იყვნენ მათი მთავრობა – ისინი რუსეთის მარიონეტები იყვნენ და თქვენ თქვენი ქმეწდების საკუთარი თავი მათთან ერთ დაფაზე დააყენეთ. 

სააკაშვილი და სუბელიანი ლტოლვილების თანხებს ითვისებენ, მერაბიშვილი – ლტოლვილებისათვის სახლების ასაშენებლად გამოყოფილ დახმარებას, დევნილებს ართმევენ თავის სარჩენ უკანასკნელ საშუალებებს, უხურავენ ჯიხურებს, რესტორნებს, კაფეებს… როგორ გგონიათ, ეს შეგრჩებათ? 

თქვენმა მთავრობამ მოსპო საქართველოში თავისუფალი ბიზნესის კეთების შანსი. ყველა, ვინც თავის სარჩენ ფულს შოულობს, იმის შიშის ქვეშაა, რომ მას შეთითხნილი საბაბით ყველაფერს წაართმევენ და საპროცესო გარიგების საშუალებით მათხოვრად აქცევენ. როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომელთაც აწყობილი ბიზნესები დაუნგრიეს, ან მომავალი შეპირებული ბიზნესის ილუზიებით მოხიბლულებს და ენთუზიზმით აღსავსეთ, უმძიმესი ვალების ტვირთი აჰკიდეს და სახლ-კარი გააყიდინეს, ეს ადამიანები გაპატიებენ მათი და მათი შვილების დამონების დროებით წარმატებულ მცდელობას? 

ხოლო ის გაჭირვებულები, რომლებიც ქუჩაში ვაჭრობით ახერხებდნენ ოჯახების რჩენას, თქვენმა ლიდერებმა კანონგარეშედ გამოაცხადეს და ქუჩებიდან გუდა-ნაბადი აუკრეს. მათ არ აძლევენ ვაჭრობის და არსებობის საშუალებას, სასტიკად ერეკებიან, ართმევენ უკანასაკნელ გროშებს და საქონელს… როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები, რომელთაც თქვენ ყოველგვარ სიკეთეებს და დახმარებას პირდებოდით, რომელთა ხმებით მოხვედით და რომლებიც ასე სასტიკად გადააგდეთ და შიმშილისათვის გაწირეთ – თქვენ ხმას მოგცემენ, მხარს დაგიჭერენ, გენდობიან? თუმცა თქვენმა ლიდერებმა ეს კარგად იციან და დევნილების შემდეგ ახლა ქალაქებიდან უმუშევრების გადასახლებასაც ფიქრობენ.., თქვენ კი იმაზე დაფიქრდით, რა გრძნობები გექნებოდათ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენ ყველანაირად გაგწირავდათ და საცხოვრებელი ადგილიდან გაგასახლებდათ… 

თქვენმა ლიდერებმა მოახერხეს და ქვეყანა, რომელიც სურსათით თავსაც ირჩენდა და საზღვარგარეთაც გაჰქონდა, უცხოური გენმოდიფიცირებული და შხამიანი პროდუქციის მათხოვრად აქციეს. თქვენმა ლიდერებმა 4-5-ჯერ და მეტად შეამცირეს საქართველოში სათესი ფართობებიც, მოსავალიც და საქონლის და ფრინველის სულადობაც. თქვენ ვერ ხვდებით, რომ მშიერი არსებობისაკენ მიგყავთ მთელი მოსახლეობა და რა მოხდება მაშინ, როდესაც მხოლოდ თქვენ დაგრჩებათ ნორმალური საკვების შეძენის საშუალება, ხოლო დანარჩენებს შვილებისთვის პურის საყიდი ფულიც აღარ ექნებათ? 

თქვენი ლიდერები მიზანმიმართულად აღარიბებენ და წამლავენ ხალხს. ქვეყანაში, საიდანაც ხან უკრაინაში და ხან თურქეთში საიდუმლოდ გატანილ ასობით კილოგრამი ჰეროინის პარტიებს ნახულობენ ხოლმე, მხოლოდ ნარკოტიკების მომხარებლებს იჭერენ და არა ნარკობარონებს, რადგან მთავარი ნარკობარონები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები არიან. სწორედ ამით აიხსნება, რატომ ვერასდროს „ვერ ნახულობს“ ჩვენი „რეფორმირებული და არაკორუმპირებული პოლიცია“ და საბაჟო ამ ასობით კილოგრამიან ნარკოპარტიებს. 

თქვენმა ხელისუფლებამ ააღორძინა სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური პროპაგანდა და სკოლა სატუსაღოებად და ადამიანების დათრგუნვის ინსტიტუტად აქცია, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის შარიკოვული ორგანოების სახით ბოლშევიკური ტერორის წლები და კომკავშირის ყველაზე აგრესიული ფორმა დააბრუნა.  

თქვენი ლიდერების წყალობით დღეს საქართველოში ავადმყოფობა ოჯახის დანგრევად იქცევა, იმდენად არახელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვა. თქვენ შემოიღეთ ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლია წამლებზე, საავადმყოფოებზე, აფთიაქებზე, დაზღვევაზე – ის რაც არსად არ არის მსოფლიოში და რაც მერე თქვენს სარჩევნო ხაზინაში დახმარება-ვერმიღებული ადამიანების სისხლში გასვრილი ფულით ბრუნდება. 

