გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ვისაუბრებთ სწორედ იმ მთავარ თემებზე, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით დაგეგმილი მიღება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უმასპინძლებს, ლიდერებისთვის დონალდ ტრამპთან კომუნიკაციისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება.
„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან და საუბრობენ იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, საქართველოც გამოიყენებს ამ ფორმატს იმისთვის, რომ სწორედ ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე იყოს აქ საუბარი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი, მასპინძლობს ლიდერებს უმაღლეს დონეზე, მიღებაზე. ეს ყველასთვის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისთვის, კარგი შესაძლებლობაა, იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჰქონდეს კომუნიკაცია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.