საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი დააყენა.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, უმცირესობის პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთხელ გაჟღერებულა და დღეს ის კიდევ ერთხელ გაახმოვანებს მის პირად პოზიციას. კუბლაშვილის თქმით, ამ ცვლილების შინაარსთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არ აქვთ და მზად არიან კონკრეტულ გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი.
"რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არაერთხელ მითქვამს - კონსტიტუციური ცვლილების მიღების ფორმა, რომლის მოწმენიც ჩვენ ვხდებით, დამეთანხმეთ, რომ ამოვარდილია ჩვეულებრივი რეალობიდან და მდგომარეობიდან. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ მხოლოდ შეხვედრებზე იყო აგრესია, რის გამოც უმცირესობამ კომისია დავტოვეთ. მე ვსაუბრობ გამონათქვამებზეც. მე და თქვენ ალბათ გვინდა ისეთი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არ ემუქრება უმცირესობას, რომ აი, ახლა გადავიყვანთ ამდენს ადამიანს, აი ახლა დაგშლით. სწორედ იმიტომ, რომ დავასრულოთ ეს პრაქტიკა და ტრადიცია, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ასე ელაპარაკება, მოდით გავაკეთოთ ის, რაზეც გუშინდელიდან მიდის მსჯელობა და რაც სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო პრაქტიკასთან-სარეიტინგო კენჭისყრით დავადასტუროთ ჩვენი რეალური ძალა, ერთის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობამ, მეორეს მხრივ უმცირესობამ, რომელიც ვერ გატეხეს, რომლის თითოეულ წევრს აქვს პრობლემა, როდესაც საუბრობენ გადაბირებულ ადამიანზე, მას გულისხმობენ",-განაცხადა კუბლაშვილმა.