„სააკაშვილი მარცხს შეურიგდა“

„სააკაშვილი მარცხს შეურიგდა“

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ალბათ ასე იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი მორიგ პრესკონფერენციას არ გამართვს, ან ხელისუფლების დაბნეული და არაადექვატური მოქმედებებიდან გამომდინარე, სხვა ფორმით არ წარსდგება საზოგადოების წინაშე. პრესაგე.ტვ ესაუბრა პოლიტოლოგ ვაჟა შუბითიძეს, რომლიც ამბობს, რომ სააკაშვილი მარცხს უკვე შეურიგდა.

- პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლამ ხელისუფლებაზე შედეგი გამოიღო და საზოგადოებრივი მაუწყებელი (რომლის ხელმძღვანელობაც ხვდება, რომ ივანიშვილი მართლაც შეძლებს მოვიდეს ხელისუფლებაში) იძულებული იყო 90–წუთიანი პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გაეშვა. ანალოგიურ ზეწოლის გაგრძელება ასევე აიძულებს ხელისუფლებას, დაუბრუნონ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა და მის წინააღმდეგ ომი შეასუსტონ. რაც შეეხება პრესკონფერენციას, თუ სუსტ ორგანიზაციას არ ჩავთვლით და ჟურნალისტთა ნაწილის დაბალ პოლიტიკურ კულტურას და პროფესიონალიზმს, მან ნორმალურად ჩაიარა. ივანიშვილის პასუხები, მისი ქცევა, პირდაპირობა, საოცარი გულწრფელობა და ზომიერება, დიპლომატიურობა და ეტიკეტი მთლიანად ჯდება მაღალ დასავლურ სტანდარტებშიც და საუკეთესო ქართულ ტრადიციებშიც. ეს იყო ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული ქართველი კაცის გასაუბრება თავის ხალხთან.

როგორ შეფასებდით მის პასუხებ .. ჩამჭრელ კითხვებზე და რუსულ თემატიკაზე?

- ცამდე მართალი კაცი მარტინ ლუთერი მთელ იმპერიას დაუპირისპირდა და გაიმარჯვა სწორედ სიმართლის წყალობით. ვიქტორ ჰიუგო ამბობდა, რომ მთელი არმიების შემოსევა შეიძლება შეაჩერო, მაგრამ არა ის იდეები, რომელთა დრო უკვე დადგა. ივანიშვილის იდეებიც დრომ მოიტანა და იგი აუცილებლად განხორციელდება – მას წინ ვერავინ დაუდგება მიუხედავად იმისა, რომ გლობალისტურ ძალებს დასავლეთშიც და რუსეთშიც არ აწყობთ ივანიშვილისნაირი პატრიოტების მოსვლა ხელისუფლებაში და მას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გაუმართავენ.

რაც შეეხება  რუსეთთან ურთიერთობაზე მის მიერ გაცემულ პოზიტიურ პასუხებს, ერთი რამ ცხადზე უცხადესია - 20 წელია ჯონ შალიკაშვილიდან და ბუშიდან დაწყებული და სარკოზით დამთავრებული ყველა პოლიტიკოსი და ექსპერტი დაბეჯითებით გვირჩევს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. ჯერ კიდევ ნოე ჟორდანია ამბობდა, რომ რუსეთს არ აქვს არც ერთი ნამდვილი ინტერესი, რომლის შეთავსება არ შეიძლებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობასთან (და ტერიტორიულ მთლიანობასთან ვ.შ.) რუსეთი არ დაუშვებს ჩრდილო კავკასიის აფეთქებას საქართველოს მეშვეობით და აშშ-ს მობჯენას პირდაპირ რუსულ საზღვრებთან.

მთელი მსოფლიო ისწრაფვის რუსეთთან ვაჭრობისა და მისგან სარგებლის მიღებისკენ, ჩვენ კი აღარც ველაპარაკებით რუსეთს, ვაჭრობაზე და სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სომხებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ 1990-იანი წლებიდან ჩვენ გაგვფუჭებოდა ურთიერთობა რუსეთთან მტრობის დონემდეც კი, დაგვაკარგინეს რუსული რეალური ბაზარი, თვითონ კი აღრმავებენ ურთიერთობას რუსეთთან და ჩვენს მთავრობას ლარსის საბაჟოც კი გაახსნევინეს ამისთვის. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით ჩაიშალა საქართველოს იზოლაციის სომხური გეგმა. ამის მერე ჩვენ დასავლეთსაც უფრო მივუახლოვდებით და რუსეთთანაც უფრო სწრაფად (თუმცა  – რთულად) დავალაგებთ ურთიერთობას, ყველას თავის ადგილს მივუჩენთ. ამისკენ იქნება მიმართული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მომავალი ვიზიტი მოსკოვში.

განსაკუთრებით რომელი ფრაზა გამოყოფდით ივანიშვილის პასუხებიდან?

- ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ ივანიშვილი შეპირდა ყველა კარიერისტს და ფულის კეთებაზე მეოცნებე შარლატანს, რომ რაც უნდა ახლობელი იყოს იგი – მისი პარტიიდან თუ რესპუბლიკელებ-ალასანიას ორგანიზაციებიდან, არავის არ დაინდობს, თუ იგი ქართულ ინტერესებს და ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირდება; მოსაწონია ისიც, რომ მას თავის თავი იდეალურ პიროვნებად არ წარმოუდგენია და ყველას პირში ეუბნება სათქმელს და არა ზურგს უკან. ეს არის მაღალი კულტურის გამოვლინება და ჩვენც ამასვე გვავალდებულებს – თუ რამე არ მოგვეწონება ივანიშვილის ნაფიქრალ-ნამოქმედარში, პირში ვუთხრათ და ზურგს უკან ნუ დავიწყებთ ქირქილს და მასზე ცრუ ჭორების გავრცელებას. ეს დადებითად წაადგება მასაც და ქართულ სახელმწიფოსაც.

როგორ ფიქრობთ რას მოიმოქმედებს სააკაშვილი, შეურიგდება მოსალოდნელ მარცხს?

- ეს ძალიან ძნელად, მაგრამ მაინც მოხდება, მას ეს აგრძნობინა ევროკავშირმა. შემთხვევითი არაა რომ სწორედ 26 მაისის მერე შეიძინა მან ვენახი კახეთში და შინაგანად, ალბათ, წასვლის განწყობას იქმნის. ივანიშვილმა მას და მის ოჯახს (და არა მისი გარემოცვის ყველა წევრს) გარანტიები უნდა მისცეს და ამით წასვლა გაუადვილოს.