იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძეს სჯერა, რომ უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს პასუხისმგებლობით მოეკიდება.
როგორც შავგულიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის უკეთეს მომავალს სჭირდება, რამდენადაც ის პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის რისკს შეამცირებს.
"2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა სიახლე შეიტანა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რევოლუციური ცვლილებების ბოლო ორი შემთხვევისგან განსხვავებით, შესაძლებელი გახდა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ამ წარმატების შენარჩუნების მიზანმა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა. საჭირო გახდა ხელისუფლებაში მოსულ ახალ პოლიტიკურ ძალას და უმცირესობაში გადასულ ყოფილ მმართველ ძალას შორის კოჰაბიტაციის მიღწევა, ანუ მათი ურთიერთშეთანხმებით მოქმედება ქვეყნისთვის საჭირო საკითხთა გადაწყვეტისთვის. უმრავლესობა და უმცირესობა მეტ-ნაკლებად თავს ვართმევთ ამ ამოცანის შესრულებას. წარმატებული კოჰაბიტაციის მაგალითია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დეკლარაციის ერთხმად მიღება უმრავლესობის და უმცირესობის მიერ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთი ძალიდან მეორის ხელში ხელისუფლების გადასვლა მტკივნეული პროცესია და სტაბილურობა ამ პერიოდში მეტ დაცვას და უზრუნველყოფას საჭიროებს. სწორედ გარდამავალ პერიოდში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მისი მიზანია, ხელისუფლების შტოთა ურთიერთკონტროლისა და წონასწორობის დარღვეული პრინციპის აღდგენა", - აღნიშნა შავგულიძემ.
მისივე განმარტებით, კანონპროექტის კანონად ქცევა არა მარტო უზრუნველყოფს ქვეყანაში მეტ სტაბილურობას, რადგან პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობას შეამცირებს, არამედ ის მომავალში პრინციპული საკითხების გადასაწყვეტად უმრავლესობისა და ოპოზიციის ქმედითად თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.
"სწორედ ამიტომ, მე მჯერა, რომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს და წარმოდგენილ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარს დაუჭერენ", - განაცხადა შავგულიძემ.