"მომავლის ქრონიკა"


მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, ის ამტკიცებს, რომ ჯერ პარლამენტში მოვა უმრავლესობით და შემდეგ - ხელისუფლებაში. მან ისიც განაცხადა, რომ საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმოუდგენია და პრეზიდენტობა ამ ეტაპზე არ სურს. ბუნებრივია, ჯერ არავინ იცის, მოხდება თუ არა ასე და მოახერხებს თუ არა ივანიშვილი ქვეყნის სათავეში მოსვლას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი თავის დანაპირებს და, შეიძლება ითქვას, "მუქარას" შეასრულებს, მას, როგორც პრემიერს დასჭირდება გუნდი და ადამიანები სხვადასხვა თანამდებობებზე. "რეზონანსმა" ქართველ ექსპერტებს სთხოვა, შეეფასებინათ, ივანიშვილის გუნდში თუ ვის რა თანამდებობაზე ხედავენ და როგორ აფასებენ მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების პოტენციალს.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ ვარაუდები და თეორიული განხილვაა, მაგრამ მოცემული რეალობით, როდესაც ივანიშვილის გუნდში ჯერ გადაწყვეტილად ალასანია და "რესპუბლიკელები" არიან, საინტერესოა, ამ ორი პოლიტიკური პარტიიდან ქართველი პოლიტოლოგები ვის სად ხედავენ და რატომ, ვის რა პოტენციალი აქვს ექსპერტების შეფასებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი თავის მომავალ გეგმებზე ღიად საუბრობს, მას ისიც ექნება ნაფიქრი, ვის რა პოსტი შეიძლება შესთავაზოს და რომელი უწყება შეიძლება ჩააბაროს. შესაბამისად, "რეზონანსმა" მისცა თავს უფლება, ქართველი ექსპერტებისთვის ეთხოვა აზრის გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სამივე ექსპერტი, რომელსაც "რეზონანსი" ესაუბრა, ერთსა და იმავე პოსტზე ხედავენ ამა თუ იმ პოლიტიკოსს.

ივანიშვილი - პრემიერ მინისტრი, ალასანია - პრეზიდენტი, უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე, ასე ხედავენ ექსპერტები მომავალ მთავრობას.

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, იმის ალბათობა, რომ ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოვა, ძალიან დაბალია, თუმცა ის ვარაუდების გამოთქმაზე მაინც დაგვთანხმდა.

"ისინი რომ ხელისუფლებაში მოვლენ, ამის ალბათობა არ არის მაინც და მაინც მაღალი, მაგრამ თავისთავად შეიძლება, ვარაუდები გამოვთქვათ. ივანიშვილი პრემიერად, როგორც მან განაცხადა კიდეც, ეს არის მთავარი პოზიცია სინამდვილეში. ალასანია - პრეზიდენტად, თუკი ივანიშვილი პრემიერი იქნება. ამ შემთხვევაში "რესპუბლიკელებს" დარჩებათ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი. რაღაც ხომ უნდა ერგოთ? მაგრამ ამ ეტაპზე ამის თქმა ცოტა ნაადრევია. ვთქვათ, უსუფაშვილი რომ აირჩიონ პარლამენტის თავმჯდომარედ, ლოგიკური იქნებოდა ასეთი განაწილება. 

რაც შეეხება ხიდაშელს, ის, ალბათ, რომელიმე უწყების მინისტრად დაინიშნება. იუსტიციის მინისტრობაზე დიდი რიგი იქნება, ბევრი იურისტი ჰყავთ, შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრად განვიხილოთ ხიდაშელი, არ ვიცი. რაც შეეხება მის დანარჩენ გარემოცვას, ალბათ, ამ ცნობილ სახეებს, რომლებიც მის ირგვლივ არიან, ყველას თავის თავი რაღაცის მინისტრად წარმოუდგენია. რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს ძალიან სათუოა, ამაზე საუაბრი ნაადრევია და მხოლოდ თეორიაა, თუმცა, ასეთი განაწილება ლოგიკურია ნამდვილად", - განუცხადა "რეზონანსს" გია ნოდიამ.
ექსპერტი გია ხუხაშვილიც აცხადებს, რომ როგორც "რეზონანსმა" სტატიის დასაწყისშივე აღნიშნა, ეს მხოლოდ თეორიები და ვარაუდებია, თუმცა, ივანიშვილის გარემოცვიდან, მასაც წარმოუდგენია ესა თუ ის პოლიტიკოსი ამა თუ იმ თანამდებობაზე.

