საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის საწინააღმდეგოდ ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ ბათუმში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა და საზოგადოებამ უნდა გაიგონ, რომ ბათუმელებმა "ქართულ ოცნებას" დაუჭირეს მხარი და არა - მურმან დუმბაძეს.
ღოღობერიძის განმარტებით, ხელმოწერების შეგროვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აჭარაში ნეპოტიზმის ფაქტები გახშირდა.
"პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და საზოგადოებას გვინდა გავაგებინოთ, რომ ბათუმელებმა მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებას" და არა - მურმან დუმბაძეს. სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება პარლამენტარის გამოწვევის მოთხოვნა, მაგრამ ბათუმში ნეპოტიზმის სამარცხვინო ფაქტები ხდება და მის წინააღმდეგ ხელომწერების შეგროვებას ვიწყებთ. დუმბაძემ ვარშალომიძის კლანი ჩაანაცვლა. დუმბაძე და ძმანნი მისნი დაკავებულნი არიან იმით, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს გამგეობიდან და ვინ დაინიშნოს. მურმან დუმბაძე ცდილობს, ბათუმის მერად ზურაბ პატარაია დაინიშნოს. ბათუმელები მოვითხოვთ, მერობის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა იყოს წარმოდგენლი და შემდგომ მოხდეს შერჩევა", - აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.
ხელმოწერების შეგროვებაში ახალგაზრდული ორგანიზაცია "SOS" მონაწილეობს.