აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ხანჯლიანი კაცის შესახებ ანეგდოტი და ორი თხის იგავ-არაკი გაიხსენა. ანეგდოტი დეპუტატს ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფისადმი დავით უსუფაშვილის მიმართვამ, იგავ-არაკი კი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო მიმდინარე პროცესებმა გაახსენა.
აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობას მიმართა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა დილემის წინაშე დგას და მოუწოდა, გაიზიაროს მათი შეთავაზება კენჭისყრამდე სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების შესახებ.
"თქვენი ტონი ღირსეული და ამაყი იყო ევროპის წინაშე, მაგრამ სხვაგვარია რუსეთის წინაშე, რაც ბავშვობისდროინდელ ანეგდოტს მაგონებს: ხანჯლიან კაცს შეურაცყოფას აყენებენ და ეკითხებიან, რატომ გკიდია ხანჯალიო? შეურაცხყოფა რომ არავინ მომაყენოსო - პასუხობს ის. კარგია, როცა გვახსოვს, რომ ხანჯალი გვკიდია, როცა ევროპასთან ვართ, მაგრამ კარგი იქნება, ეს მაშინაც გაგვახსენდეს, როცა რუსეთთან ვურთიერთობთ," - მიმართა უმრავლესობას ბობოხიძემ.
მისივე თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" დილემის წინაშეა, რადგან ერთი მხრივ, მიაჩნით, რომ წარმოდგენილი საკითხი უნდა გავიდეს, მაგრამ მთავარ პრობლემას, უმრავლესობის მხრიდან წამოსული რიტორიკა ქმნის. მან მმართველ გუნდს სარეიტინგო კენჭისყრის იდეის გაზიარებისკენ მოუწოდა.
"სამწუხაროდ, საქართველომ ორი თხის შესახებ მეორე კლასის იგავ-არაკიდან ვერაფერი ისწავლა. როცა ორი თხა ერთმანეთს ხიდზე ხვდება და ორივე წყალში ვარდება, არასდროს დასმულა კითხვა, რომელი თხა იყო მართალი - მარჯვენა თუ მარცხენა. ორივე თხა იყო და ამიტომაც გადავარდნენ წყალში. ბატონებო, ჩვენ უამრავჯერ დავაყენეთ ქვეყანა ხიდზე და ჩვენი თავი ჯანდაბას, მაგრამ ხიდიდან ჩვენს გადავარდნას ქვეყანაც გადაჰყვა. დღესაც ხიდზე ვდგავართ, მაგრამ დღეს თქვენს ხელშია მეტი ძალა, ბერკეტები და მოდი, ნუ დავაყენებთ ქვეყანას ამ ვიწრო ხიდზე, რომელსაც შეიძლება მოყვეს არა რომელიმე ჩვენთაგანის, არამედ ქვეყნის გადაყოლება", - განაცხადა ბობოხიძემ.