ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებული და სამუდამო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მამას, ნოდარ ლომინაძეს მიმართავს, მისი დამნაშავეობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნოს.
"კატეგორიულად მოვუწოდებ ბატონ ნოდარ ლომინაძეს - საჯაროდ გამოაქვეყნოს ერთი ტყუილი მაინც, რაც ჩემგან სმენია; საჯაროდ გამოაქვეყნოს ერთი მტკიცებულება მაინც, რაც ჩემს დამნაშავეობაზე მეტყველებს; საჯაროდ გამოაქვეყნოს, რატომ სჯერა, რომ მე მისი შვილის მკვლელობის შემკვეთი ვარ. რა იყო ისეთი ფაქტი, მტკიცებულება ან მოვლენა, ან ერთი წინადადება მაინც საქმიდან, რის გამოც მან ირწმუნა ჩემი დამნაშავეობა. თუ ბატონი ნოდარი ჩემს მოწოდებას არ უპასუხებს ან გვერდს აუვლის, მაშინ მისი პოზიცია იქნება ეიფორიული და არაადეკვატური (როგორც თავად განაცხადა სასამართლოზე). უახლოეს დღეებში ჩემს მიერ საქმის მასალების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოება ნათლად დაინახავს სრულ სიმართლეს", - ნათქვამია გიორგი გვიჩიანის მიმართვაში.
პირველი ღია წერილი გიორგი გვიჩიანმა 19 მარტს გამოაქვეყნა. წერილში გვიჩიანი ნოდარ ლომინაძეს იმ მტკიცებულებების გამოქვეყნებას სთხოვდა, რომელიც მის დამნაშავეობაზე მეტყველებდა. საპასუხოდ ნოდარ ლომინაძემ, როგორც გვიჩიანი წერის, განაცხადა, რომ "გვიჩიანის მხრიდან ტყუილის მეტი არაფერი სმენია".
ამასთან, გიორგი გვიჩიანის ადვოკატებმა ახალი გარემოებების გამო საქმის გადახედვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართეს.