უმძიმესი ევროპული მემკვიდრეობა ტრიშესაგან დრაგიმ გადაიბარა

უმძიმესი ევროპული მემკვიდრეობა ტრიშესაგან დრაგიმ გადაიბარა



31 ოქტომბერს ევროპის ცენტრალური ბანკის თავკაცის პოსტზე ჟან-კლოდ ტრიშემ მოღვაწეობა დაასრულა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ევროზონისა და მთელი კონტინენტის ისტორიაში მთელი ეპოქა დამთავრდა, ტრიშემ ხომ ამ პოსტზე ორი სრულფასოვანი საპრეზიდენტო ვადა – 8 წელი იმუშავა. თუმცა, ეს ცვლილება ევროკავშირის ფინანსურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ძვრებს არ გამოიწვევს, რადგან ტრიშეს შემცვლელი მარიო დრაგი მსგავსი სტრატეგიის მიმდევარია. 

ტრიშე ევროპის მთავარი ბანკირი მაშინ გახდა, როცა საერთოევროპული ვალუტა წელში იმართებოდა. ფრანგმა თავი წარმოაჩინა როგორც ფულის მასების მართვისადმი კონსერვატიულად დამოკიდებულმა ფინანსისტმა. მისი ძირითადი ამოცანა ინფლაციის შეჩერება იყო, რაც წარმატებით მოახერხა. საკრედიტო კრიზისის დროსაც კი ტრიშე მკაცრი ხაზის მიმდევრად რჩებოდა, მსოფლიოს მსხვილ ცენტრალურ ბანკებს შორის სწორედ ევროპულმა დასწია საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტამდე. 

სხვა საქმეა, რომ ტრიშეს მუშაობის პერიოდში წარმოიშვა არაერთი სხვა, უფრო სერიოზული პრობლემა, რომელთა მოგვარება არ მოხერხდა. კერძოდ, არ მოგვარდა უძრავი ქონების ბაზარზე “ბუშტების” წარმოშობის საკითხი, რამაც 2008 წელს კრიზისისას, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის საფუძველი ოკეანის გაღმა იყო, თავი მთელი სიმძაფრით იჩინა. 

ფინანსური ბაზრების ჩამოშლას მოჰყვა ომისშემდგომი პერიოდისათვის უპრეცედენტო ეკონომიკური ვარდნა და უმუშევრობის ზრდა, რამაც განსაკუთრებით ევროპის პერიფერიული ქვეყნები დააზარალა. ამავე ქვეყნებში კრიზისი მეორე, ვალებთან დაკავშირებულ ფაზაში გადაიზარდა, რაც დღეს ნომერ პირველი პრობლემაა. 

დაგროვილი პრობლემების მოგვარება ტრიშეს მემკვიდრეს, იტალიელ მარიო დრაგის მოუწევს. მან დისერტაცია მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში დაიცვა. ჩინოვნიკის კარიერა თავისი ქვეყნის ფინანასთა სამინისტროში 1991 წელს დაიწყო, 10 წლის განმავლობაში იყო მთავარი ხაზინადარი. იმ პერიოდში იტალიის საბანკო სისტემა ყვავოდა და იზრდებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ ჩაიდო მის ფუნდამენტში “ნაღმები”, რაც დღეს ძალიან სერიოზულ საფრთხეს ქმნის. 

ცხადია, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ დრაგის ვერავინ დააკისრებს, მაგრამ მარიო ფინანსური სექტორის ლიბერალიზაციის დიდი მომხრე იყო. ეს კი იმ პერიოდში ძალიან მოდურად და მნიშვნელოვნად ითვლებოდა. 

ამის შემდეგ დრაგი მუშაობდა საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში, ერთობ გავლენიან და სერიოზულ კომპანიაში. ძალიან ბევრი სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის აშშ-ს ყოფილი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრები ჰენრი პოლსონი და ტიმოთი გაიტნერი სწორედ Goldman Sachs-ში მოღვაწეობდნენ. ჰოდა, განთქმული ბანკიდან დრაგიმ 2006 წელს იტალიის ბანკის თავკაცის სავარძელი დაიკავა. 
როცა ანალიტიკოსები მსჯელობენ, თუ როგორ ფინანსურ პოლიტიკას გაატარებს დრაგი, ერთხმად თანხმდებიან, რომ დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მარიოს სულაც არ შეეფერება იტალიელ ბანკირებზე გავრცელებული სტერეოტიპი, რომელთაც ერთი სული აქვთ, ფულის საჭრელ დაზგას როდის აამუშავებენ. მუშაობის სტილით დრაგი ძალიან გავს თავის წინამორბედს. 

ტრიშეს მსგავსად დრაგი ინფლაციასთან მონდომებულ მებრძოლადაა ცნობილი, ეს მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან ევროკავშირში ინფლაცია კარგა ხანია ასცდა დასაშვებ 2 პროცენტს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ადრე თუ გვიან, ევროს გადასარჩენად აუცილებელი გახდება ფულადსაკრედიტო პოლიტიკის შერბილება. და აი, დრაგიმ პირველი მანევრი განახორციელა. მოულოდნელად მისი ხელმძღვანელობით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 0,25 პროცენტით, 1,25 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამგვარ სვლას დრაგისაგან არ ელოდნენ. ასე რომ, მარიომ, შეიძლება, კიდევ გაგვაოცოს. თუმცა, როგორც ცნობილია, მარტო მის სურვილზე ცოტა რამე იქნება დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის თავკაცი სერიოზული დიპლომატი უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაში ფრანგი, გერმანელი, ჰოლანდიელი, ანუ, ევროპელი კოლეგები დაარწმუნოს. 

როგორი ფინანსისტი და დიპლომატია დრაგი, მალე გამოჩნდება. მან უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო და სასწრაფოდ საჭიროა სერიოზული რეფორმების გატარება ევროს ზონის გადასარჩენად. მოგეხსენებათ, როგორი მდგომარეობაა საბერძნეთში, იტალიაში, ირლანდიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. მარტო ფინანსური დახმარება რომ დროებითი ღონისძიება იქნება, დრაგიმ მშვენივრად იცის.