კობა დავითაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მტრების ნაცვლად პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად განიხილავს.
უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2004 წლის თებერვლის დასაწყისი გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ძველმა პარლამენტმა პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს უფლება მისცა.
"პარლამენტმა, რომელსაც უფლებამოსილება გასული ჰქონდა, დადგენილი ვადის დარღვევით, სამდღიანი განხილვის შედეგად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის უფლება შეიძინა. მე მაშინ დავტოვე "ნაციონალური მოძრტაობა". სამწუხაროდ, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისთვის, პოლიტიკურ ნიადაგზე მკვლელობებისთვის, წამებისთვის და ღირსების ახდისთვის. მიხარია, რომ დღეს იხილება ეს საკითხი და პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, გათავისუფლდეს იმ დამოკლეს მახვილისგან, რომელიც მის თავზე 2004 წლის თებერვალში დაიკიდა", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, გულწრფელად სურს, რომ ამ პროცესის თანამონაწილე მისი ყველა კოლეგა იყოს, რათა მათ სიამაყით თქვან, რომ "პარლამენტის პარლამენტად ქცევაში" წვლილი შეიტანეს.
"ამ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ დარბაზში მყოფ დეპუტატთაგან - ზოგმა - პირდაპირ, ზოგმა - კვერის დაკვრით, ზოგმა - დუმილით, სამჯერ მიიღო მონაწილეობა ჩემი მკვლელობის მცდელობაში, მზად ვარ, თითოეული თქვენგანი განვიხილო, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე და არა - როგორც მტერი", - მიმართა დავითაშვილმა ოპონენტებს.