პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, სარეიტინგო კენჭისყრის თაობაზე საკითხი დააყენოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან უფლება და არა - ვალდებულება. იმერლიშვილის თქმით, თუ სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მხარს არ დაუჭერს.
"ოთხი თვე გავიდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარეობს საუბარი. "ნაციონალურ მოძრაობას" თუ სურს, მხარი დაუჭიროს, დაუჭიროს, თუ არ სურს მხარის დაჭერა, არ დაუჭიროს, ოღონდ ეს უნდა აუხსნას საზოგადოებას", - განაცხადა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ კარგად გამოჩნდა, რომ ერთი კაცი მართავს მთელ "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ეს გადაწყვეტილება ოპიზიციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქარძემ გუშინ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.