მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის გახდა არა ლიდერი, არამედ საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა, - განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთონ.
"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის სამთვიან პერიოდში ნამდვილად იყო კვერცხები, იყო ცოცხები, მძაფრი გულის ტკივილი, რომელსაც საზოგადოება ერთი კონკრეტული ძალის მიმართ გამოხატავდა, მაგრამ არ მივიღებ ბრალდებას, რომ ეს ყველაფერი ასოცირდება ხელისუფლებასთან. ეს არის ის, რაც წინა ხელისუფლებამ მოიმკო ბოლო 9 წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, არ მახსოვს არც ერთი საკანონმდებლო, საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც ასეთი ინტენსივობით მიმდინარეობდა. დღეს ყველა ორღობეშიც კი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ. დღეს ყველა ინტერესით შემოგვცქერის და ელის, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ. თუ ეს კანონპროექტი ვერ გავიდა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან ძნელი იქნება ამ სიმძიმის ტარება. ხვალ და ზეგ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ მოუწევთ საზოგადოებისთვის კონკრეტული პასუხის გაცემა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა "ხმების დამატება" არაფერში სჭირდებათ.
"რაც შეეხება ძალთა ბალანსს. არაერთხელ გვითქვამს, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობიდან" გარკვეულმა პარლამენტარებმაც მისცენ ხმა, მაგრამ ხმების დამატება არავის არაფერში სჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, გავაკეთოთ ღირებულებითი არჩევანი. კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" დღეს არის წაუგებელი ვითარება, თუ ჩვენ მივიღებთ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას, ეს იქნება შედეგი, თუ არ მივიღებთ, გამოჩნდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთი ადამიანის მსხვერპლი. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი მათთვის გახდა არა ლიდერი, არამედ საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა, რომელიც არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც ბევრ კითხვას ბადებს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
დეპუტატის თქმით, უმცირესობის წევრთა მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაშიც პრეზიდენტის ფართო უფლებამოსილებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ ჩანაწერად დარჩება, ადასტურებს, რომ კონსტიტუცია მათთვის ფარატინა ქაღალდია.
"მაშინ, როცა გვეუბნებიან, რომ კონსტიტუცია არის ფარატინა ქაღალდი, ეს ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ ის პრინციპები, რაზეც გვესაუბრებიან, - აღნიშნა დეპუტატმა.