პაატა ზაქარეიშვილი:  რუსეთი და საქართველო თუ ვერ შეთანხმდნენ, აფხაზეთის გავლით რკინიგზა ვერ გაიხსნება

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი და საქართველო თუ ვერ შეთანხმდნენ, აფხაზეთის გავლით რკინიგზა ვერ გაიხსნება

მთელმა მსოფლიომ რომ მოინდომოს აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, რუსეთი და საქართველო თუ ვერ შეთანხმდნენ, ეს რკინიგზა ვერ გაივლის , - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილი ამით უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, შოთა მალაშხიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა ექსპერტი აზერბაიჯანში, თურქეთში და სომხეთში საუბრობენ, რომ რეალურად არის საშიშროება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განვითარების. "ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიცემა რკინიგზაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით სამხედრო პლაცდარმი საომარი მოქმედებების დროს", - აღნიშნა მალაშხიამ.

ამის საპასუხოდ ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ უნდა მუშაობდეს ექსპერტების დონეზე. "მეც ვიყავი ექსპერტი და ვიცოდი ჩემი ადგილი. ჩვენ გვაქვს კონტაქტები როგორც სომხურ მხარესთან, ასევე აზერბაიჯანთან, თურქეთთან. კითხვები შემოდის მათგანაც და არც ერთი სახელმწიფოსგან არ ყოფილა არც ერთი შენიშვნა ამ მიმართულებით. როგორც წესი, ექსპერტები მართლაც ბევრს ჩხირკედელაობენ. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ მოსაზრება",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახნის საკითხი "იდეის ზემოთ არ წასულა".

"მთავარი მხარე, რომლის გარეშეც რკინიგზა ვერ გაივლის, ეს არის რუსეთი. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს რკინიგზა. ამით დავიწყე მე, როდესაც ნოემბერში გავაჟღერე, რომ ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს ეს, როდესაც ჩამონათვალი მქონდა", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.

რაც შეეხება მალაშხიას განცხადებას, რომ რკინიგზის გახსნით შესაძლოა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებთან სიტუაციები გართულდეს, ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ მალაშხიამ ახსენა ორი სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა მას მიაჩნია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის აზერბაიჯანი. "სომხეთიც ჩვენი პარტნიორია, მნიშვნელოვანი მეზობელი, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს უსაფრთხოების კონცეფციაშიც წერია და ყველგან. ამაში უცნაური არაფერი არაა. შესაბამისად, საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლითაც შესაძლოა ჩრდილი მიადგეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. მაგრამ, ერთგანზომილებიანი და მრავალგანზომილებიანი აზროვნება არსებობს. შეიძლება დააბალანსო სიტუაცია ისე, რომ აზერბაიჯანის ინტერესებიც იყოს დაცული, სომხეთისაც, საქართველოსიც და რუსეთისაც. პირველ ოქტომბერს ხალხმა სწორედ თქვენს ერთგანზომილებიან აზროვნებას უთხრა უარი",-მიმართა მალაშხიას ზაქარეიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა აპირებს დააბალანსოს პოლიტიკა და არ იყოს რომელიმე სახელმწიფოს მძევალი, "რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს სახელმწიფო ჩვენთვის".