საპარლამენტო უმცირესობიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემენ თანამდებობის პირები, მათ შორის - უმცირესობის ლიდერიც, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით საყვარელიძემ ”ინტერპრესნიუსის” კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, უმცირესობის მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტი იქნება.
"მხარდამჭერი დეპუტატები იქნებიან ჩვენი ფრაქციის თანამდებობის პირები. ეს იქნება სიმბოლური ჟესტი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მოხალისეობასა და ხელის აწევაზე. ჩვენი თანამდებობის პირები არიან უმცირესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერი და სხვები, ვინც შვიდი ხმისთვის იქნება საკმარისი", - აღნიშნა საყვარელიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე უმცირესობა მოითხოვს, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება საკონსტიტუციო კვორუმისთვის.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სარეიტინგო კენჭისყრის საფუძველზე "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას მისცემს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენიც დააკლდებათ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობისთვის მიუღებელია ის ტონი, რომელსაც უმრავლესობა მათთან ურთიერთობაში იყენებს, რომ "ჩვენი ხმები არაფერი სჭირდებათ". "ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი. მაგრამ იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს სპეკულირების საშუალება, რომ გაგვტეხეს, მოვითხოვთ სარეიტინგო კენჭისყრას, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება უმრავლესობას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.