უნდა შეიქმნას მობილური, სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების პროფესიული, შეიარაღებული ძალები. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განაცხადა, როდესაც უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამსახურის 12 თვემდე შემცირებას გულისხმობს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, 2016 წლის ბოლოდან, 2017 წლიდან იგეგმა შეირაღებული ძალების სრულად გადაყვანა საკონტრაქტო სისტემაზე.
"სახმელეთო ჯარების სარდლობის ნაცვლად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული სარდლობები ჩამოყალიბდება. ეს განაპირობა ჩვენმა გამოცდილებამ, რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ომის შემდეგ",-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის და კონტრმობილურობის გაძლიერებას შეირაღებულ ძალებში, ეფექტიანი რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბებას.
"ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ იქნება სამი ტიპის რეზერვი: იქნება საბრძოლო, ოპერატიული რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო რეზერვი. ასევე მთავარი საკითხი არის გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალური გამჭვირვალეობით უზრუნველვყოთ მთელი სისტემა. მათ შორის შესყიდვების, ფინანსების, რესურსების გადანაწლების მართვის სფეროში",-განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, მისი თქმით, შეიქმნა სატენდერო კომისია და მნიშვნელოვნად გაიზარდა ღია ტენდერების რაოდენობა. მინისტრის თქმით, მარტო 2013 წელს გამოცხადდა 55 ტენდერი, აქედან 26 უკვე ჩატარებული, 17-ზე კი პროცედურებია დასასრულებელი.