რუსეთის კაზაკობა(VIDEO)

რუსეთის კაზაკობა(VIDEO)

ოკუპირებული კოდორის ხეობა რუსთა და კაზაკთა დაჯგუფებების სამიზნედ იქცა. ამჯერად ხეობა ყუბანელმა კაზაკებმა დაიკავეს და იქ სასროლი პოლიგონი მოაწყვეს. 2011 წელი, სექტემბერი. კოდორის ხეობა. 2011 წელი. სექტემბერი, საქართველო, კოდორის ხეობა.

კაზაკები დღევანდელი რუსული შიდაპოლიტიკური ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. ისინი რუსული ნაციონალისტური პარადიგმის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენლად მოიაზრებიან,  თუმცა მათ ორიგინალურობასა თუ ოდიოზურობას შორის ზღვარის გავლება ერთობ რთული საქმე გახლავთ.

რუსი ნაციონალისტები დაჟინებით ნერგავენ აზრს, რომ თითქოს 1917 წლის რევოლუციამდე კაზაკობა უაღრესად ავტორიტეული ფენა იყო. თანამედროვე კაზაკები კი თავს ძველი კაზაკობის მემკვიდრეებაად აცხადებენ და სწორედ იმ მამაცი მეორმრების ტრადიციების აღორძინებას იჩემებენ, რომლებიც თითქოსდა რწმენითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ ერს, მართლმადიდებლობასა და იმპერატორს.

ამგვარი პრეტენზიების საფუძვლიანობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს სხვადასხვა კუთხით და მათ შორის ნაუცბათევად შექმნილი მითის ისტორიული სანდოობის თვალსაზრისითაც.

ისტორია

კაზაკთა ზუსტი წარმომავლობა უცნობია. ისტორიულ ასპარეზზე კი ისინი ოქროს ურდოს რღვევის შემდეგ ჩნდებიან. მემკვიდრეობით ინარჩუნებენ რა მონღოლური იმპერიისგან სამხედრო ორგანიზაციას, კაზაკები ორ მსხვილ დამოუკიდებელ სამხედრო-დემოკრატიულ ერთეულად ყალიბდებიან. ესენია «ზაპოროჟიეს სეჩი» და “დონსკოე ვოისკო”, შესაბამისად მდინარეების დნეპრისა და დონის ქვემოწელზე.

როგორც თავისი არსით სამხედრო წარმონაქმნები ისინი აქტიურად მონაწილეობენ რეგიონში გაჩაღებული პირველობისთვის ბრძოლაში ხან ერთ, ხან კი მეორე ან მესამე მხარეს. პარალელურად ეწევან მეზობელი ტერიტორიების კოლონიზაციას. ასე მაგალითად: მოსკოვის სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩნდება ახალი კაზაკობები: იაიკის, იგივე ურალის, თერგის და სხვ.

ეკონომიკური და სოციალური მოწყობის თავისებურებების გამო კაზაკები ვერ ახერხებენ საკუთარი სახელმწიფოს შექმნას და ვასალურ დამოკიდებულებაში ვარდებიან მეზობელ ქვეყნებთან, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებენ ფართო ავტონომიას. საბოლოო ჯამში ისინი ახალგაზრდა, მზარდი და ამბიციური რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ (კადრები და რუკა).

მითი კაზაკობის, როგორც რუსული სახელწიფოებრიობის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენის შესახებ, ადრეულ პერიოდში მაინც, არათუ საეჭვო, ღიმილის მომგვრელიც კია.

განსხვავებული სოციალური წყობის, ცხოვრების წესის, კულტურისა და, როგორც ჩანს, სარწმუნოების კაზაკების ინტეგრაცია ბატონ-ყმურ რუსეთთან უაღრესად მტკივნეული პროცესია. XIX საუკუნემდე რუსეთის იმპერიაში მომხდარ ყველა აჯანყებას და გლეხთა ომს კაზაკები ან იწყებდნენ, ან  ძირითად საბრძოლო ბირთვს შეადგენენ. რომ არაფერი ვთქვათ იმპერიული მასშტაბის ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა კაზაკთა აჯანყებები სტეფანე რაზინის, კონდრატე ბულავინისა ან ემილიანე პუგაჩოვის ხელმძღვანელობით.

