პოლიტიკურად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა , ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გავიდეს, რადგან უმრავლესობას და მთავრობას არ ჰქონდეს საშუალება და საბაბი, რომ აქცენტი ამ და სხვა საკითხებზე გადაიტანოს. "ჩვენ გვინდა, რომ მთავრობამ საქმე აკეთოს და ჩვენ შევასრულოთ ჩვენი - ოპოზიციის როლი", - აღნიშნა ბარამიძემ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ განისაზღვრა, როდესაც ოქტომბრიდან ასამოქმედებელი კონსტიტუციიდან ის ნორმა იქნა ამოღებული, რისი ამოღებაც დღეს დღის წესრიგშია და აქედან გამომდინარე ოპოზიციას და საქართველოს პრეზიდენტს ეს პრინციპულ საკითხად არ მიაჩნია.
"ჩემი მხრიდან დაგიდასტურებთ სურვილს, ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეს იქნება თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყიტოთ თანხმობით და ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომით და პროცედურული ომებით არ ვიყოთ დაკავებულები. ჩვენ ერთად, განსხვავებული აზრის პირობებში უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ფონს, ჩვენ ღირსეულად უნდა გვეჭიროს საქართველოს დროშა და ჩვენ რომ ეს გავაკეთოთ ყველას უნდა გვქონდეს ღირსება და ყველამ ღირსეულად უნდა განვახორციელოთ თავისი საქმიანობა. ერთმანეთის ღირსებასაც უნდა გავუფრთხილდეთ და ავტორიტეტსაც", - დასძინა მან.