პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს . პროექტი პირვანდელი ვარიანტისგან განხვავებულია.
კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება შემდეგი შინაარსით: - მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს.
ამასთან, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში ტოვებს ნორმებს, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ასევე, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირებაც და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.
სავარაუდოდ, უმცირესობა საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხს დღევანდელ სესიაზეც დასვამს, რაზეც გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.
პროექტის მეორე მოსმენით განხილვა 22 მარტს არის დაგეგმილი.