"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდების უფლება მისცენ.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გლეხებს უნდა მიეცეთ საშუალება ბარათით განსაზღვრული 400 ლარი საკუთარი სურვილისამებრ განკარგონ.
"სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით არსებობს ორეტაპიანი პროცედურა: ბარათის პირველი ნაწილით მოქალაქე ვალდებულია ჯერ მოხსნას, შემდეგ კი მიიღოს სასუქი ან ტექნიკა. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის და ვერ იყენებს ბარათს ეფექტურად. ეჭვი მაქვს, რომ ქართველი გლეხების უმეტესობა ბიუჯეტიდან გამოყოფილ 400 ლარიან დახმარებას ვერც მიიღებს, ამიტომ მაქვს მთავრობასთან წინადადება, იმის გამო, რომ მან დროზე ვერ მოასწო ბარათების დარიგება და ამის გამო, რომ ბევრ სოფელში გლეხს უკვე დამუშავებული ჰქონდა საკუთარი ნაკვეთები, მიეცეს გლეხებს საშუალება გაანაღდონ ისინი ბანკებში და თვითონ გადაწყვიტონ, რაში გამოიყენონ ეს ფული – მოხვნაში, თესლის, ჩითილების შეძენაში, მოსავლის აღებასა თუ სხვა რამეში. კარგი იქნება მოქალაქეებმა არ დაკარგონ ეს შემოსვალი", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე მტკიცებით, საქართველოში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელმაც აღნიშნული ბარათის გამოყენების წესი "ბოლომდე იცის".