ბათუმში, გმირთა საფლავებთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" წევრებმა მეჩეთის მშენებლობის წინაღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პლაკატები გამოფინეს წარწერებით - "ძირს პანთურქულ-ნეოოსმალური იმპერიალიზმი", "ქართველ მუსლიმებს ახალი მეჩეთი არ სჭირდებათ" და სხვა.
"ეროვნული ფრონტის" თავმჯდომარე ევგენი მიქელაძემ განაცხადა, მეჩეთის მშენებლობის საკითხზე საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებას აპროტესტებს. მისივე თქმით, მსგავსი საკითხები მეზობელი ქვეყნების სახელმწიფოებთან არ უნდა თანხმდებოდეს.
"ჩამოვედით ბათუმში, რათა აღვნიშნოს ბათუმის თურქებისაგან განთავისუფლების 92-ე წლისთავი. 1921 წლის 18-20 მარტის ბრძოლების შედეგად, გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ბათუმი. ასევე, თბილისში ორგზის გავაპროტესტეთ და აქაც ვაპროტესტებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ მოლაპარაკებას თურქეთის ხელისუფლებასთან მეჩეთის მშენებლობის და თურქი მესხების შემოსახლების თაობაზე. ვთვლით, რომ მსგავსი საკითხები არ უნდა თანმხდებოდეს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან", - აღნიშნა ევგენი მიქელაძემ.
გმირთა საფლავებთან მუსლიმი რამაზ ირემაძე იმყოფებოდა, რომელიც აქციის მონაწილეებთან დისკუსიაში შევიდა. როგორც ირემაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მლოცველების სიმრავლის გამო ბათუმში ერთი მეჩეთი საკმარისი არ არის.
"მოვითხოვ საქართველოში უკანონობა არ იყოს. აჭარაში, დღესდღეობით, 200 ათასამდე მუსლიმია და ბათუმში მხოლოდ ერთი მეჩეთი საკმარისი არ არის. ამიტომ, ჩვენ გვსურს აშენდეს მეორე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის დაფინანსებული. ვხედავ, წარწერებია, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს. გთხოვთ, პარასკევს გამოდით მეჩეთის ეზოში და ნახავთ როგორ გვჭირდება მეჩეთი", - აღნიშნა რამაზ ირემაძემ.