პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილების სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს, უმცირესობის წევრებს კი მოუწოდებს, "ყოველგვარი სპექტაკლების" გარეშე პროცესში თანამონაწილეობას დათანხმდნენ.
როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ცვლილებების მიღებამდე სარეიტინგო კენჭისყრის დანიშვნის ლოგიკური საჭიროება არ არსებობს, ამის მიზეზი კი არის ის, რომ პარლამენტი არა პროექტის ორ განსხვავებულ ვარიანტს, არამედ ერთ დოკუმენტს განიხილავს.
"მთავაზობენ იმ გაურკვეველი და ჩახლართული სპექტაკლის რეჟისორობას, რომლის ავტორებიც თვითონ არიან. არ მგონია უმცირესობის ერთიანობის შენარჩუნება ამ პროცესზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ თუ უმცირესობა გატეხვადია, მას ვერანაირი სარეიტინგო კენჭისყრა ვერ გადაარჩენს . ჩვენი და ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოცანა არა ვინმეს გატეხვა, არამედ კონსტიტუციის გამართვა და პარლამენტის ფეხზე დადგომაა. ეს არის ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო საკითხი, რომელსაც ყველა დეპუტატმა გულწრფელად უნდა უყაროს კენჭი. მინდა მივმართო ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, რომ უმჯობესია ამოცანების მისაღწევად სწორი მეთოდები შევარჩიოთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრებს ასევე შეახსენა, რომ მათ უმრავლესობა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, თემის გასაჯაროებამდე სთავაზობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში თანამონაწილეობას და ერთობლივი ნაბიჯის გადადგმას, თუმცა, მისი თქმით, დეკემბრიდან დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები წინააღმდეგობების გამოგონებას და შეთანხმების ჩაშლას ახერხებდნენ.
"ყველაფრის მიუხედავად დღეს კვლავ ვთავაზობთ თანამონაწილეობას პროცესში და იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელზეც თავადაც ამბობენ, რომ სწორია. საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის უფლებამოსილებას გაზრდის, ვერც ერთმა ქართველმა თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოუძებნა. ჩვენი მცდელობაა, გავამთლიანოთ ქვეყანა. გვინდა ერთად გადავდგათ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღევანდელი უმცირესობა მართლა არის კვალიფიციური ბევრ საკითხში, ამიტომ ვთავაზობთ თანამონაწილეობას. თუ უარს იტყვიან არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ მოხდება. უბრალოდ ბევრი პოლიტიკური ფიგურა გაემიჯნება ქვეყნის წინსვლას. ვურჩევ თითოეულ მათგანს ჩვენი შეთავაზება ერთობლივადაც და ინდივიდუალურადაც კარგად გაიაზრონ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.