სოსო თოფურიძეს მოადგილე დაიჭირეს

სოსო თოფურიძეს მოადგილე დაიჭირეს


დაიწყო დაპატიმრებების ახალი ეტაპი, რომელსაც ხელისუფლება რატომღაც არ ახმაურებს და ჩვეული მეთოდით არ აპიარებს. ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე, რომელიც ახლახანს მოხდა, არც შსს-ს და არც პროკურატურის საიტებზე ინფორმაცია არ დევს, რაც კანონის დარღვევას ნიშნავს. ანუ, სამართალდამცავი ორგანო, როცა ამა თუ იმ დანაშაულზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, მითუმეტეს, როცა საქმე სამოხელეო დანაშაულს ეხება, გამოდის დანაშაულის დაფარვასთან გვაქვს საქმე. კანონი კი დანაშაულის ჩამდენსაც და დანაშაულის დამფარავსაც, მართალია სხვადასხვა სასჯელით, მაგრამ სჯის.

დაახლოებით ორი კვირის წინ ხობში დააკავეს გამგებელი იგორ ტყებუჩავა. კულუარული ინფორმაციით ტყებუჩავას დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ტყებუჩავას კაბინეტში, სეიფში შენახული 5 ათასი დოლარი უპოვეს. ფული დანომრილი იყო. გამგებელი ადგილობრივმა კუდ-მა დააკავა და ინფორმაციის წყაროს თქმით, ამ სპეცოპერაციას ხობის კუდ-ის უფროსი ჭაკუა ხელმძღვანელობდა. 
პრესაგე.ტვ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ძმებ ჭაკუებს ახალაიებმა დაავალეს ახალი არაფორმალური ე.წ. “რობოკოპების” დაჯგუფების ჩამოყალიბება, რასაც ისინი დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ტყებუჩავას დაკავების რეალური მიზეზი ქრთამის აღება არაა. როგორც ამბობენ იგი ჭაკუასთან დაპირისპირების გამო იქნა დაკავებული. განხეთქილების მიზეზი ამ ორ ნაციონალ-შემსრულებელს შორის სამწუხაროდ ვერ დავადგინეთ, თუმცა თავად ფაქტი, რომ სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი რაიონის გამგებელი დღეს როლანდ ახალაიას ზუგდიდის ციხეში ყავს გამოკეტილი, უტყუარია. 

ვინ არის იგორ ტყებუჩავა? იგი შევარდნაძის ეპოქის ნომეკლატურაა და თავის დროზე ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში ნაციონალების აქტიური მხარდამჭერი იყო, რის გამოც მდგომარეობა შეუნარჩუნეს. ტყებუჩავა ფიქსირდებოდა ყველგან, სადაც ნაციონალიზმს, ერთგული ძალა ჭირდებოდა. მაშ რა მოხდა ახლა? რატომ გაწირეს იგი? ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება. თუმცა, ჩვენთვის მოწოდებული ერთ-ერთი ინფორმაციით, ჭაკუამ ტყებუჩავას ახლადშექმნილი ბრიგადების გამგეობის რიგებში დაქვემდებარება შესთავაზა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. ანუ, ეს “კიბორგები” გამგეობის თანამშრომლების “სპეცოვკებით” შეიმოსებოდნენ და მათი ქმედებებიც “გაპრავდებოდა”. წყარო გვეუბნება რომ სწორედ ამ სიტყვებით ელაპარაკებოდა ჭაკუა ტყებუჩავას. პასუხი კი ასეთი ყოფილა: შტატები არაა და ფინანსები მითუმეტესო. 

პრესაგე.ტვ-მ მეორე და სკანდალური ინფორმაციაც მოიპოვა. საქმე ეხება კუდ-ის სახეს სოსო თოფურიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაუკავეს თანაშემწე. ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია და არც შსს-ს ოფიციალურ საიტზე დევს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით სოსო თოფურიძის თანაშემწე (წყარო გვარს ვერ გვისახელებს) დააკავეს ადვოკატ მიქიაშვილთან ერთად და ბრალად თაღლითობა წაუყენეს. ადვოკატის დაკავების ფაქტს პრესაგე.ტვ-ს არა ერთი იურისტი უდასტურებს. მიქიაშვილის კოლეგები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ეს იყო ჯგუფური თაღლითობის ფაქტი და თოფურიძის თანაშემწე ადვოკატთან ერთად შემდეგი სქემით მოქმედებდა: 

“ისინი დაკავებულის ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ ადვოკატ მიქიაშვილის დახმარებით საპროცესოებს გაუკეთებდნენ, რისთვისაც საჭირო იყო თანხა. საპროცესოს მიღწევა დღეს “დიდი სიამოვნებაა” და დაკავებულის ოჯახს სხვა გზა არ ქონდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და თაღლითურ გამოძალვაში თოფურიძის თანაშემწეს დაადო ხელი. როგორც ამბობენ სწორედ ეს გახდა ადვოკატის და ჩინოსნის დაკავების მიზეზი.”

ასეთ ვითარებაში, სხვა დროს დააკავებდნენ არა მხოლოდ თანაშემწეს არამედ მის უფროსსაც, რადგან იგი მარტო ვერანაირად ვერ შეძლებდა საქმეების მოგვარებას. მაგრამ სოსო თოფურიძე არ შედის იმ ჩინოსნების რიგში, ვისაც ასე ადვილად გაიმეტებენ. სხვა რომ არაფერი თოფურიძე იმ დროს დანიშნეს კუდ-ში მაღალ თანამდებობაზე, როცა მისი შვილი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და თავად მკვლეობაში გასამართლებულის მამა იქეთ აკავებდა ადამიანებს და უყენებდა ბრალს. ბრალდაუმტკიცებელ ადამიანებს მოსამართლედაც ევლინებოდა და სასჯელსაც კი უსჯიდა, რასაც ტელევიზიები დიდი ამბით პირდაპირ ეთერში აპიარებდნენ. თოფურიძე ჯერ კიდევ საჭიროა და მას ხელს არავინ ახლებს. გასახსენებლად ერთი მაგალითიც კმარა, სხვა რომ არაფერი ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა თოფურიძე მსგავს სკანდალში ეხვევა. 

საერთაშორისო ნარკოტრანზიტის გახმაურებულ პროცესში გაირკვა რომ თოფურიძის სახელით ბიზნესმენ ბოჭორიშვილს (რომელსაც დაუსწრებლად სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, საბერძნეთის მოქალაქეა) დაურეკა მისმა ახლობელმა და თოფურიძის სახელით მილიონი ქეშად მოთხოვა. ბოჭორიშვილის ეს ახლობელი თოფურიძესთან მუშაობს და მაშინ ჟურნალისტებმა შეძლეს ამ პიროვნების ფარულად ჩაწერა. ჩანაწერმა დაადასტურა, რომ ეს კაცი თავის ახლობელს მართლა თოფურიძის სახელით და დავალებით ურეკავდა. 
ამის მიუხედავად, არც თოფურიძისთვის და არც მისი თანამშრომლისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და დღეს ყველანი თავის ადგილზე მუშაობენ.