"თავისუფლების მხარდაჭერის" ცენტრმა და ბაჩო ახალაიას ახლობლებმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის გლდანის #8 დაწესებულებიდან სხვა ციხეში გადაყვანის მოთხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქცია გამართეს.
აღნიშნული მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციამ და ბაჩო ახალაიას ახლობლებმა სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებითაც მიმართეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 14-დან 18 მარტის ჩათვლით სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში განუწყვეტლივ ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა პატიმრობაში მყოფი შემდეგი პირების მიმართ: ბაჩო ახლააიზე გაგა მკურნალიძეზე, ვიქტორ ყაჭეიშვილზე, ოლეგ ფაცაციაზე, ლევან ფურცხვანიძეზე, გურამ ცომაიაზე, დავით ხუჭუაზე და სხვებზე.
განცხადების მიხედვით, აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებული სხვა პატიმრები პერმანენტულად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის მუქარას ყოფილი თანამშრომლების მიმართ. განცხადების თანახმად, ასეთი რამ პენიტენციალურ სისტემაში ხდება ადმინისტრაციის ორგანიზებით, ან ქურდული სამყაროს დავალებით.
"არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ სხვადასხვა სახის დამნაშავეები და ყოფილი სამართალდამცველები ერთ სასსჯელაღსრულების დაწესებულებაში იყვნენ განთავსებულნი. მოვითხოვთ, გადაიყვანონ ყველა ყოფილი სამართალდამცავი ცალკე განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ სასჯელაღსრულების სამინისტროში შეიტანა.