თვეების განმავლობაში იყო საუბარი, რომ უმრავლეობას გააჩნია ხმები და ოპოზიციის გარეშეც შეუძლია გაიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებები. დღეს მოვედით იმ წერტილამდე, სადაც ყველა კარგად დავინახავთ, რომ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს 30 წამიანი, სარეიტინგო კენჭისყრა ასე პრინციპულად მიუღებელი, რომელიც გზას გახსნის, რომ ერთ პოზიციაში დადგეს უმრავლესობა და უმცირესობა და საკონსტიტუციო ცვლილებები ხმების უმრავლესობით იქნას მიღებული. მისივე განცხადებით, ამ ცვლილებების შესახებ პროქტის ჩავარდნაც კარგი არავისთვის იქნება.
"თუ ასე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რა გახდა ერთი კონკრეტული საპარლამენტო პროცედურა. თუ ამ ცვლილების ამოცანას იმაში ხედავთ, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, ამას სჭირდება შეთანხმება. მხოლოდ თქვენი ხმებით, თუნდაც 100 ხმა მოაგროვოთ, ქვეყანა არ დაწყნარდება, თუ არ შევთანმხდით. აუცილებელია თანამშრომლობა. რა უდგას ამას წინ? მე არ მინდა ვიფიქრო, ეს ცვლილება პრინციპული გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობას გადაყენების არ ეშინოდეს",-აღნიშნა ბაქრაძემ.