საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის გადაწყვეტილება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აბსოლუტური ერთიანობით მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის გუშინდელი სხდომა პარტიული დემოკრატიის თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად ღია. "ჩვენ მზად ვიყავით, რომ ბოლოს კენჭისყრაც კი ჩაგვეტარებინა, მაგრამ არც კენჭისყრა და არც სხვა პროცედურა საჭირო არ გახდა, რადგან იყო სრული კონსენსუსი უმცირესობის ყველა წევრს შორის. ჩვენ არ გვინდა ვინმე "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებდეს, რომ ჩვენ არ ვაძლევთ მუშაობის საშუალებას და თქვას, თითქოს ჩვენ გვინდა ქვეყანაში არეულობა. ეს ჩვენ არ გვინდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას, მხარს ვუჭერთ, რომ მთავრობამ მშვიდად იმუშაოს და მხარს ვუჭერთ იმას, რომ მთავრობამ მშვიდად გააკეთოს თავისი საქმე და ხალხმა იცხოვროს კარგად. მაგრამ, ამავე დროს არ დავუშვებთ, რომ ჩვენზე ვინმემ აგდებით ილაპარაკოს, რომ გატეხეს "ნაციონალური მოძრაობა", რომ ჩვენი ხმები არაფერს ნიშნავს და ვითომ ეს ყველაფერი ჩვენს გარეშე ავტომატურად ხდება. ავტომატურად ეს ვერ მოხდება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ახლო მომავალში "ნაციონალური მოძრაობა" დაუბრუნდება იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნია. "ხვალ არ დავაყენებთ ამ საკითხს, რათა არ მივცეთ უმრავლესობას იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ ახალი საკითხების დაყენებით ამ საკითხზე უარის თქმას ვცდილობთ. ხვალ არა, მაგრამ ახლო მომავალში დავუბრუნდებით ყველა იმ საკითხს, რომელიც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია უნდა იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს არ შესვლა დსთ-ში იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ნორმალური კოჰაბიტაცია მიმდინარეობდეს ქვეყანაში და ამას ახალი კონსტიტუცია ხელს უწყობს", - აღნიშნა გუშინ უმცირესობის ლიდერმა.
საპარლამენტო უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა, მანამდე უმცირესობა მოითხოვს ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სარეიტინგო კენჭისყრის საფუძველზე "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას მისცემს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც დააკლდება.