საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ კითხვაზე პასუხი – ახერხებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე გატანას, ელემენტარული არითმეტიკიდანაც ჩანს, სარეიტინგო გამოკითხვის აუცილებელი არ არსებობს.
"მინდა, განვმარტო ყველასთვის, თუ რა მდგომარეობაა პარლამენტში. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტში არის 147 წევრი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება სულ მცირე 100 ხმა. უმცირესობის რიგებში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხება პარლამენტის 53 წევრი, შესაბამისად შეკითხვაზე, რა შემთხვევაში იქნება მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, განვმარტავ – კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერენ "ნაციონალური მოძრაობაში" დღევანდელი მდგომარეობით რიცხული პარლამენტის წევრები. ამიტომ, საკითხზე, სარეიტინგო გამოკითხვა უნდა ჩატარდეს იმის გასარკვევად, საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხია ასეთი - ცვლილებები ვერ გავა, რადგან 147 მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები. ამას მათემატიკა გვეუბნება, შესაბამისად, სრულიად გარკვეულია ეს საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არითმატიკაზე დამყარებული პასუხი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, უმრავლესობა უმცირესობისგან ხმებს არ ითხოვს, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში თანამონაწილეობას სთავაზობს.
"რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხმა არის საჭირო – განვმარტავ, რომ უმრავლესობა არ ითხოვს მხარდაჭერას, უმრავლესობა უმცირესობას სთავაზობს თანამონაწილეობას ამ პროცესში, რათა პარლამეტმა დაიბრუნოს მისთვის კუთვნილი უფლება და ძალაუფლება. ამიტომ რამდენი ხმა არის საჭირო უმცირესობიდან – პასუხი ასეთია _ 53, იმიტომ რომ 53 ხმა სჭირდება სიმართლეს, კონსტიტუციის გასწორებას, პარლამენტისთვის ღირსების დაბრუნებას. ესაა ვითარებაა. ვითარება არის ცხადზე უცხადესი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის წევრები ხვალ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ცვლილებებს პირველი მოსმენით მიიღებენ.