თქვენმა ხელისუფლებამ ციხეები სასტიკ საწამებლებად აქცია. საკონცენტრაციო ბანაკების წესების და პენიტენციარულ სისტემაში სადისტების გამეფებით ნაცისტური გერმანიის სადამსჯელო სისტემა აღადგინეთ, რომელიც შეღებილი ფასადებით და სამვარსკვლავიანი 60-დოლარიანი სასტუმროების „შტუკატურკით“ გინდათ დემოკრატიად გაასაღოთ! 

ეს არის თქვენი ნაქები „დემოკრატია“, სადაც ასობით ნაწამები და გარდაცვლილი პატიმრის საქმე გამოუძიებელი რჩება, ხოლო ბაჩო ახალაიები, მეგის ქარდავები და „მაიმუნები“ თქვენი რეჟიმის „საპატიო სახეებად“ იქცნენ. 

თქვენმა მთავრობამ მოსპო ადვოკატის უფლებები, სასამართლო თავისი სიბინძურეების მოსაწმენდ ჩვრად აქცია და პროკურატურა ვიშინსკის დროინდელ „სიმაღლეზე“ აიყვანა და გააბატონა. წამ,ებით და დაშინებით ამოგლეჯილი „აღიარებითი ჩვენებები“ ისევ იქცა ჩვენებათა დედოფლად, როგორც სტალინის გულაგის სისტემაში. Soft-GULAG - აი თქვენი მოწონებული რეჟიმის ჩემეული განსაზღვრება და მოვა დრო, როცა თქვენც მოგიწევთ, ამ განსაზღვრებას დაეთანხმოთ. 

თქვენმა მთავრობამ ჯარს პატივი აჰყარა და პოლიცია გესტაპოდ აქცია.

საყოველთაო მოსმენების ბერიასეული მეთოდების და სამსახურის დაკარგვის და შვილების დაჭერის შიშის დანერგვით არსებობს თქვენი პარტოკრატიული ოლიგარქია, რომელიც ზონდერების და ადამიანებისათვის ნარკოტიკების ჩამდები პოლიციელების იმედად არის დარჩენილი… არავითარი ეკონომიკური გეგმა, არავითარი პოლიტიკური გეგმა… პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფეისბუქში 300 კაცს აბოლებს, რა კარგია 4 მილიარდიანი საგარეო ვალი, და რომ შეიძლება 75,000 კაცი, „ან ცოტა მეტიც კი“ დაასაქმოს – იქ, სადაც უმუშევრობა 50%-ზე მეტია… ილუზიები, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ ევროპა და ამერიკა, რომელთაც კრიზისის აჩრდილი თავად ემუქრებათ, საქართველოს გადასარჩენად ისევ ისვრიან 3-4 მილიარდს… 

ნეტარ არიან მორწმუნენიო, ამბობენ… მაგრამ – დებილი არამზადებიო, არავის უთქვამს! 
 
წერილი იმიტომ არ მოგწერეთ, რომ თქვენი ფანი ვარ. უბრალოდ, თქვენზე მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც თქვენზე ნაკლებ ნამდვილად არ მიყვარს და თქვენზე მეტად მინდა, რომ გადარჩეს. 

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ახლა ახლოს ხართ იმ რუბიკონთან, რომლის გადალახვის შემდეგ უკან დაბრუნებას და აქ მომავალში მშვიდად ცხოვრებას უკვე ვეღარ შეძლებთ? 

საქართველოს მთავრობამ უკვე სამჯერ მოუწყო 9 აპრილი საკუთარ ხალხს – 7 ნოემბერს, 6 მაისს და 26 მაისს… და თქვენ კიდევ პარტიულ ბილეთებს ებღაუჭებით! 

საქართველოს მთავრობამ 100-მდე ადამიანის – საკუთარი მოქალაქეების – სისხლში გაისვარა ხელი, პრეზიდენტი ამით ამაყობს და თქვენ სხვათა ჰომოფობიაზე ბედავთ ხმის ამოღებას! 

საქართველოს მთავრობამ დაკარგა და ყოველდღიურად კარგავს ტერიტორიებს. საქართველო შაგრენის ტყავივით პატარავდება და მთავრობა ჩუმად არის და, პირიქით, ყველას აჩუმებს, რადგან სწორედ ამით – ქვეყნის ინტერესების ღალატით, ტერიტორიების გაჩუქებით და სიდამპლით უნდა იშოვოს გესტაპოს გამოსაკვები სალაფავი და თავისი პოლიტიკური არსებობის მანდატი. 

თქვენ რა გინდათ? როგორ გინდათ, რომ გააგრძელოთ ცხოვრება? ხალხი მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ – რომ მოგვცეთ თავისუფალი არჩევნების უფლება!!! 

თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ – ამდენი წლების ძარცვა-ყლეფვის შემდეგ, როცა ხაზინა ცარიელია და ყოველ ქართველს ათასობით დოლარის ვალი აჰკიდეთ, ეს თქვენთვისაც კარგი გამოსავალი უნდა ყოფილიყო. რომ გადაგებარებინათ გაპარტახებული, ხალხისგან და ფინანსებისგან დაცლილი ქვეყანა ნორმალური არჩევნების გზით სხვა მთავრობისათვის და ამით მაინც გამოგესყიდათ თქვენი ლიდერების დანაშაულებრივ ქმედებებში ხელშეწყობა.

თქვენ რომ ელემენტარულ ლოგიკას და მორალს ექვემდებარებოდეთ, ან უკვე აქედან გაქცეული უნდა იყოთ, ან ნამუსი უნდა გყოფნოდათ და ხელისუფლების ლეღვის ფოთლის როლის თამაში უნდა შეგეწყვიტათ. მაგრამ, ეტყობა, არც ღმერთის გჯერათ და არც -დიალექტიკის. 

ძაან დიდი ასოებით კი ამოტვიფრა თქვენმა მაგარ-ლიდერმა თავის სისხლზე აშენებულ სასახლეზე რუსთაველის სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები დარჩება ჭეშმარიტებად მაშინ, როცა იმ სასახლეში მისი ჭაჭანება აღარ იქნება, ყველა ბნელ საქმეს ფარდა აეხდება და ყველა დაინახავს, ვინ იყო ბოროტი და მამონას მსახური! ნიურნბერგის არა, მაგრამ დიღმის პროცესი არ აცდებათ რეჟიმის მაფიოზურ ლიდერებს. თუ თქვენ არ მოგვცემთ თავისუფალი არჩევნების უფლებას, ამით მთელ მსოფლიოს თქვენს უზურპატორობას დაუმტკიცებთ! 

უზურპატორები კი დღესაც ისე ამთავრებენ, როგორც კალიგულას და ნერონის დროს… ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ, როგორ ამთავრებენ უზურპატორები და მერე მათ როგორ ამთავრებენ. და ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ქართველი ხალხი ამაზე არ და ვერ წავა. არავინ იცოდა, თქვენი ლიდერები რაზე იყვნენ წამსვლელნი და ნურავინ დაიწყებს იმის განჭვრეტას ხალხი რისი შემძლებელია, მუბარაქზე დიდი არმია და პოლიცია ნამდვილად არ ჰყავს ეგრეთწოდებულ მაგრადწოდებულს. 

მე არ მაქვს იმედი, რომ თქვენი ლიდერები ჭკუაზე მოვლენ და მუბარაქის, კადაფის და ასადის გზას არ აარჩევენ. მე დიდად იმის იმედიც არ მაქვს, რომ თქვენ გეყოფათ გონიერება და მოქალაქეობრივი შეგნება და თვალები ახლა მაინც აგეხილებათ. 

მე უფრო იმის „იმედი“ მაქვს, რომ თქვენი თანდაყოლილი ინტუიცია, რომელიც ყოველთვის სწორად გკარნახობდათ, რომ ნავი იძირებოდა, ახლაც სწორად გიკარნახებთ იმას, რომ ჩაძირვისთვის განწირული ნავიდან გადახტომის დროა. 

ნუ ჩაჰყვებით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში. 

ხელი შეუწყვეთ სამშობლოს, გადარჩეს სისხლისღვრას და ქაოსს და შეიძინეთ მომავალ საქართველოში ცხოვრების უფლება, რომელიც არამზადათა ბანდასთან ამდენი ხნის ქვემძრომობით და ხალხის გაუბედურებაში თანამონაწილეობით კითხვის ქვეშ დააყენეთ. 

არაა აუცილებელი, ღიად გამოხატოთ თქვენი პოზიცია! ძალიან კარგი იქნება, თუ ამაზე წახვალთ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს მე არ და ვერ მოგთხოვთ, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე. 

თქვენთვის მოიფიქრეთ გამოსავალი, სანამ გვიან არ არის, – ყველაზე მარტივი კი ის იქნება, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და დიპლომატებს, თუნდაც ანონიმურობის დაცვით მიაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, აქ რა ხდება. 

ვისთვის რეკს ზარი? 

ზარი ბევრი ადამიანისთვის რეკს დღეს საქართველოში და ეს ზარის რეკვა სულ სხვადასხვა რამეს შეიძლებოდა ეუბნებოდეს სხვადასხვა ადამიანებს. ვფიქრობ, რომ თქვენი ზარი გამაფრთხილებლად რეკს და აჯობებს, ყური მიუგდოთ! 

არც თქვენი და არც ჩვენი შვილები არ იმსახურებენ უსამშობლოდ არსებობას. ამაზე იფიქრეთ. 

საბოლოოდ ნუ გაღორდებით და ნუ დაბრმავდებით. 

და სანამ სხვას აჰყრიდეთ საქართველოს მოქალაქეობას, იმაზე დაფიქრდით, თქვენ თავად რისთვის და რის ფასად გაქვთ ეს – “საქართველოს მოქალაქეობა”! 

და არასოდეს არ გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ!