უმცირესობას თუ პასუხისმგებლობა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ყოველგვარი სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე მხარს დაუჭერს , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა უმცირესობის ინიციატივაზე. იგი აცხადებს, რომ ამ პროცესს გარედან აკვირდება და გაოცებულია უმცირესობის ფანტაზიებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, შესაძლებელია, ამ ინიციატივაზე უმრავლესობის პასუხი იყოს დადებითი, თუმცა ეს მისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის.
"უმცირესობა თუ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაა, აუცილებლად მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ყოველგვარი რეიტინგული კენჭისყრის გარეშე. ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ კეთდება ვინმესთვის, ეს კეთდება ქვეყნისთვის იმის გამო, რომ ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მოხდეს სახელმწიფო დესტაბილიზაცია. თუ ეს ოპოზიციას არ ესმის, მაშინ უმცირესობის ფანტაზიებს ფართოდ შეიძლება გაეხსნას კარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქარძემ გუშინ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ასეთი კენჭისყრის აუცილებლობა არ არსებობს.