თბილისის მერია საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის მერიას მიმართა "სტუდია მონიტორმა", რომლის მოთხოვნის საპასუხოდ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, თბილისის მერიამ მათ ის საჯარო ინფორმაცია მიაწოდა, რომლის გაცემის ვალდებულება მას კანონით ეკისრებოდა. კერძოდ, ,,სტუდია მონიტორის" ჟურნალისტს ეცნობა, რომ შესაბამისი ფონდების მიერ, ქალაქში არსებული ქუჩების, სკვერების, გზების, გვირაბების, შენობების (ჯამში დაახლოებით 220 ობიექტის) რეაბილიტაციაზე 2005 წლიდან 2011 წლის 5 ივლისამდე დაიხარჯა 367 259 251 ლარი. ამასთან, მათ ეცნობათ ყველა კონკრეტული ობიექტის ჩამონათვალი, რომლის აშენებაზე ან რეაბილიტაციაზე დაიხარჯა აღნიშნული თანხა.
"სტუდია მონიტორისთვის" გაგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ თბილისის მერიას მოსთხოვა ინფორმაცია თითოეული ობიექტზე დახარჯული თანხისა და შემსრულებელი კომპანიების შესახებ. აღნიშნული დეტალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მათ ეცნობათ, რომ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ ააიპ "თბილისის განვითარების ფონდი"-დან.
რაც შეეხება საია-ს მოსაზრებას, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა გაუმჭირვალედ იხარჯებოდა, გვინდა განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდი"-დან სრულად ამოიღო მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. შესაბამისად, ერთის მხრივ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სწრაფად დასრულებული ობიექტური გამოძიება ცხადს გახდის, რომ თანხების ხარჯვა ხდებოდა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო მეორეს მხრივ, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
და ბოლოს, რაც შეეხება ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდი"-ს მისამართს, ის შეიცვალა და ამჟამად ის მდებარეობს ზუბალაშვილების ქ. #48-ში. ამასთან, გვინდა საიას შევახსენოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ ნებისმიერი იურიდიული პირის მისამართი იხილონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.