იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ცვლის იმას, რაც მომავალში - 2013 წლის შემოდგომიდან უნდა ამოქმედდეს.
საკითხის განხილვისას დეპუტატი გიგი წერეთელი დაინტერესდა, არის თუ არა პრინციპული სხვაობა წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტსა და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის, რომელიც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრობამ" 2010 წლის შემოდგომაზე მიიღო და ძალაში 2013 წლის შემოდგომიდან უნდა შევიდეს.
"იმ ნორმების მიხედვით, რომელიც 2013 წლის ოქტომბერის არჩევნების შემდგომ ამოქმედდება, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექნება, თუკი პარლამენტი არც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს ნდობას და ვერც თავად შექნის მთავრობას. ამდენად, სრულიად სხვაგვარი ნორმა ამოქმედდება. იგივეა მე-80 მუხლთან დაკავშირებითაც, ოქტომბრის შემდეგ ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ ექნება მთავრობის გადაყენების ერთპიროვნული უფლება, ასევე, არ ექნება უფლება, დანიშნოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამდენად, წარმოდგენილი პროექტი არ ცვლის იმას, რაც მომავლაში უნდა ამოქმედდეს. ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე რამდენიმეთვიან პერიოდს - ამჟამად მოქმედი ნორმების ცვლილებებას", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ გიგი წერეთლის შეკითხვის პასუხად.