საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, გამოძიება დაადგენს, უსმენდნენ თუ არა სამხედრო უწყების თანამშრომლები ირაკლი ოქრუაშვილს. ამის შესახებ ალასანიამ პარლამენტში, დეპუტატებთან შეხვედრამდე განაცხადა.
"ამ საკითხს გამოძიება შეისწავლის და პროკურატურა დაადგენს. წინა ხელისუფლების პირობებში კი, პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ეს საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 15 მარტს "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.
"კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - განაცხადა ოქრუაშვილმა 15 მარტს.