დიდ ეჭვებს ბადებს კაზაკების მართლმადიდებლობაც. ლევ ტოლსტოის დაკვირვებით, თერგის კაზაკები ტიპური „ბეზპოპოვშინა“ - სტაროვერების ერთ-ერთი განხრა არიან. მისი თქმით, თერგელი კაზაკი მართლმადიდებელთან ერთი ჭურჭლიდან წყალსაც კი არ დალევდა: მათ სახლში ცალკე კათხა ჰქონდათ მართლმადიდებლისთვის წყალის მისაწოდებლად.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება, რომელიც კაზაკებს საზღვრების დამცველ ძალად წარმოადგენს. იმპერიის საზღვრები გაცილებით უფრო შორს გადიოდა, ვიდრე კაზაკთა ბინადრობის ტერიტორიები, მაგალითად კავკასიაში. ყირიმისა და უკრაინის შემომტკიცების შემდეგ, როცა ზაპაროჟიელი კაზაკები დასავლეთის საზღვართან უშუალო შეხებაში აღმოჩნდნენ, ეკატერინე დიდმა ისინი ქვეყნის სიღრმეში, შავიზღვისპირეთში გადაასახლა. ასე გაჩნდა ყუბანის კაზაკობა.

გარდატეხა კაზაკობის ისტორიაში კავკასიის ომმა შეიტანა. მეფის მთავრობამ მეამბოხე სულის კაზაკები დაუმორჩილებელ კავკასიას მიუსია და ამით ფუნქცია შესძინა მათ. კაზაკობა რუსეთის იმპერიის ცალკე წოდებად იწყებს ჩამოყალიბებას. სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ისინი გარკვეულ პრივილეგიებს იღებენ: ფლობენ ნაყოფიერი მიწის ვრცელ ნაკვეთებს, გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისგან, სარგებლობენ უფასო სამედიცინო მომსახურებითა და განათლებით, გააჩნიათ ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვ.

სოციალური გამორჩეულობის გარდა კაზაკობას საკუთარი ეთნიუკური იდენტობა აქვს და საკუთარ თავს რუსთან არ აიგივებს. (კადრ ვანიუჩი რუსს)

XX საუკუნის დასაწყისისთვის კაზაკობა იკავებს მდგომარეობას, რომელსაც შესაძლებელია თვითმპყრობელობის სოციალური საყრდენი ეწოდოს. კაზაკურ ლაშქარს, მსუბუქი კავალერიის თავისებურებებიდან გამომდინარე, მთავრობა იყენებს არა იმდენად საგარეო ომებში, რამდენადაც ქვეყნის შიგნით, როგორც შინაგან ჯარს სხვადასხვა სახის ეგზეკუციური ხასიათის ღონისძიებების გასატარებლად.

ეს 1905 წლის 9 იანვრის (პაუზა) სისხლიანი კვირის მოვლენების დოკუმენტური კადრებია. ჩანს როგორ უჭრიან გზას კაზაკური ჯარები გაქცეულ დემონსტრანტებს და უმოწყალოდ უსწორდებიან მათ. (კადრები 1905)

პარადოქსულია, მაგრამ კაზაკი, რომელიც უწინ თავისუფლების სინონიმი იყო და საკუთარი უფლებების სადარაჯოზე იდგა, ახლა თავად ახშობს სხვების მიერ თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას. 

სამოქალაქო ომის დროს კაზაკობა ზოგადად თეთრი მოძრაობის საყრდენად მოიაზრებოდა. თუმცა კაზაკთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბოლშევიკებსა თუ სხვა რევოლუციურ მოძრაობებს მიემხრო.

თვითორგანიზების პოტენციალის მქონე  გასამხედროებული სოციალური ფენა ლენინის მთავრობისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. ბოლშევიკური პარტიის ცეკას 1919 წლის 24 იანვრის დირექტივაში, რომელსაც ხელს სვერდლოვი აწერს, ვკითხულობთ:

„გატარებულ იქნას მასობრივი ტერორი მდიდარი კაზაკების წინააღმდეგ, უკლებლივ ყველას გაწყვეტით; გატარდეს დაუნდობელი მასობრივი ტერორი საერთოდ ყველა კაზაკის მიმართ, ვინც რაიმე სახის პირდაპირ ან ირიბ მონაწილეობას იღებდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლაში“.

კაზაკთა აჯანყებების ჩასახშობად გატარებული ღონისძიებებით დაიწყო პროცესი, რომელსაც განკაზაკება ეწოდა: სტანიც ებისა და ხუტორების გადაწვით, მასობრივი დახვრეტებითა და დეპორტაციებით ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მიაღწია კაზაკობის, როგორც სოციალური ფენისა და ეთნოკულტურული ფენომენის ლიკვიდაციას.

„რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ“ (26.04.1991 N1107-1) რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის 1991 წლის კანონში კაზაკობის მიმრთ გატარებული პოლიტიკა გენოციდად შეფასდა.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“

სიუჟეტის მეორე ნაწილი იხილეთ ხვალ, წინამდებარე ვებ-გვერდზე.