"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს . როგორც საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქარძემ გუშინ განაცხადა, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობისთვის მიუღებელია ის ტონი, რომელსაც უმრავლესობა მათთან ურთიერთობაში იყენებს, რომ "ჩვენი ხმები არაფერი სჭირდებათ". "ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გამოვაცალოთ მთავრობას ხელიდან თავის გასამართლებელი მექანიზმი. მაგრამ იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს სპეკულირების საშუალება, რომ გაგვტეხეს, მოვითხოვთ სარეიტინგო კენჭისყრას, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება უმრავლესობას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის და მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრძის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრას იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა დგინდება, აქვს თუ არა საკითხს ხმების საკმარისი რაოდენობა.
"არანაირი პროცედურული წინააღმდეგობა სარეიტინგო კენჭისყრისთვის არ არსებობს. სარეიტინგო კენჭისყრა კენჭისყრის რეპეტიციაა, როდესაც საკითხს ეყრება კენჭი. სარეიტინგო კენჭისყრას არ აქვს იურიდიულად სავალდებული ძალა. ის გამოიყენება პოლიტიკური მდგომარეობისთვის, თუ რამდენი ადამიანი უჭერს ამ საკითხს მხარს. ჩვენი საპარლამენტო რეგლამენტისა და ტრადიციის მიხედვით, როდესაც არის კითხვის ნიშანი, გადის თუ ვერ გადის გადაწყვეტილება, აქვს თუ არა მას საკმარისი მხარდაჭერა, ასეთ დროს ტარდება ხოლმე სარეიტინგო კენჭისყრა, რომელიც არ არის სავალდებულო იურიდიულად, მაგრამ გამოავლენს აქვს თუ არა მას მხარდაჭერა. სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, გამოჩნდეს ძალთა გადანაწილება და დავარქვათ თეთრს თეთრი და შავს შავი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, გუშინ, დავით ბაქრაძის განცხადებამდე, წყალტუბოში საქართველოს პრეზიდენტსა და უმცირესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართა.
რაც შეეხება ცვლილებებს, კონსტიტუციაში მკაფიოდ იწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს.
ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კორექტირება უკვე მოხდა. ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება შემდეგი შინაარსით: მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს. როგორც ცნობილია, ამ მხრივ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში ტოვებს ნორმებს, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ამასთან, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირება და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.