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენი საუბარი არის თეორიული. ჯერ ვნახოთ, რა ალიანსები შედგება და როგორ განვითარდება მოვლენები. ეს გუნდი წავა არჩევნებზე თუ კიდევ ვინმე დაემატება ან გამოაკლდება. 
თეორიულად შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ყველა ადამიანის პოტენციალზე, ვფიქრობ, რომ ალასანია (მოდი, ამ პოლიტიკოსით დავიწყოთ) მზარდი პოლიტიკოსია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საზოგადოებას ჰქონდა თავიდან ძალიან დიდი იმედები, მერე საზოგადოებაში ეს იმედები გარკვეულწილად გაქარწყლდა და პროცესი გაჩერდა. ამ პერიოდში ის საკმაოდ აქტიურია, ამიტომ ის შეიძლება, ვიხილოთ ნებისმიერ უმაღლეს თანამდებობაზე. ის ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ამიტომაც ვფიქრობ, მისთვის გზა გახსნილია უმაღლეს თანამდებობებზეც კი. ის არის კლასიკური პოლიტიკოსი და სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ თანამდებობას მას არ მოვარგებდი, ის შეიძლება ყველაზე მაღალ მწვერვალებზე ვიხილოთ რაღაც პერიოდის შემდეგ. თუნდაც პრეზიდენტის პოსტზე, მით უმეტეს, ახალ მოდელში ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ თეორიული ვარაუდები.

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, თინა ხიდაშელის როლი, მე მგონი, საზოგადოებაში გარკვეულია და აქ ყველაფერი, მგონი, ნათელია. ის არის ძალიან კარგი იურისტი, ძალიან პრინციპული ადამიანი, შესაბამისად, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის უფრო სამართალდაცვითი მიმართულებით შეიძლება წავიდეს. იგივე იუსტიციის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში. ახლა ისეთ რამეს ვამბობ, რომ ძალიან ბევრს, ალბათ, შეაჟრჟოლებს კიდეც, რადგან თინა ხიდაშელი პროკურორი ძალიან ბევრისთვის, ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. თუმცა, ის არის სამართლიანი, პრინციპული ადამიანი და, ალბათ, ასეთი ადამიანი სჭირდება ქართულ სახელმწიფოს.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, წეღან იუსტიციის მინისტრი ვახსენეთ და დავით უსუფაშვილი არის საკმაოდ იშვიათი გამონაკლისი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. 

ამასთანავე ის არის ბრწყინვალე იურისტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრად დავით უსუფაშვილი ძალიან კარგი არჩევანია. ახლა ფაქტობრივად მინისტრთა კაბინეტს ვაყალიბებ (ეცინება), თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია და განხილვას ექვემდებარება.

ვფიქრობ, რომ "რესპუბლიკელებთან" ჩვენ პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს მათ პარტიულ წარმატებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ "რესპუბლიკურ პარტიაში" არის ბევრი პიროვნება, რომელსაც აუცილებლად მოეძებნება ადგილი მომავალ მთავრობაში. დავით უსუფაშვილი, შეგვიძლია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზეც განვიხილოთ", - განუცხადა "რეზონანსს" გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც, მისი კოლეგების მსგავსად, აცხადებს, რომ ჯერ მომავალი მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, საკუთარი ვარაუდები მასაც აქვს და ისიც აფასებს ივანიშვილის გარემოცვის პოტენციალს.

"თქვენ ახლა ძალიან რთული და ძალიან შარიანი ამბის პროგნოზირებას მთხოვთ. არ ვიცი, რა გითხრათ, რადგან ძალიან დიდი დროა წინ. თუ მაინც და მაინც უნდა გამოვთქვათ ვარაუდები, ამ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს და იმ გუნდის მიხედვით, რომელიც დღეს ივანიშვილის გვერდით არის, მაშინ თავად ივანიშვილი, როგორც თვითონაც განაცხადა თავის განცხადებებში, პრემიერ-მინისტრი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წარმომიდგენია, ირაკლი ალასანია - პრეზიდენტად. დავუშვათ, ეკა ბესელიას ერგო ან მთავარი პროკურორის პოსტი ან იუსტიციის მინისტრის. თინა ხიდაშელი მერად მესახება, ჩემი ბოლო ხანების ასოციაციის მიხედვით, მას უფრო მერიაში ვხედავ, იმედია, არ გამინაწყენდება, რადგან მერობა მინისტრზე ნაკლები თანამდებობა ნამდვილად არ არის.

ისევ აღვნიშნავ, რომ ამაზე საუბარი ახლა ძნელია და ნაადრევი, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროში, რომელიც წინ არის, ბევრი რაიმე შეიცვლება, გადათამაშდება რაღაცები. კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაჩნდება ივანიშვილის გარშემო. 

გაიზრდება კონკურენცია თითოეულ პოსტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დიალოგს ჩემი მხრდან ზრდილობა და თქვენი ამ თამაშის სურვილი განაპირობებს, რომ გამოვთქვათ ვარაუდები, ამით არაფერს არ ვაშავებთ ნამდვილად, რადგან ყველაფერი შესაძლებელია", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.