უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა-ჩავარდნაზე სრულ პასუხისმგებლობას უმრავლესობას აკისრებს.
როგორც გაბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებებს გასვლის შანსი აქვს და ის იქნება თუ არა მიღწეული, სწორედ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული.
"დღეს უმრავლესობას აქვს სრული საშუალება და ყველა ბერკეტი ხელში, რათა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელზეც თვეების განმავლობაში გვესაუბრებოდნენ, რომ საჭიროა შესწორება და ვერ იცდის ოქტომბრამდე, ტაბლომ აჩვენოს, რომ შეიცვალა. ამ მუხლს აქვს გასვლის შანსი. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა ამ ცვლილების გასვლა-ჩავარდნაზე, არის უმრავლესობის ხელში. სრულიად გასაგებია, რომ ამ ცვლილების შინაარსში არაა საქმე, ეს ცვლილება გასულია _ ან დღეს, ან რაიმე სხვა დროს, ან უკიდურეს შემთხვევაში ოქტომბერში. ეს ცვლილება ისედაც ამოქმედდება, საქმე იმაშია, შევძლებთ თუ არა გადავაბიჯოთ იმ სტრატეგიასა და ტაქტიკას, რომელიც თავიდანვე იყო აღებული, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების დროს გამოიხატებოდა კვერცხების სროლაში, გინებასა და შეურაცხყოფაში, ხოლო კულუარებში, ადამიანების დაშინებასა და შანტაჟში. საქმე სწორედ იმაშია, გადავაბიჯებთ თუ არა ამ ყველაფერს და ქვეყანას ვუჩვენებთ თუ არა ცივილიზებული პარლამენტის სახეს", - აღნიშნა გოკა კაბაშვილმა.
მისივე შეფასებით, ცივილიზებული პარლამენტის სახე გამოჩნდება მაშინ, თუ უმრავლესობა მათ წინადადებას მიიღებს და სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას დათანხმდება. "ჩვენ არ ვაპირებთ შეგიქმნათ ბარიერი, პირიქით, გვინდა დაგიმატოთ ხმები, თუ ამას მოახდენთ ცივილიზებულად გაწერილი წესით. სარეიტინგო კენჭისყრა არის გაწერილი რეგლამენტით, ესაა წინასწარი დადგენა იმისა, რა ძალთა გადანაწილება არის პარლამენტში. ჩვენ ღიად გპასუხობთ, ეს გვჭირდება იმ განცხადებების საპასუხოდ, რაც თვეების განმავლობაში გვესმოდა იმის თაობაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტილების მიუხედავად ეს ცვლილებები მაინც გავიდოდა. სწორედ თქვენ მოახდინეთ საკითხის ამგვარი დრამატიზება, თუმცა, არც იმით მოხდება არაფერი, თუ თქვენ ეს დისკომფორტს გიქმნით და ჩვენს წინადადებას არ დათანხმდებით, უბრალოდ, ეს მუხლი არ გავა დღეს", - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, უმცირესობის წევრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილების გამოყენებას არ აპირებს. "არანაირ პოლიტიკურ საფრთხეებს და რისკებს ეს საკითხი არ შეიცავს. კონსტიტუციით განსაზღვრული ეს ბერკეტები პრეზიდენტის ხელში დღეს არის ქაღალდზე დაწერილი სიტყვები და მეტი არაფერი. ასე რომ, თუ დღეს ეს შესწორება ვერ გავა, მოქმედი ნორმა ოქტომბრამდე იცოცხლებს, როგორც ქაღალდზე არსებული ნორმა", - აღნიშნა გაბაშვილმა.