საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ჩვენ რომ სრულიად მახინჯი კონსტიტუცია გვაქვს, ყველა მხრიდან ნათელია".
ამის შესახებ ზურაბიშვილმა "მეცხრე არხზე" ეკა ბერიძის გადაცემა "მთავარ კითხვაში" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ რომ სრულიად მახინჯი კონსტიტუცია გვაქვს, ყველა მხრიდან ნათელია. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ოდითგანვე მოდის და უნდა "ვუმადლოდეთ" შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც, არ ვიცი, ვინ უფრო დაამახინჯა საქართველოს კონსტიტუცია, როცა გვქონდა სხვათა შორის არც ისე ცუდი კონსტიტუცია. ვგულისხმობ, 1920 წლის კონსტიტუციას, რომლის გამოკეთება შეიძლებოდა. დღეს კი, როცა საუბარია, დემოკრატიულობაზე, ევროპულობაზე და ბევრ სხვა საკითხზე, ამ დროს ეს არის უმახინჯესი პუნქტი კონსტიტუციის. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა სამჯერ დაითხოვნოს მთავრობა და მერე თვითონ დანიშნოს ახალი მთავრობა ისე, რომ პარლამენტის მხრიდან დამტკიცება არ სჭირდებოდეს. ამაზე უფრო არადემოკრატიულის მოფიქრება ვინმეს გაუჭირდება. ამიტომ ძალიან ნათელია, რა არის ევროპის მოთხოვნა და რა არის პირველ რიგში ქართული საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენ თუ ახალ დემოკრატიულ რეჟიმში გადავედით, პირველ რიგში, ესეც უნდა გამოსწორდეს და დარწმუნებული ვარ, გამოსწორდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.