საქართველო ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნით არ დაიქცევა და გასვლითაც არ აშენდება, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უარესისთვის გაუძლია, მათ შორის თემურ ლენგის შემოსევისთვის. "საუბარია პოლიტიკურ პრინიპულობაზე. ამ სამი თვის განმავლობაში ვცდილობდი, გამეგო არგუმენტი, რატომ უნდა დარჩენილიყო ეს მუხლი კონსტიტუციაში. ძალიან სუსტი პოზიცია გქონდათ. სააკაშვილი ამ უფლებას ვერ გამოიყენებს, რადგან პოლიტიკური ვითარება და ქართველი ხალხის ნება სხვა არის. საკითხი დგას ასე - ან კი, ან - არა. ან ხმას ვაძლევთ, ან - არა. სარეიტინგო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაუტოლდება და თქვენ ამას აკეთებთ. "ქართული ოცნების" ამოცანა არ არის "ნაციონალური მოძრაობის" სახის შენარჩუნება. ეს თქვენი პრობლემაა, ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ, ბევრი ვითარებიდან მოგიძებნიათ გამოსავალი", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სარეიტინგო კენჭისყრას იმიტომ ითხოვს, რომ გუნდის შიგნით არსებული ვითარება თავადაც ვერ გაურკვევიათ. "არ იცით, რამდენი ხართ. სად არიან ის ადამიანები, ვისაც ხელები გადაუგრიხეს. საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ აწამებენ და გადაბირება ხდება ვინმესი. იმ ადამიანებს ენა არ აქვთ?! 2004 წელს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ იძალადა. ამ ქვეყანას სჭირდება ღირსებააღდგენილი პარლამენტი და არა - სათამაშო დარბაზი. სააკაშვილი გუშინდელი დღე არის და მას თავი დაანებეთ",- აღნიშნა სანიკიძემ და "ნაციონალურ მოძრაობას" "სამშობლოსა და სააკაშვილის ერთმანეთისგან გარჩევისკენ მოუწოდა".
მისივე თქმით, ისტორია დაუნდობელია და წლების შემდეგ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. "სამშობლო არ არის სააკაშვილი. ის არის მუდმივი მოვლენა, ხოლო სააკაშვილი - დროებითი. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი საქართველოსთან, "ნაცმოძრაობა" კი ქართულ საზოგადოებასთან გაიგივდა. მაგრამ, თქვენ განადგურდით 1-ელ ოქტომბერს. მისცემთ ხმას, კარგს იზამთ, არ მისცემთ - მაინც კარგს იზამთ, ყველაფერი გაირკვევა. არავინ არაფერს გეხვეწებათ და ნუ გაყვებით სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში, ნორმაზე რომ არ არის ვერ ატყობთ?!", - მიმართა სანიკიძემ უმრავლესობას.