საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში ვიზიტს მოუხშირა. მიხეილ სააკაშვილისთვის საყვარელ ადგილად კი კვლავ, ანაკლია რჩება. საქართველოს პრეზიდენტისთვის 5 ნოემბრის დილაც ანაკლიიდან დაიწყო. ადგილობრივების ინფრომაციით, სააკაშვილმა ჯერ სანაპიროსთან ისეირნა ველოსიპედით, შემდეგ ზღვაში „სკუტერით“ გადაეშვა...
ადგილობრივების ინფორმაციით, ანაკლიის ახალ სასტუმროში დაბინავებული სააკაშვილის ვიზიტების ხანგრძლივობას მისი პირადი ვერტმფრენის აფრენ-დაშვებით იგებენ. ბოლო დღეებში ეს პროცესი ოცჯერ მაინც განმეორდა.
ანაკლიელები იმასაც ამბობენ, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე მთავრობის სხვა წევრებიც ხშირად ჩნდებიან და საგანგებო თათბირებიც მიმდინარეობს.
5 ნოემბერს, დილის 8 საათისთვის სააკაშვილი უკვე ზუგდიდის დადიანისეულ სასახლეს ეწვია. პრეზიდენტის გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებმა გვიან შეიტყვეს და დადიანების ბაღთან მაშინ აღმოჩნდნენ, როცა გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ძალოვანები უკვე ტოვებდნენ...
პრეზიდენტი „უკვალოდ“ გაქრა, თუმცა ჟურნალისტებმა მის კვალს „ოპერატიულად“ მიაგნეს. მას შემდეგ რაც საპატრულო „წყვილებმა“ ქალაქის ყველა ცენტრალური გზა გადაკეტეს, აშკარა გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რესტორან „დიარონს“ სტუმრობდა. „თბილისიდან უფროსობაა ჩამოსული... მიშაა რესტორანში...მანქანა გადააყენეთ!“- ასე ახსნეს ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა საავტომობილო გზაზე გადაადგლების შეზღუდვის მიზეზი.